„ჭიტას“ სტრატეგიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ექსკლუზიურობით - ნია ტყეშელაშვილი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ გაფართოების სტრატეგია ქვეყნის მასშტაბით ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი ქალაქების ათვისებას ეფუძნება. რამდენიმე დღეში „ჭიტა“ რიგით მე-19 ფილიალს ბათუმში გახსნის, რაც ბრენდის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. კომპანია მუდმივად აძლიერებს მომსახურების ხარისხს, ონლაინ გაყიდვებს და პარტნიორობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან. უფრო დეტალურად „ჭიტას“ გეგმებზე და სტრატეგიებზე Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნია ტყეშელაშვილი საუბრობს.
როგორია „ჭიტას“ მიმდინარე გაფართოების სტრატეგია და რომელ ქალაქებში იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა? რამდენ ფილიალს ფლობს ქსელი?
„ჭიტას“ გაფართოების სტრატეგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივ და მიზანმიმართულ გეგმას ეფუძნება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრენდის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვადასხვა ქალაქების ათვისება.
სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში „ჭიტა“ ახალ ფილიალს ბათუმში ხსნის. ოფიციალური გახსნა 21 თებერვალს შედგება. ეს იქნება „ჭიტას“ რიგით მე-19 ფილიალი. ბათუმი შევარჩიეთ იმიტომ, რომ ქალაქი სწრაფად ვითარდება, ოჯახური სეგმენტი აქტიურად იზრდება და სწორედ ამიტომ ფილიალის გახსნა ჩვენთვის სტრატეგიულად გააზრებული ნაბიჯია.
2026 წლის განმავლობაში კიდევ ვგეგმავთ გაფართოებას, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სხვა პერსპექტიულ რეგიონულ ცენტრებში. ჩვენი მიზანია, პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის შევქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო.
რა კრიტერიუმებით არჩევთ მაღაზიების ახალ ადგილმდებარეობებს?
ახალი ფილიალის ლოკაციის შერჩევისას ვხელმძღვანელობთ რამდენიმე ძირითად კრიტერიუმით:
დემოგრაფიული მონაცემები
კონკურენტული გარემოს ანალიზი
საცხოვრებელი უბნების განვითარების დინამიკა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებისთვის „ჭიტა“ იყოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი — მარტივად მისადგომი, კომფორტული და უსაფრთხო სივრცე.
გეგმავთ თუ არა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ან პროდუქციის პორტფელის გაფართოებას?
„ჭიტაში“ მომსახურების ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გუნდის განვითარებაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სტანდარტების დახვეწაზე.
რაც შეეხება პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქცია. ვაკვირდებით ტენდენციებს, რათა დროულად დავამატოთ ინოვაციური და მოთხოვნადი პროდუქცია.
როგორ აფასებთ ონლაინ გაყიდვების როლს „ჭიტას“ ბიზნესმოდელში?
ონლაინ გაყიდვები ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის კომფორტი და სწრაფი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია, ამიტომ ელექტრონული კომერციის განვითარებას აქტიურად ვავითარებთ.
ვმუშაობთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე, მიწოდების სერვისის ოპტიმიზაციაზე და ციფრული მარკეტინგის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, ონლაინ გაყიდვები მაქსიმალურად კომფორტული იყოს მომხმარებლისთვის, ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ.
როგორია თქვენი პარტნიორული ურთიერთობა ადგილობრივ მომწოდებლებთან?
ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ვცდილობთ, რომ ჩვენი ასორტიმენტის გარკვეულ ნაწილში წარმოდგენილი იყოს ქართული ბრენდები, რომლებიც აკმაყოფილებენ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ადგილობრივი კომპანიების ინტერესი საკმაოდ მაღალია, და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, თუ პროდუქტი შეესაბამება „ჭიტას“ სტანდარტებსა და ბრენდის კონცეფციას.
გეგმავთ თუ არა მსოფლიო ბრენდთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას?
რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბრენდებთან, რათა მოვიპოვოთ ექსკლუზიური თანამშრომლობა.
„ჭიტას“ სტრატეგიაა მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, უსაფრთხოებითა და ექსკლუზიურობით.
სხვა სიახლეები
კოდიდან პირდაპირ პროდაქშენში: რას ცვლის დეველოპერული პლატფორმა DeployOn ადგილობრივ ბაზარზე
21.10.2026.18:50
ტექნოლოგიური პროექტის შექმნისას გუნდები ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას ორ რამეში ხარჯავენ: უშუალოდ კოდის წერაში და მის სერვერზე გაშვებაში. თუ პირველი ნაწილი შემოქმედებითი პროცესია, მეორე ხშირად დამღლელ რუტინას უკავშირდება: სერვერების კონფიგურაცია, უსაფრთხოების პარამეტრები, SSL სერტიფიკატები, მონაცემთა ბაზების დაკავშირება და გაუთავებელი ტექნიკური დეტალები.
სწორედ ამ რუტინის სრულად მოსახსნელად შეიქმნა DeployOn deployon.pro), რომელიც უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია. პლატფორმა წარმოადგენს თანამედროვე Kubernetes PaaS (Platform as a Service) გადაწყვეტას, რომელიც დეველოპერებს აძლევს საშუალებას, კოდი რეპოზიტორიიდან პირდაპირ მუშა, დაცულ ვებ-მისამართზე წამებში გადაიტანონ.
Kubernetes-ის სიმძლავრე ზედმეტი სირთულეების გარეშე
დღეს Kubernetes კონტეინერიზებული აპლიკაციების მართვის უდავო ინდუსტრიული სტანდარტია, თუმცა მისი დამოუკიდებლად აწყობა და მართვა დიდ რესურსს მოითხოვს. მცირე და საშუალო ზომის გუნდებისთვის ეს ნიშნავს ან ცალკე DevOps სპეციალისტის დაქირავებას, ან დეველოპერების დროის ხარჯვას რთული კონფიგურაციების (YAML ფაილების) წერაზე.
Deploy ON-ის მთავარი არსი ამ სირთულის სრულ აბსტრაქციაშია. დეველოპერი იღებს Kubernetes-ის ყველა უპირატესობას: მაღალ საიმედოობას, მასშტაბირებადობას და უწყვეტ მუშაობას (Zero-downtime deployments), თუმცა თავად კლასტერის მართვაში ჩარევა აღარ უწევს.
პლატფორმის მუშაობის ლოგიკა სამ მარტივ ეტაპზე დგას:
1. დაკავშირება: პროექტის მიბმა GitHub-ის ან GitLab-ის რეპოზიტორიასთან;
2. ავტომატური აწყობა: კოდის ყოველი განახლებისას (git push) სისტემა თავად აწყობს კონტეინერს;
3. ლაივი: პროექტი მომენტალურად ხელმისაწვდომია გამართული HTTPS მისამართით.
მონაცემთა ბაზები და სრული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში
ვებ-აპლიკაციების უმრავლესობას სჭირდება მონაცემთა ბაზა, რომლის ცალკე გამართვა და დაკავშირება დამატებით დროს მოითხოვს. Deploy ON-ში ბაზების ინტეგრაცია მაქსიმალურად გამარტივებულია:
• PostgreSQL, MySQL, Redis და MongoDB ბაზების შექმნა შესაძლებელია ერთი კლიკით;
• სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მუდმივ მეხსიერებას (Persistent Storage), რაც გამორიცხავს მონაცემების დაკარგვის რისკს განახლებების დროს;
• აპლიკაციასა და ბაზას შორის კავშირი ავტომატურად მყარდება, ქსელური პარამეტრების ხელით გაწერის გარეშე.
პლატფორმა თავსებადია თითქმის ყველა პოპულარულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან: Node.js, Next.js, React, Python (Django), PHP (Laravel, Symfony), Ruby on Rails, Vue, SvelteKit და სხვა. ამასთან, დეველოპერებს, რომლებიც ტერმინალში მუშაობას ამჯობინებენ, შეუძლიათ ისარგებლონ Deploy ON CLI-ით და ინფრასტრუქტურა პირდაპირ ბრძანების ზოლიდან ან თანამედროვე AI ასისტენტების (Claude, ChatGPT) სამუშაო პროცესებიდან მართონ.
პროგნოზირებადი ბიუჯეტი და ბიზნეს-პრაგმატიზმი
საერთაშორისო ქლაუდ-პლატფორმებთან მუშაობისას კომპანიები ხშირად აწყდებიან არაპროგნოზირებად გადასახადებს, სადაც ტრაფიკის, მოთხოვნებისა თუ დამატებითი მეხსიერების ხარჯები თვის ბოლოს მოულოდნელად იზრდება.
Deploy ON-მა აქცენტი გამჭვირვალე, ფიქსირებულ ტარიფებზე გააკეთა:
• Free (0 ₾): მუდმივად უფასო პაკეტი სატესტო პროექტებისთვის, სტუდენტებისა და იდეების ვალიდაციისთვის;
• Starter (15 ₾/თვე): ოპტიმალური რესურსი MVP-ების, მცირე ვებსაიტების, ბოტებისა და სატესტო გარემოებისთვის;
• Pro (50 ₾/თვე): 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 4 vCPU მზარდი კომერციული პროექტებისთვის, სადაც სტაბილურობა და სისწრაფე პრიორიტეტია;
• Enterprise: ინდივიდუალური არქიტექტურა კომპანიებისთვის, რომლებსაც სპეციფიკური დატვირთვა და განსაკუთრებული რესურსები სჭირდებათ.
ყველა პაკეტი მოიცავს ულიმიტო ტრაფიკს, DNS მართვის სრულ ფუნქციონალს (A, AAAA, CNAME, TXT ჩანაწერები) და ავტომატურ SSL სერტიფიკატებს.
ვისთვის არის განკუთვნილი სერვისი?
Deploy ON პრაქტიკული ინსტრუმენტია როგორც ინდივიდუალური დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ იდეა ერთ საღამოში აქციონ რეალურ პროდუქტად, ისე ციფრული სააგენტოებისა და პროდუქტული კომპანიებისთვის. სააგენტოების შემთხვევაში, სადაც პარალელურად ათობით კლიენტის პროექტი მუშავდება, ინფრასტრუქტურის ერთ პანელში მოქცევა და ავტომატიზაცია გუნდს ათეულობით საათს უზოგავს.
სერვისი უკვე სრულად ფუნქციონირებს და რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბმულზე: deployon.pro. დეველოპერული პროცესების გამარტივება საბოლოოდ პროდუქტის შექმნის თვითღირებულებასა და სისწრაფეზე აისახება, Deploy ON-ის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: პროგრამისტმა წეროს მხოლოდ კოდი, დანარჩენი კი პლატფორმას მიანდოს.