"ნიმბი" - ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი შესაძლებლობების წარმოჩენას
„ნიმბი“, ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ახალი ეტაპია - ბრენდი, რომელიც 8 000-წლიან გამოცდილებას თანამედროვე აკადემიურ ცოდნასთან აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ვატო ოთხმეზურს ესაუბრა.
-როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"ნიმბი" ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ახალი ეტაპია, რომელიც ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდა. მისი იდეა დაფუძნებულია ერთ მნიშვნელოვან დაკვირვებაზე: ტრადიციული მეთოდით შექმნილი ღვინო, ხშირად, ზედმეტად ინტენსიური და რთულად გასაგებია საერთაშორისო ბაზრისთვის, მაშინ, როცა ევროპულ სტილზე მორგებულ ქართულ ღვინოებს ზოგჯერ აკლიათ ის სიღრმე და ხასიათი, რასაც ჩვენი ტერუარი ბუნებრივად ქმნის.

"ნიმბის” მთავარი მეღვინეა მსოფლიო მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, Riccardo Cotarella. მან კარიერა ორვიეტოში, Vaselli-ს ღვინის ქარხანაში დაიწყო, 1979 წელს კი თავის ძმასთან ერთად დააფუძნა Falesco, ახლანდელი Famiglia Cotarella - ღვინის უდიდესი იმპერია, რომელიც 200 ჰექტარზე მეტ ვენახს მოიცავს და უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. Riccardo Cotarella- ს 2025 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ღვინის ხელოვნების ოსტატის წოდება მიანიჭა და იგი ინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდად მიიჩნიეს.
"ნიმბი" არ არის უბრალოდ ღვინო, ეს არის გამოცდილება მათთვის, ვინც ღვინოს სიღრმისეულად აღიქვამს. ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მეღვინეობის ჯერ კიდევ სრულად აღმოუჩენელი შესაძლებლობების წარმოჩენას.
-როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადი თვალსაზრისით, ღვინოზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის დეფიციტია. ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტია მაღალი ხარისხი და სწორი პოზიციონირება. ქართული ღვინო დღეს უკვე მხოლოდ ინტერესის ობიექტი აღარ არის, ის ბევრისთვის გააზრებული არჩევანია.
ბაზარი ეტაპობრივად უფრო კონკურენტული ხდება, რადგან მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ხარისხზე, წარმომავლობასა და ბრენდის ისტორიაზე. ამ სეგმენტში მნიშვნელოვანია ტრადიციისა და თანამედროვე პრაქტიკების სწორი შერწყმა, რადგან სწორედ ეს ზრდის პროდუქტის მიმზიდველობას ფართო აუდიტორიისთვის.
-რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა გამოიხატება ტრადიციასა და თანამედროვე მიდგომას შორის ბალანსში. „ნიმბი“ ქართული მეღვინეობის გამოცდილებას აერთიანებს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებთან, რის შედეგადაც იქმნება ღვინო, რომელიც ინარჩუნებს ქართული ტერუარის ხასიათს და ამავდროულად შეესაბამება საერთაშორისო გემოვნებას. ამ ხარისხის გარანტად გვყავს Riccardo Cotarella, მსოფლიო დონის ენოლოგი, რომლის გამოცდილება ბრენდს გლობალურ სანდოობას მატებს.

-როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
"ნიმბი" ბაზარზე პოზიციონირებას ეტაპობრივად იწყებს მკაფიო სტრატეგიითა და გრძელვადიანი ხედვით.
პირველ ეტაპზე ბრენდმა წარმოადგინა ორი ქართული ჯიშის — რქაწითელისა და საფერავის ღვინო.
ასევე იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება. ვაწარმოებთ როგორც კლასიკური მეთოდით დამზადებულ, ისე კასრში დავარგებულ ღვინოებს, რომლებიც დამზადდება შემდეგი ჯიშებისგან: საფერავი, რქაწითელი, გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი და კახური მწვანე.
ბრენდის მიზანია, ტრადიციისა და თანამედროვე სტილის ბალანსით შექმნას მრავალფეროვანი პორტფელი, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.

