ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ წარმოებას - „გორგიას“ გენერალური დირექტორი
ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „გორგიას“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა განაცხადა. მისი თქმით, „გორგია“ მაქსიმალურად ხელს უწყობს საქართველოში არსებულ საწარმოებს.
„ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ადგილობრივ წარმოებას, თუმცა ჩვენს სექტორში ზოგადად ძალიან მცირე წილი უკავია ადგილობრივ პროდუქციას. რაც შეეხება ხელსაწყოების, ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ნივთების წარმოებას - ეს მიმართულებაც მცირეა, რომ აღარაფერი ვთქვათ აბაზანის, ფილებისა და მსგავს კატეგორიებზე. თუმცა „გორგია“ მაქსიმალურად ხელს უწყობს საქართველოში არსებულ საწარმოებს: მაგალითად, ბაღის მიმართულებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანიებთან, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ავეჯის მიმართულებით. სამშენებლო მასალებშიც არიან ადგილობრივი მწარმოებლები, თუმცა მათი წილი კვლავ ძალიან დაბალია“, - განმარტავს თორნიკე გურული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.