„ჩირიფრუტი“ საწარმოო პროცესების სრულყოფასა და გაყიდვების ქსელის გაფართოებას გეგმავს
ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ამჟამად საწარმოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და წარმოების პროცესების სრულყოფაზე მუშაობს. კომპანია პარალელურად ასორტიმენტის გაფართოებასა და გაყიდვების ქსელის ზრდასაც გეგმავს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „ჩირიფრუტის“ წარმომადგენელი მარიამ ჯიქია ესაუბრა.
რა ეტაპზეა დღეს „ჩირიფრუტის“ საწარმო და სრულად ამუშავდა თუ არა წარმოების პროცესი?
დღეს „ჩირიფრუტი“ განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა. ვასრულებთ საწარმოს მოწყობას და წარმოების პროცესების სრულყოფას, რათა ყველა პროდუქტი კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და სტანდარტით მივაწოდოთ მომხმარებელს. ეს არის პერიოდი, როდესაც საფუძველს ვქმნით კომპანიის მომდევნო წლების ზრდისთვის.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების დამატება?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ჩირს, ჩურჩხელას, შოკოლადის ტკბილეულს და სასაჩუქრე ულამაზეს ნაკრებებს. „ჩირიფრუტის“ გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებს, რადგან სწორედ ეს არის „ჩირიფრუტის“ მთავარი ღირებულება.
როგორ ნაწილდება გაყიდვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე? და გაქვთ თუ არა სიახლეები ექსპორტის მიმართულებით?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი ქართული ბაზარია. ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ჩირიფრუტი“ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი მაღაზიებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ტურისტულ ობიექტებში. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდის გაძლიერება, მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოება და გაყიდვების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
მომდევნო ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა წარმოების სრულად გამართვა, ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაყიდვების ქსელის გაფართოება. ჩვენი მიზანია, „ჩირიფრუტი“ მომხმარებლისთვის ქართული, ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტის სიმბოლოდ იქცეს. სწორედ ამ მიმართულებით ვდებთ დღეს ყველაზე დიდ რესურსს.
სხვა სიახლეები
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა
07.09.2026.18:04
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა. 5,000 ტონა მოცულობის საწვავი EN 228 ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული.
აღნიშნული მიწოდება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და Italiana Petroli-ს შორის პირველი კომერციული ტრანზაქციაა და SOCAR-ის მიერ API Holding-ისგან იტალიური კომპანიის აქციების 99.82%-ის შეძენას უკავშირდება. ტრანზაქცია SOCAR Group-ის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი მაგალითია.
„SOCAR Group-ის შემადგენლობაში ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნის და ეს ტრანზაქცია ამის მაგალითია, რადგან იტალიის ბაზარზე არსებული გამოცდილება და შესაძლებლობები საქართველოს ბაზარზე ხელშესახებ სარგებელს მოგვიტანს. Italiana Petroli-ს ნავთობგადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან გაერთიანებით, ჩვენ საქართველოში საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ. ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ჩვენ მიერ დანერგილი მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამის ხარისხიან საწვავზე უწყვეტ და საიმედო წვდომას.“, - განაცხადა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.
საქართველოს ბაზრისთვის აღნიშნული მიწოდება საწვავის მომარაგების დამატებით დივერსიფიკაციასა და მიწოდების საიმედოობის გაძლიერებას ნიშნავს. SOCAR-ის საქმიანობა ენერგეტიკული სექტორის მთელ ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს - ენერგორესურსების მოძიებასა და მოპოვებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.
იტალია SOCAR-ისთვის პირველი ევროპული ბაზარი არ არის. კომპანია უკვე ოპერირებს შვეიცარიაში, ავსტრიასა და რუმინეთში, ხოლო მისი ფართო რეგიონული წარმომადგენლობა ასევე მოიცავს თურქეთსა და უკრაინას. Italiana Petroli-ს შეძენამ, რომელიც 2026 წლის 8 მაისს დასრულდა, ევროპაში SOCAR-ის საქმიანობა ნავთობგადამუშავებისა და საწვავის რეალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო გააფართოვა.
ამასთან, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია SOCAR-ის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. SOCAR Energy Georgia 2006 წელს დაფუძნდა და ის SOCAR-ის პირველი შვილობილი კომპანია იყო აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ. აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ SOCAR-ის პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურიც საქართველოში, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა.
ამრიგად, ახალი თანამშრომლობა SOCAR-ის პირველ უცხოურ ბაზარს ჯგუფის ერთ-ერთ უახლეს ევროპულ ინვესტიციასთან აკავშირებს.
SOCAR Georgia Petroleum-ის შესახებ
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში საწვავის რეალიზაციის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების ქსელს მართავს და საკუთარ სადგურებზე ყოველდღიურად 30,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
კომპანია მომხმარებლებს ბენზინით, დიზელის საწვავითა და თხევადი გაზით ამარაგებს. ამასთან, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მართავს WayMart-ის მაღაზიების ქსელს და უზრუნველყოფს ელექტრომობილების დამუხტვის მომსახურებას.
საწვავის ხარისხის მონიტორინგი მიწოდებისა და დისტრიბუციის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ხორციელდება, მათ შორის საწვავის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ავტოგასამართ სადგურებზე მიწოდების ეტაპებზე.
2012 წლიდან SOCAR Georgia Petroleum-ში ფუნქციონირებს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ბენზინისა და დიზელის საწვავის ტესტირების ლაბორატორია. ლაბორატორია ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და ევროპული და ამერიკული წარმოების სატესტო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქ მუდმივად მოწმდება საწვავის ის პარამეტრები, რომლებიც მის ეფექტიანობას, უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედებას უკავშირდება.
SOCAR ასევე განაგრძობს საქართველოში დაბალი ემისიების მქონე ტრანსპორტის ხელშეწყობასა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარებას. 2026 წელს SOCAR-მა თბილისში სამხრეთ კავკასიაში ელექტრომობილებისთვის პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური გახსნა. ობიექტი ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, ისევე როგორც SOCAR-ის არაერთი სხვა ავტოგასამართი სადგური.
Italiana Petroli-ს შესახებ
SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli იტალიაში საწვავისა და ენერგეტიკის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.
90 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანია წარმოადგენს ინტეგრირებულ სამრეწველო და ლოგისტიკურ სისტემას, რომელიც მოიცავს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და იტალიის მასშტაბით 4,575 ავტოგასამართ სადგურს. კომპანიის ქსელში ყოველდღიურად საწვავის ჩასხმის 680,000-ზე მეტი ოპერაცია ხორციელდება.
ყველა საჭირო მარეგულირებელი თანხმობის მიღების შემდეგ, SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99.82%-ის შეძენა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა.
SOCAR-ის შესახებ
SOCAR, რომლის სათავო ოფისი აზერბაიჯანში მდებარეობს, გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ენერგორესურსების მოპოვებაში, გადამუშავებასა და დისტრიბუციაშია სპეციალიზებული.
SOCAR სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაფარვით გამოირჩევა. კომპანიის საქმიანობა სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს მოიცავს და მის საერთაშორისო მასშტაბსა და ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს.