„ბიოქიმფარმმა“ საქართველოსა და უზბეკეთში GMP ინსპექტირებები, ხოლო ყაზახეთში ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინსპექტირება წარმატებით გაიარა
„ბიოქიმფარმმა“ საქართველოსა და უზბეკეთში GMP ინსპექტირებები, ხოლო ყაზახეთში ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინსპექტირება წარმატებით გაიარა, - ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ წარმატებით გაიარა რამდენიმე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ინსპექტირება.
საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული განმეორებითი GMP ინსპექტირების შედეგად, წარმატებით დავადასტურეთ ჩვენი საწარმოს შესაბამისობა კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) მოთხოვნებთან და მივიღეთ შესაბამისი სერტიფიკატი. პირველად GMP სერტიფიკატი 2023 წლის 15 სექტემბერს მივიღეთ - ეს თარიღი განსაკუთრებით კარგად მახსოვს.
ამასთანავე, წარმატებით გავიარეთ უზბეკეთის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს GMP ინსპექტირება და ერთი კვირის წინ მივიღეთ შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაახლოებით ორი თვის წინ კი ყაზახეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჩატარდა ჩვენი კომპანიის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინსპექტირება, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა.
მსგავსი ინსპექტირებები ფარმაცევტული ინდუსტრიის მარეგულირებელი ზედამხედველობის განუყოფელი ნაწილია. GMP მოთხოვნებთან შესაბამისობის პერიოდული დადასტურება, ისევე როგორც ფარმაკოზედამხედველობის სისტემის ინსპექტირება, ხორციელდება შესაბამისი ქვეყნების კანონმდებლობითა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. შესაბამისად, როგორც საქართველოში, ისე ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე, რეგულარულად გავდივართ სხვადასხვა ტიპის მარეგულირებელ შემოწმებას.
ამ პროცესების მნიშვნელობას განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია უკვე რვა ქვეყანაში გადის ექსპორტზე, კომპანია კვლავ აქტიური საერთაშორისო გაფართოებისა და განვითარების ეტაპზეა. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, „ბიოქიმფარმი“ საერთაშორისო მასშტაბის ბიოფარმაცევტულ კომპანიად ჩამოყალიბდეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „ბიოქიმფარმი“ სრული საწარმოო ციკლის მქონე ფარმაცევტული მწარმოებელია. ჩვენი პროდუქციის წარმოების ყველა ძირითადი ეტაპი - ლაბორატორიული პროცესებიდან, ბაქტერიოფაგების წარმოებისა და ფარმაცევტული ფორმულირების ჩათვლით, მზა სამკურნალო პროდუქტის გამოშვებამდე - ხორციელდება საქართველოში, თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარე ჩვენს საწარმოში.
სტერილური თხევადი სამკურნალწამლო ფორმების წარმოება GMP მოთხოვნების შესაბამისად განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიურ, ხარისხობრივ და მარეგულირებელ სტანდარტებთან არის დაკავშირებული.
შესაბამისად, საქართველოსა და უცხოეთის მარეგულირებელი ორგანოების მიერ ჩვენი საწარმოს GMP მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება, ისევე როგორც ფარმაკოზედამხედველობის სისტემის წარმატებული ინსპექტირება, მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცების, ისე საექსპორტო ბაზრებზე საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.