სხვა სიახლეები
ამერიკული ბაზარი, საერთაშორისო ინტერესი და გაფართოების გეგმები - როგორ ვითარდება „ჩირჩხელა“
08.07.2026.10:00
ამერიკულ ბაზარზე გაფართოება, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და წარმოების განვითარების გეგმები - ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლებზეც „ჩირჩხელა“ მიმდინარე პერიოდში აქტიურად მუშაობს. აღნიშნული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე, ესაუბრა.
რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს კომპანიას მიმდინარე პერიოდში?
მიმდინარე წელი ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „ჩირჩხელა“ პირველად წარვადგინეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კვების გამოფენაზე, სადაც ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო ფუდ-ბაიერების ყურადღების ცენტრში მოექცა. მსგავსი გამოფენების მთავარი მიზანი სწორედ ახალი გემოებისა და სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული კულტურის აღმოჩენაა. მას შემდეგ ინტერესი არ განელებულა და დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან.

როგორ აფასებთ დღეს მოთხოვნას? როგორია ინტერესი როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ისე საერთაშორისო ბაზრების მხრიდან?
მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად იზრდება. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ამერიკაში მცხოვრები ქართველების მხრიდან, თუმცა ინტერესი ადგილობრივ მომხმარებლებშიც თვალსაჩინოა. დღეს მომხმარებელი სულ უფრო მეტად ირჩევს ნატურალურ, ხარისხიან და ფუნქციურ პროდუქტებს, რაც „ჩირჩხელას“ განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

როგორ ვითარდება საექსპორტო მიმართულება? ხომ არ გაფართოვდა თქვენი საექსპორტო არეალი ან დაემატა ახალი ბაზრები?
საექსპორტო მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი ბიზნესკონტაქტები და თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობები მოგვიტანა. ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია, ჩვენს ვეგანურ სნექებზე, განსაკუთრებით ჩურჩხელების მიმართულებით კონკურენცია დაბალია. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ ლოჯისტიკა და ტრანსპორტირების ეფექტური ორგანიზებაა, რადგან პროდუქტის შენახვის პირობები და სტაბილური მიწოდების ციკლი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე ქსელთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპს ვუახლოვდებით.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? გეგმავთ თუ არა წარმოების გაფართოებას, ახალი პროდუქტების განვითარებასა და საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას?
ჩვენი ბიზნეს განვითარების სტრატეგიაში გაჩნდა მნიშვნელოვანი პუნქტი - ამერიკულ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობები. ამერიკულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ჩემი სტუდენტები დიდი სიამოვნებით არიან აქტიურად ჩართულნი და საერთაშორისო გამოცდილებასაც იღებენ. ამ ეტაპზე ვატარებთ ბაზრის კვლევებს, მალე დავდებთ SWOT ანალიზსაც და უფრო რეალურ სურათს დავინახავთ. სხვა ქვეყანაში ბიზნესის კეთება, ბუნებრივია ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამეწარმეო კანონმდებლობაში გარკვევა მოგვიწია. რამდენადაც დიდია მასშტაბები, იმდენად დიდ შრომას, ადამიანურ რესურს, მეტ დროს და სიზუსტეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ შევკარით ქართულ - ამერიკული საოცარი გუნდი და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ძირითადი პროცესების დალაგების შემდეგ საქართველოში დავბრუნდებით, სადაც წარმოების გაფართოებას დავიწყებთ და ბიზნესკონსოლიდაციის რეჟიმში ვიმუშავებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული ტრადიციების ერთგულებით, ,,ჩირჩხელა’’ ღირსეულად წარმოვადგინოთ საერთაშორისო ბაზარზე და მსოფლიო მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. რაც ჩვენს თავს ხდება, არის იღბალიც, ტოტალური შრომაც და უდიდესი პასუხისმგებლობაც.
