Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Starbucks-ის პრეზიდენტთან Alshaya Group-ში
Business Insider Georgia-მ სალეჰ ალშაიასთან, Starbucks-ის პრეზიდენტთან Alshaya Group-ში ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, სადაც მან ბრენდის საქართველოში შემოსვლაზე, მოლოდინებსა და სმომავლო პერპექტივებზე ისაუბრა.
რა სტრატეგიულმა ფაქტორებმა განაპირობა Starbucks-ის საქართველოს ბაზარზე სწორედ ამ ეტაპზე შესვლის გადაწყვეტილება და როგორ შეესაბამება ეს ინვესტიცია კომპანიის გრძელვადიან რეგიონულ განვითარების სტრატეგიაში?
საქართველო ევრაზიის რეგიონში ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. Alshaya Group-ში, Starbucks-ის ოპერირების ფარგლებში, ვეძებთ ისეთ ბაზრებს, რომლებიც აერთიანებს ეკონომიკური ზრდის ძლიერ დინამიკას, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და მომხმარებელთა მაღალ პოტენციალს, ხოლო საქართველო ამ სამივე კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Alshaya Group ყურადღებით აკვირდებოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის მისი მიმზიდველობის ზრდას. ამავდროულად, ვხედავდით Starbucks-ის ბრენდის მიმართ მაღალ ინტერესს და კაფე-კულტურას, რომელიც ბუნებრივად ერგება ჩვენს ბიზნესმოდელს.
ეს ინვესტიცია ასახავს Alshaya Group-ის ნდობას საქართველოს მომავლის მიმართ და ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას, ქვეყანაში გრძელვადიანი და მდგრადი საქმიანობა განვავითაროთ.
როგორ აფასებთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს და რომელი ფაქტორები იყო გადამწყვეტი ქვეყანაში ოპერირების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას?
Alshaya Group-ის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ინვესტიციებისთვის ღია ბაზარია და თანმიმდევრულად მუშაობს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორმა იქონია, მათ შორის - ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ, მისმა სტრატეგიულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, მზარდმა სამომხმარებლო მოთხოვნამ და უცხოური ინვესტიციების მიმართ პოზიტიურმა დამოკიდებულებამ.
ამასთან, შეფასების პროცესში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საჯარო სექტორის წარმომადგენლების პროფესიონალიზმმა და თანამშრომლობის მაღალმა ხარისხმა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ დაგვარწმუნა, რომ საქართველო გრძელვადიანი ზრდისა და ინვესტიციებისთვის მყარ საფუძველს გვთავაზობდა.
თქვენი შეფასებით, რა ეკონომიკურ და კომერციულ შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან განვითარებას გეგმავენ?
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიაში და ის სხვადასხვა ბაზარსა და რეგიონს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს. საერთაშორისო ბრენდებისთვის საქართველო მიმზიდველ გარემოს ქმნის, რომელიც აერთიანებს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, ახალგაზრდა და აქტიურ მომხმარებელთა ბაზას, ასევე ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს.
გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს იმ საერთაშორისო ბრენდებისთვის, რომლებიც მზად არიან გრძელვადიანი ინვესტიციები განახორციელონ, ადგილობრივ პარტნიორებთან მყარი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ და იმ საზოგადოებების განვითარებაში შეიტანონ პოზიტიური წვლილი, სადაც საქმიანობენ.
ჩვენი შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ დამოუკიდებლად მიმზიდველი ბაზარია, არამედ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს, როგორც ფართო რეგიონული ეკონომიკის ნაწილი.
რა გავლენას ელით Starbucks-ის საქართველოში შემოსვლისგან საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და სამომხმარებლო სექტორებზე, ასევე საინვესტიციო გარემოზე?
მიუხედავად იმისა, რომ Starbucks, პირველ რიგში, საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის ბრენდია, Alshaya Group მიიჩნევს, რომ მისი საქართველოში შემოსვლა რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენი ინვესტიცია ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ადგილობრივი კადრების განვითარებას და აძლიერებს თანამშრომლობას ადგილობრივ მომწოდებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ხელს შევუწყობთ საქართველოს საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორების შემდგომ განვითარებას მომხმარებლის გამოცდილების, ხარისხისა და მომსახურების გლობალური სტანდარტების დანერგვით. უფრო ფართო ჭრილში, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ბრენდების შემოსვლა ხელს შეუწყობს ბაზრის მიმართ ნდობის გაძლიერებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი მიმართულების მნიშვნელობას.
რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ ბიზნესებთან, მომწოდებლებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან პარტნიორობა Alshaya Group Starbucks-ის ოპერაციებისა და საქართველოში მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად?
ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება. ყველა ბაზარზე, სადაც ჩვენ ვოპერირებთ, გრძელვადიანი წარმატება ძლიერი ადგილობრივი პარტნიორობების საფუძველზე იქმნება. Alshaya Group მიიჩნევს, რომ მდგრადი ზრდა მიიღწევა ადგილობრივ ბიზნესებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივ ტალანტებში ინვესტირებით და იმ საზოგადოებების ნაწილად ქცევით, რომლებსაც ვემსახურებით. საქართველოში Starbucks-ის განვითარების პარალელურად, ველით ადგილობრივ მომწოდებლებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობების გაფართოებას. ეს პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოპერაციული სრულყოფილების უზრუნველყოფაში და ამავდროულად, ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი ბიზნესი შექმნის ღირებულებას ჩვენი ობიექტების ფარგლებს მიღმაც.
როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საინვესტიციო პროცესის განმავლობაში და რა როლი ითამაშა ამ თანამშრომლობამ Starbucks-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობაში?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა მთელი პროცესის განმავლობაში იყო ძალიან კონსტრუქციული და პროფესიული. გლობალური ბრენდის ახალ ბაზარზე შემოსვლა მოითხოვს საჯარო და კერძო სექტორების მჭიდრო კოორდინაციას. ჩვენ ვაფასებთ სამინისტროსა და პროექტში ჩართული სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას, ჩართულობასა და ერთგულებას. მათმა ძალისხმევამ შექმნა წარმატებული ბაზარზე შესვლისთვის აუცილებელი პირობები და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მზაობა, მოიზიდოს მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტიციები. Alshaya Group მადლობას უხდის პარტნიორობისთვის და მომავალშიც იმედოვნებს თანამშრომლობის გაგრძელებას.
როგორ აფასებთ საქართველოს ბაზრის პოტენციალს და რა მოლოდინები გაქვთ ქვეყანაში Starbucks-ის სამომავლო ზრდასთან დაკავშირებით?
Alshaya Group Starbucks საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვან გრძელვადიან პოტენციალს ხედავს. გახსნის შემდეგ მომხმარებლებისგან მიღებული ძლიერი უკუკავშირი კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ნდობას ბაზრის მიმართ და გვარწმუნებს, რომ ზრდისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. საქართველოში ჩვენ გრძელვადიანი ხედვით შემოვედით და პირველ გახსნას აღვიქვამთ ჩვენი განვითარების გზის დასაწყისად და არა საბოლოო მიზნად. ჩვენი ამბიციაა, განვახორციელოთ გააზრებული და პასუხისმგებლიანი გაფართოება, გავაგრძელოთ ინვესტირება ადგილობრივ ტალანტებში, შევქმნათ დამატებითი დასაქმების შესაძლებლობები და გავხდეთ საქართველოს საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის სანდო და მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და დიდი ინტერესით ველით იმ შესაძლებლობებს, რაც წინ გველის.
სხვა სიახლეები
ავტომობილთან დაკავშირებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში - რა შესაძლებლობებს ქმნის JAVIC
16.07.2026.14:00
JAVIC ქართული ავტოტექ პლატფორმაა, რომელიც ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს ვატო ფაჩულიას ესაუბრა.

როდიდან ოპერირებს JAVIC-ი ბაზარზე და როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა?
JAVIC (Just A Very Intelligent Car) 2025 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ჩვენი მიზანია ავტომობილის ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში და რეგიონში.
ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც ავტომობილის ისტორიას, მონაცემებსა და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ერთ პლატფორმაში აერთიანებს, რათა ავტომობილის ფლობა, ყიდვა და გაყიდვა უფრო უსაფრთხო, გამჭვირვალე და კომფორტული გახდეს.
რა სერვისებს აერთიანებთ დღეს და რომელია მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი?
დღეს JAVIC მომხმარებლებს სთავაზობს VIN დეკოდირებას, ავტომობილის ისტორიის გადამოწმებას, გარბენისა და ავარიების მონაცემებს, ჯარიმების გადახდას, ელექტრომობილების დამტენების რუკას, პარტნიორულ შეთავაზებებსა და AI ასისტენტს ქართულ ენაზე.
ყველაზე მოთხოვნადი სერვისი კვლავ ავტომობილის ისტორიის გადამოწმებაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მომხმარებლებისთვის გამჭვირვალობა და სანდო ინფორმაცია სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
რა გამოარჩევს JAVIC-ს ბაზარზე არსებული სხვა პლატფორმებისგან და რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ არ გვინდა ვიყოთ უბრალოდ კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც ავტომობილის ისტორიას აჩვენებს.
JAVIC ქმნის ავტომობილის ციფრულ პასპორტს და აერთიანებს მთელ ეკოსისტემას - მფლობელებს, სერვისცენტრებს, ავტონაწილების მაღაზიებს, სადაზღვევო კომპანიებსა და სხვა ბიზნესებს ერთ სივრცეში.
ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ეს ხედვაა - ვაშენებთ არა უბრალოდ პროდუქტს, არამედ ინფრასტრუქტურას, რომელიც მომავალში ავტომობილების ინდუსტრიის სტანდარტი გახდება რეგიონში.
სამომავლოდ რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას? იგეგმება თუ არა ახალი სერვისების დანერგვა, პარტნიორული ქსელის გაფართოება ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები?
მომდევნო ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი პარტნიორული ქსელის გაფართოება და ახალი სერვისების დამატებაა.
ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ ბიზნესთან, რომელიც ავტომობილების ინდუსტრიაში ოპერირებს - სერვისცენტრები, ავტონაწილების მაღაზიები, სადაზღვევო კომპანიები, ტექდათვალიერების ცენტრები, ავტოსამრეცხაოები და სხვა პარტნიორები.
პარტნიორებს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ სპეციალურ ციფრულ პლატფორმას, სადაც შეძლებენ ავტომობილის მომსახურებისა და ისტორიის მონაცემების აღრიცხვას. ეს მათ საშუალებას მისცემს მიიღონ ახალი მომხმარებლები JAVIC-ის ეკოსისტემიდან, გაზარდონ მომხმარებელთა ნდობა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
ჩვენი ხედვაა, რომ უახლოეს წლებში JAVIC გახდეს ავტომობილების ინდუსტრიის ცენტრალური ციფრული პლატფორმა კავკასიაში - ადგილი, სადაც მომხმარებელი ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან სერვისს ერთ სივრცეში მიიღებს.