„ჩირიფრუტი“ საწარმოს გახსნის - ინვესტიცია 600 ათასი ლარია
„ჩირიფრუტი“ საწარმოს გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჩირიფრუტი ChiriFruit-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სოფო ჯიქიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამის გამო კომპანია ქსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ იწყებს, რადგანაც საწარმოს აფართოებს და ახალ ლოკაციაზე გადააქვს.
„დღემდე პროდუქციას თბილისში იჯარით აღებულ ფართში არსებულ საწარმოში ვაწარმოებთ. ჩირიფრუტმა თავისი 10 წლიანი ოპერირების განმავლობაში რეინვესტირებით შეძლო ის, რომ გასულ წელს ნატახტარში, დაახლოებით 500 კვ/მ საწარმოო ფართი ვიყიდეთ, სადაც ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წარმოებისთვის საჭირო დანადგარები უკვე ჩამოტანილია და ვფიქრობთ, რომ შემოდგომიდან გადავალთ. ხოლო მას შემდეგ რაც ნატახტარში წარმოებას დავიწყებთ, უკვე საექსპორტო შეთავაზებასაც გავაკეთებთ და იმედია, რომ ექსპორტზე გავალთ“, - განაცხადა ჩირიფრუტის თანადამფუძნებელმა.
პროექტის განხორციელებაში კომპანიამ დაახლოებით 0,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ჩირიფრუტი ქართული ტკბილეულის კომპანიაა, რომელიც 2014 წელს სამმა დამ დააარსა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნებისმიერი დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩურჩხელა, ჩირი, მენდიანტი, შოკოლადის ბურთულები, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.