მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

ჩემთვის მთავარი საზომი მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის - წარმატებაა, როცა სტუდენტი იძენს პროფესიას და საკუთარი მომავლის მართვის შესაძლებლობას | გიორგი მარიამიძე

news image
mbc image

საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კოლეჯი სტუდენტებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და სწავლის პროცესშივე კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. წლის დარჩენილ პერიოდში SKILLWILL-ი რეგიონულ გაფართოებას, ახალი პროგრამების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს.

2026 წლის პირველი ნახევრის შედეგების, ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და SKILLWILL-ის სამომავლო გეგმების შესახებ კოლეჯის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრობს.

როგორ შეაფასებდით SKILLWILL-ისთვის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლებითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი SKILLWILL-ისთვის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი იყო. კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია, როგორც საქართველოში ყველაზე დიდმა ტექნოლოგიურმა კოლეჯმა, გავაფართოეთ საგანმანათლებლო შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სწავლების ხარისხსა და სტუდენტების დასაქმებას.

არსებულ მიმართულებებთან ერთად, მოვამზადეთ ახალი პროფესიული პროგრამები მონაცემთა ანალიტიკის, ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და პროცესების ავტომატიზაციის, IT პროექტების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებებით. ეს პროფესიები პირდაპირ პასუხობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მზარდ მოთხოვნას.

განსაკუთრებით გავაძლიერეთ თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან. დღეს SKILLWILL-ს 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებთან ერთადაც სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობებს ვქმნით. წლის პირველ ნახევარში გამართულ დასაქმების ფორუმზე ჩვენი სტუდენტები 30-ზე მეტ კომპანიას შეხვდნენ, გაეცნენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს და უშუალოდ ესაუბრნენ დამსაქმებლებს.

ჩემთვის მთავარი საზომი მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის. წარმატებაა, როცა სტუდენტი სწავლის შედეგად იძენს პროფესიას, შემოსავლის მიღების შესაძლებლობასა და საკუთარი მომავლის მართვის უნარს. სწორედ ამიტომ, SKILLWILL-ში განათლებას სწავლის დაწყებიდან კარიერულ განვითარებამდე ერთიან პროცესად განვიხილავთ.

როგორია ძირითადი ტენდენციები განათლებისა და დასაქმების ბაზარზე?

ადამიანები პროგრამას სულ უფრო ნაკლებად ირჩევენ მხოლოდ დიპლომის მისაღებად. მათ სურთ, წინასწარ იცოდნენ, რას ისწავლიან, სად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და რა კარიერულ შესაძლებლობას მიიღებენ. ამიტომ იზრდება მოთხოვნა მოკლე, მოქნილ და პრაქტიკულ განათლებაზე, რომელიც სამუშაოსა და სხვა პასუხისმგებლობებთან შეთავსებადია და შედარებით მოკლე დროში იძლევა კონკრეტულ პროფესიულ შედეგს.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარებაა. AI უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების ინსტრუმენტი-ის ცვლის მარკეტინგს, ფინანსებს, მენეჯმენტს, განათლებას, ჯანდაცვასა და მომსახურების სფეროს. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და მათი ბიზნესის რეალურ საჭიროებებთან დაკავშირება.

ამავდროულად, იცვლება პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულებაც. ის აღარ აღიქმება უნივერსიტეტის მეორეხარისხოვან ალტერნატივად - ეს არის დამოუკიდებელი, გააზრებული და პრაქტიკული კარიერული არჩევანი. დამსაქმებლისთვის კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ფორმალური განათლება, არამედ კანდიდატის პრაქტიკული გამოცდილება, ტექნოლოგიური კომპეტენციები, პრობლემების გადაჭრის უნარი და მუდმივი განვითარების მზადყოფნა.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება მასშტაბის ზრდა, რეგიონული განვითარება, ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა და სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტია Plan ₿ Foundation-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი SKILLWILL-ის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა. სპეციალურ Training of Trainers - ToT პროგრამას ჩაატარებს შვეიცარიის Università della Svizzera italiana-ს ელექტრონული სწავლების ცენტრი - USI eLab, რომელიც თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების, ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციისა და სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობს.

პროგრამის მიზანია SKILLWILL-ის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით. გვინდა, მათი პროფესიული განვითარება იყოს უწყვეტი პროცესი, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება რეალურად აისახოს სწავლების მეთოდებსა და სტუდენტების შედეგებზე.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების საერთაშორისო გამოცდილება და გლობალურ საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართულობა. SKILLWILL-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში; წლის ბოლომდე კიდევ ვგეგმავთ საერთაშორისო ვიზიტებსა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რათა უფრო მეტმა სტუდენტმა შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული კონტაქტების მიღება.

ვაგრძელებთ თბილისისა და ბათუმის კამპუსების განვითარებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქუთაისში ტექნოლოგიური საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. პირველ ეტაპზე იქ ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და Front-End დეველოპმენტის მიმართულებების შეთავაზებას ვგეგმავთ. IT მხარდაჭერის მიმართულებით შესაძლებლობა ექნებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც მეცხრე კლასი უკვე დაასრულეს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე პროფესიული განათლება მხოლოდ დედაქალაქში არ იყოს კონცენტრირებული.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

ჩვენი მოლოდინი ამბიციურია, თუმცა ის უკვე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებს ეფუძნება. არსებული დინამიკისა და დაგეგმილი მიღებების გათვალისწინებით, ველოდებით, რომ 2026 წელს SKILLWILL-ის სტუდენტების რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება.

წლის ბოლომდე გვინდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, პრაქტიკულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე. ასევე, უნდა გავზარდოთ იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სწავლის პროცესშივე ითანამშრომლებენ რეალურ კომპანიებთან, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და დაიწყებენ კარიერულ გზას.

2026 წელი SKILLWILL-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს - რეგიონული გაფართოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ახალი პროგრამებისა და სწავლების ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი მხოლოდ მასშტაბის ზრდა არ არის: გვინდა, SKILLWILL-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოში ძლიერი პროფესიული კადრების მომზადებაში და ადამიანებს მისცეს ცოდნა, რომელიც მათ ცხოვრებასა და კარიერაზე რეალურ გავლენას მოახდენს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი - ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

26.08.2026.15:22

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა. გარდა ამისა, ბანკმა მიიღო ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.

ბანკის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სერვისებზე წვდომის გამარტივებას, რომელთა მიღებაც მანამდე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის ერთ წუთზე ნაკლებ დროში გახსნის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციის 1 დოლარიდან შეძენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს კრიპტოთი ვაჭრობაც შესთავაზა მობილბანკში, სადაც დღეს 100-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი. 

ბანკის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე, 91%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით აგვარებს. ამასთან, „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს საკუთარ ინტერესებზე მორეგებულ პროდუქტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი  ბიზნესებს 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს. ღია API პლატფორმა (api.bog.ge) კი ფინტექ კომპანიებსა და ERP პლატფორმებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ მიდგომის წარმატებას ადასტურებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების უფრო მარტივად მართვაში ეხმარება, აძლევს ახალ შესაძლებლობებს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის - ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა