ჩემი აზრით, ვინც მომხმარებელზე არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა - დავით ბირმანი
არის მრავალმილიონიანი კომპანიები, რომელთა შესახებ ქვეყანამ ძალიან ცოტა იცის, სწორედ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და საკუთარ თავს სწორად ვერ წარადგენენ, - ამის შესახებ მარკეტერმა, დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე, მცირე გუნდებით მუშაობა ბევრ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს, თუმცა მარკეტინგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა გუნდის ზომას, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება რესურსები და შემოქმედებით პროდუქტზე გაწეული ხარჯები კამპანიის საერთო ბიუჯეტსა და მასშტაბს.
„შეიძლება განთავსების ბიუჯეტი 100 000 იყოს, ხოლო მის წარმოებაზე 1000 დოლარი ან 3000 ლარი იხარჯებოდეს, ხომ? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვინც უნდა იყოს გუნდში, ეს გუნდი ხარჯების თანაზომადი უნდა იყოს. არ შეიძლება, რამდენიმე ასეულათასიან ხარჯს ეწეოდე ისე, რომ მეორე მხარეს არავინ გყავდეს, ხომ? ანუ, ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ Aხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინცდამაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია - მე მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად, მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ კიდევ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სწორად შერჩეული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი სწორად უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში ანუ, არ იყოს ჩაკარგული, არ ჰქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა ძალიან მჭიდრო ორმხრივი კომუნიკაცია“, - აცხადებს დავით ბირმანი.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან ადაპტირება ბიზნესებისთვის აუცილებლობად იქცა, რადგან მომხმარებელთა ლოიალობა შემცირებულია, არჩევანის შესაძლებლობები კი გაფართოებული, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტსა თუ სერვისს.
„ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მერე. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორია მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე რძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებელს, ასევე სერვისის მომწოდებლებზე. ანუ ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად ბრენდებისადმი მიჯაჭვულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია. მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, მასზე მასიურად მორგებულ წინადადებებს ელის, ამიტომ ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ბირმანი.
სხვა სიახლეები
ვინაიდან მთლიან მარკეტინგულ სურათში ციფრული მარკეტინგის წილმა მოიმატა, ამ საქმიანობის გაზომვადი ნაწილი ბევრად უფრო გაიზარდა - დავით ბირმანი
10.06.2026.11:30
„უმეტესად, კომპანიები ძალიან მარტივად ზომავენ მარკეტინგის ეფექტურობას გაყიდვების მაჩვენებლებით“, - აცხადებს მარკეტერი დავით ბირმანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისი თქმით. მარკეტინგსა და გაყიდვებს შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა ბიზნესისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან გაყიდვების შედეგების შეფასებისას ხშირად რთულია დადგინდეს, პრობლემა ლიდერობის ხარისხში იყო თუ მათი კონვერტაციის პროცესში.
დავით ბირმანი ამბობს, რომ მსოფლიოში დიჯიტალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მარკეტინგის შედეგების შეფასება სულ უფრო ზუსტი ხდება.
„ტრადიციული მარკეტინგის დროს რისი დათვლაც გვიჭირდა, ციფრულში ის ბევრად უფრო გვიადვილდება და არა მარტო წელს ან შარშან, ათი-თხუთმეტი წელია უკვე გვიადვილდება. უბრალოდ ციფრული მარკეტინგის დოზამ რადგან მოიმატა მთელი მარკეტინგის სურათში, ამიტომ დათვლადი ნაწილი ამ საქმიანობის ბევრად უფრო გაიზარდა. შესაბამისად ბევრად უფრო კომფორტულია. ზოგადად მგონია, რომ მარკეტერი თუ 15 წლის წინ ნიშნავდა სარეკლამო სააგენტოსთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანს, დღეს ის არის 80 პროცენტი მათემატიკოსი და 20 პროცენტი არის მასში ის ძველი უნარები რაც იყო. ბევრად უფრო რიცხვებზე ორიენტირებული არის დღეს, მათ შორის მარკეტინგული კომუნიკაციის მხარეც კი, რომელიც ადრე არ მოითხოვდა ამხელა მათემატიკურ უნარებს“, - ამბობს დავით ბირმანი.
მარკეტერის შეფასებით, ბიზნესისთვის ციფრულ მარკეტინგში წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ექსპერიმენტირების მზაობა და შეცდომებისგან სწავლაა, რადგან ონლაინ სივრცეში შესაძლებლობები მცირე და დიდი კომპანიებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
„მთავარი დაშვება, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ მსჯელობაში, არის ის, რომ საპარიკმახერო და ქარხანა ციფრულ სივრცეში აბსოლუტურად თანაბარ პირობებში არიან. ანუ, არანაირი განსხვავება არ არის, ვინ შემოდის ამ ურთიერთობაში.
მთავარია ის, რასაც ისინი შექმნიან. ის საკომუნიკაციო პროდუქტი. ანუ, თუ რამით გამოირჩევა და არასტანდარტულია, ის ხალხისთვის საინტერესო ხდება. იმიტომ, რომ აი, ამ ორწამიან მონაკვეთში, როცა მომხმარებელმა შემდეგი თითი უნდა აკრას (ეკრანს), ყველას აქვს შანსი და ეს შანსი არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ მილიონიანი, თუ რამდენიმე ათას ლარიანი კომპანიაა.
შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესს რაც უნდა ვურჩიოთ არის, რომ იყვნენ გამბედავები ანუ ონლაინ და არანაირად საკუთარმა ზომამ არ უნდა შეაწუხოს არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით. მეორე რაც არის, რომ ძალიან ბევრი თანამედროვე ინსტრუმენტი შექმნილია ზუსტად მცირე გამოცდილების მქონე ოპერატორისთვის. ანუ ისეთი ადამიანებისთვის ვისაც არ ჰყავს ცალკე ადამიანი. იმისთვის რომ შედეგს მიაღწევინოს ან რაღაც დიდი გუნდი არ ემსახურება - არის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი თვითონ პლატფორმებზე, რომელიც გეხმარება, რომ მინიმალური ხარჯითაც გარკვეული აქტივობა წამოიწყო. და მერე არის უკვე ძალიან მარტივი რაღა - ღილაკია, დააჭერ, ან მოხდება ან არ მოხდება, არაფერი არ ფეთქდება ხომ? ამიტომ მთავარია, რომ დააჭირო, სცადო. ბევრი ბიზნესი დღემდე არის მოწყობილი ისე, რომ შეცდომის უფლებას არ აძლევს მის თანამშრომელს. ანუ თითქოს იქ თუ რაიმე კამპანიამ ან რაიმე ნაბიჯმა ის პერფორმანსი არ მოიტანა რაც ჩაფიქრებული იყო, ამაზე არის ძალიან დიდი სტრესი. მთავარი, რაც მცირე ბიზნესიდან დაწყებული უდიდეს ბიზნესამდე უნდა გაითვალისწინონ, არის რომ შეცდომის უფლება ყველას აქვს - ეს ერთი, მთავარია ამ შეცდომებზე რამდენად ვსწავლობთ და მთავარია, რომ ყველა კამპანია, რომელიც თუნდაც არ იყო წარმატებული, ამ კამპანიიდან ვისწავლოთ რამ გაამართლა, რამ არ გაამართლა და შემდეგ ჯერზე უბრალოდ რამაც გაამართლა იმას ჩავაჭიროთ“, - ამბობს დავით ბირმანი.