ჩვენ წარმატებით გავიარეთ საქართველოს, უზბეკეთისა და ყაზახეთის სერტიფიცირების პროცესები - „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი
ჩვენ წარმატებით გავიარეთ საქართველოს, უზბეკეთისა და ყაზახეთის სერტიფიცირების პროცესები - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ საქართველოს GMP სერტიფიცირება ხელმეორედ. პირველად 2023 წლის 15 სექტემბერს გავიარეთ, ზუსტად მახსოვს ეს დღე. მეორედ გავიარეთ და ინსპექტორატი მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული მარეგულირებელი სააგენტოსგან და წარმატებით გავიარეთ რესერტიფიცირება.
ასევე გავიარეთ უზბეკეთის GMP სერტიფიცირება. ერთი კვირის წინ მოგვივიდა ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ორი თვის წინ გავიარეთ ასევე ყაზახეთის ფარმაკოზედამხედველობის სერტიფიცირების პროცესი, ინსპექტირება, რომელიც ასევე წარმატებით დავასრულეთ. მომავალში კიდევ რამდენიმე ასეთი პროცესი გველოდება.
ეს მუდმივად ხდება. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, სამ წელიწადში ერთხელ აუცილებელია ამ სერტიფიცირების გავლა თითქმის ყველა ქვეყანაში, საექსპორტო ქვეყნებში და არამხოლოდ ლოკალურადაც.
ამის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, იმიტომ რომ ჩვენი კომპანია, მართალია, ინტერნაციონალიზაციისა და ზრდის პროცესში განვითარებადი კომპანიაა, შეიძლება ითქვას, და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც საერთაშორისო, მულტინაციონალურ კორპორაციად ჩამოყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ რვა ქვეყანაში გვაქვს ექსპორტი, მაინც საშუალოდან გარდამავალ კომპანიად ითვლება.
ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი იწარმოება ნულიდან, ანუ წარმოების მთლიანი სასიცოცხლო ციკლი ნულიდან ლაბორატორიიდან თარომდე ხდება გოთუას ქუჩაზე, თბილისში, საქართველოში. ყველა კომპონენტი, წარმოების ყველა პროცესი და ყველა ფაზა საქართველოში ხორციელდება. სტერილური წამლის თხევადი ფორმების GMP სერტიფიცირება კი, განსაკუთრებით საერთაშორისო ქვეყნებში, რეპუტაციულად ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.
სხვა სიახლეები
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
22.10.2026.10:38
თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000 ₾-დან 70 000 ₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას და განვითარებას გეგმავს. პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას:
• უფასო ბიზნესნაკრები;
• თიბისის ტერმინალით სარგებლობისას, 0%-იანი საკომისიო გადასახადი
ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობისას, მეწარმეები, თიბისი ბიზნესის გუნდის მხარდაჭერით, შეძლებენ, სწორად დაგეგმონ და მართონ დაფინანსების მიღების მთლიანი პროცესი - წინასწარი კონსულტაციით გაიგონ, აკმაყოფილებენ თუ არა პროგრამის პირობებს, განსაზღვრონ დაფინანსების ოპტიმალური მოცულობა, მოამზადონ საჭირო დოკუმენტაცია და სწრაფად და მარტივად მართონ დაფინანსების თითოეული ეტაპი.
პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა