ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებულებს შეუძლიათ ₾3000 - მდეც გამოიმუშაონ, მაგრამ კადრი მაინც დეფიციტია - ,,მეგასპორტის" დამფუძნებელი
საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე კადრის დეფიციტზე Business Insider Georgia - თან საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით სექტორში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ჩხეიძის თქმით, ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებულებისთვის ხელფასის ზედა ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს და შეუძლიათ 3000 ლარამდეც გამოიმუშაონ, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს, განსაკუთრებით კი კვალიფიციურ კადრთან დაკავშირებით.
„ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც გაყიდვებზეა მიბმული, ხელფასის თემა განსხვავებულია, ზედა ზღვარი არ აქვს. მოტივაციის მამოძრავებელი ძალაა, იმუშაოს და გაყიდოს, რაც მეტი თანხის გამომუშავებაში ეხმარება. ჩვენს შემთხვევაში, 700-800 ლარი არის ხელფასის ქვედა ზღვარი, რომელსაც ვერ შევამცირებთ, მაგრამ გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღება შეუძლიათ დასაქმებულებს. იდეაში შესაძლებელია 3000 ლარამდეც ავიდნენ, ამისთვის დიდი მოტივაციაა, მაგრამ კვალიფიციური კადრი პრობლემაა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის გვაქვს ვაკანსია, მაგრამ ადამიანს ვერ იპოვი, რომ დააწინაურო, პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტია სექტორში", - აცხადებს დავით ჩხეიძე.
კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს, სადაც 80 ადამიანამდეა დასაქმებული. აქტიურ პერიოდში მათი რაოდენობა გაიზრდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.