ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
პირველ რიგში, საქართველო ბუნებრივად არის კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვართ, მეორე მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია, რაც პროცესების აქსელერაციას ახდენს,- ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, დღეს უკვე ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა დღეს პრაქტიკაში ვხედავთ და ამას ხედავს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო, რომ თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი და მარშრუტი იყო, დღეს უკვე ყალიბდება ლოგისტიკური ჰაბი. ამ პროცესზე, ბუნებრივია, გლობალური გეოპოლიტიკაც ახდენს გავლენას, ვინაიდან დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა უკვე აღარ არის სანდო. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ცალსახად და მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მძიმე სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ამავდროულად, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთის დერეფანსაც და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო ჯერ არ უჩანს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ, საქართველოს სჭირდება ახალი პორტები, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა, თანამედროვე საბაჟო და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები.
„პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კერძოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა. გვჭირდება ახალი პორტები, ახალი საბაჟოები და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ. რეალობამ, სამწუხაროდ, ისეთი სურათი მოიტანა, რომელსაც ვეღარ შევცვლით, ამიტომ ამ მოცემულობას უნდა ავყვეთ - კარგია თუ ცუდი, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩვენი განვითარების გზა უნდა ვიპოვოთ.
ამ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფნით ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე ეს ევრაზიის კონტინენტზე ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ პოლიტიკური იდეა იყო, დღეს შუა დერეფანი უკვე რეალობაა და ამ რეალობამ ცალსახად გვაჩვენა, რომ ეს პროცესი დროებითი არ არის“, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
25.05.2026.10:46
25 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში.
შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება.
საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.