ჩინეთიდან შესაძლოა ფრენები კიდევ დაემატოს - „კა გრუპის“ დამფუძნებელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ტურიზმის სწრაფი აღდგენის გზებზე იდეების გაცვლას ემსახურებოდა, სადაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩინეთიდან ფრენების გაზრდა და ახალი ქალაქების დამატება განიხილება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „კა გრუპის“ დამფუძნებელმა ირაკლი ჭიღლაძემ განაცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად იმართება.
„კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეხვედრები საკმაოდ ხშირად იმართება. ეს შეხვედრაც უფრო მეტად იდეების გაცვლას ემსახურებოდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ტურიზმის დასახმარებლად, რათა სექტორი სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების რელსებს. რასაც დავამატებდი, არის გარკვეული კონკრეტიზაცია. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ჩინეთიდან შესაძლოა ფრენები კიდევ დაემატოს და ამავე ბაზარზე ახალი მიმართულებები გაიხსნას. ასევე, განიხილება აზერბაიჯანთან ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლის დანიშვნა, რაც სექტორს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
საჭიროა მეტი აქცენტი მეზობელ ქვეყნებზე გაკეთდეს. ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა სავალალო ან კატასტროფულია. თუ მიმდინარე კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, ტურიზმიც მალევე აღდგება, რადგან სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მსგავს გამოწვევებს უკვე შეეგუა. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება არსებობს და ადაპტაციას სწრაფად შევძლებთ“, - განმარტავს ირაკლი ჭიღლაძე.
მისივე განცხადებით, სასტუმრო სექტორმა 2026 წელი პოზიტიურად დაიწყო და იანვარ-თებერვალში კარგი შედეგები დაფიქსირდა, თუმცა მისი თქმით, ინდუსტრია ოპერირებს წინასწარ განსაზღვრული ზრდის მოლოდინებით, რომლებიც, როგორც წესი, წლიურად 7-15%-ს შეადგენს და ოპტიმისტურ შემთხვევაში 20-25%-მდე იზრდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წელი წარმატებული გამოდგა და ტურიზმი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა, 2026 წლის ბიუჯეტი სასტუმროების უმეტესობაში ამბიციურად დაიგეგმა და 20-25-პროცენტიანი მატება ჩაიდო. იანვარსა და თებერვალში, განსაკუთრებით სამთო კურორტებზე, იმაზე ბევრად მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ, ვიდრე დაგეგმილი 20-25-პროცენტიანი ზრდა იყო, რამაც რეალურად დააზღვია მარტის თვის დიდი ჩავარდნა“.
როგორც აღინიშნა, გუდაურისთვის მარტის ჩავარდნა კრიტიკულად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა იანვარსა და თებერვალში დაფიქსირებული კარგი შედეგების წყალობით, ე.წ. Year to Date მაჩვენებლით, სხვადასხვა სასტუმროში პირველი კვარტალის მონაცემები მაინც მცირე ზრდით დასრულდა.
ამჟამად აქცენტს მეზობელ ქვეყნებზე ვაკეთებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთში ოთხ სასტუმროს ვმართავთ, ამ ქვეყანასთან მრავალწლიანი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში მსხვილ ტუროპერატორებთან ერთად უკვე ჩავატარეთ B2B შეხვედრები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თურქეთში, რიზეში ვიზიტს, რათა იქაც შევხვდეთ B2B პარტნიორებს. ჩვენი მიზანია, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ“,- აღნიშნა „კა გრუპის“ დამფუძნებელმა.
ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი ყურადღებას ამახვილებს შედარებით სტაბილურ ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და ევროპის ქვეყნები, სადაც ნაკლებია გლობალურ რყევებზე დამოკიდებულება. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, მათ შორის გამოფენები და B2B შეხვედრები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის სწრაფად ადაპტაციისთვის შესაძლო გრძელვადიან გამოწვევებთან.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.