ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია - WeJet
გადამზიდავი კომპანია WeJet • ვიჯეთ, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაზარს ახალი სერვისი „ვიჯეთ ბიზნეს თრეველი“ შესთავაზა და რომელიც ამ დროისათვის ჩინეთში ბიზნეს ტურების ორგანიზებას გულისხმობს, არსებული მოთხოვნით კმაყოფილია.
როგორც Business Insider Georgia-სთან WeJet-ის დირექტორმა, ლაშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რის გამოც კომპანიამ სპეციალური ვებსაიტი ამოქმედდება, სადაც ჩინეთში დაგეგმილ გამოფენებზე დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.
„ვებგვერდზე განთავსებული იქნება ინფორმაცია ჩინეთის გამოფენების შესახებ, და ქართველი მომხმარებლები შეძლებენ ამ გამოფენების ონლაინ დათვალიერებას. სურვილის შემთხვევაში, ამ გამოფენებზე დასწრებას ჩვენ უზრუნველვყოფთ - მსურველებს ადგილზე დახვდებათ გიდი, სასტუმრო, ავიაბილეთები; ანუ ჩვენგან სრული სერვისი იქნება გაწეული. დამატებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას საუკეთესო ფასად“, - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.
WeJet-ის დირექტორის თქმით, ჩინეთში ბიზნეს ტურებზე მოთხოვნა მზარდია.
„წინა გამოფენიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა გამოფენაზე გავუშვით დაახლოებით 30 ადამიანი, რომლებიც ერთ თვეში მოგროვდნენ. აპრილის გამოფენაზე კი უკვე სულ მცირე 100 ადამიანს ვვარაუდობთ“, - აცხადებს გადამზიდავი კომპანიის დირექტორი.
ირკვევა, რომ ჩინეთში ბიზნეს ტურებში მონაწილეობით საქართველოდან მრავალი სექტორია დაინტერესებული - ავეჯი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სამედიცინო მიმართულება და სხვა.
WeJet-ს უკვე დადებითი ქეისებიც აქვს. მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მონაწილე ქართულმა კომპანიებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი გააფართოვეს ან დაიწყეს.
„მაგალითად, გორში ერთ-ერთმა ჩვენსმა მომხმარებელმა გახსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი სათამაშოების მაღაზიით. აღნიშნული მაღაზია მთლიანად ჩვენი მიერ ჩამოტანილი პროდუქციით ამოქმედდა“, - აღნიშნავს WeJet-ის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.