ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც წლებს გაუძლებს - რევაზ სოხაძე
ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც წლებს გაუძლებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ჩვენი და ბიზნესის ურთიერთობა, გამომდინარე იქედან, რომ იმ უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სამომავლოდ არის დაგეგმილი, გამორიცხულია ბიზნესის გარეშე. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან ამ საქმეში და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს.
ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მთავრობამ ზოგადად ამ სექტორის გასაჯანსაღებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე, ალბათ, უახლოეს კვირებში გვექნება საუბარი და გარკვეული შეჯამება, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის ერთ-ერთი არის ზუსტად ინდექსაცია, ოღონდ აქ მინდა, სწორად გავიგოთ, რომ ინდექსაცია არ ნიშნავს ყოველთვის აუცილებლად ფასების ზრდას. ეს ნიშნავს ადეკვატური, იმ მომენტში ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, კონტრაქტუალური ფასების კორექტირებას. თუ რომელიღაც კონკრეტულ პროდუქტზე ხდება ფასის ზრდა, შესაბამისად, ხდება ამ ფასის ზრდა კონტრაქტით, გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესი არ ჩავაყენოთ ცუდ მდგომარეობაში. ხოლო თუ ხდება ფასის კლება, შესაბამისად, ხდება ამ მიმართულებით ფასის კორექტირება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ თვალსაზრისით სარგებელს ნახულობს.
ეს ნაბიჯიც არის ერთ-ერთი იმ ნაბიჯთაგანი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ეს სექტორი ზოგადად გავაჯანსაღოთ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
მე ერთ რამეზე მინდა ვთქვა: ბოლო დღეების განმავლობაში მეც შემხვდა, მათ შორის სოციალურ ქსელში, ჩემი ნათქვამის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია, რბილად რომ ვთქვათ, რომ თითქოს მე სადმე ვთქვი, რომ გაჭიანურებული პროექტები გამოწვეულია იქედან, რომ ჩვენ გვინდა ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. სამწუხაროა, რომ ნებისმიერ ნათქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილი თუ ადამიანთა ჯგუფი ყოველთვის ცდილობს, რაღაცნაირად შემოატრიალოს. იმდენად, არ ვიცი, ალბათ, რადიკალურად არიან განწყობილი.
ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როდესაც არჩევანი დგას ხარისხსა და დროს შორის, იმიტომ, რომ რაღაც დროულად ჩაბარდეს და ჩვენ მოვინიშნოთ, რომ კი, ესა თუ ის ობიექტი დროულად დამთავრდა, ეს ვერ მოხდება ხარისხის ხარჯზე. ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი და დღესაც თამამად შემიძლია გითხრათ, არის ხარისხი, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ავაშენოთ და შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუძლებს წლებს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ფუნქცია და, მგონი, ხალხის მოლოდინიც ზუსტად ეს არის.
ხშირად ნახავთ, ხომ მოისმენთ, რომ გზა დაიგო რამდენიმე ხნის წინ და ხელახლა არის გასაკეთებელი, სკოლა რეაბილიტდა და ხელახლა არის სარეაბილიტაციო. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საზოგადოების გულისწყრომა, რომელიც ამას ობიექტურად აღნიშნავს, არის აბსოლუტურად სამართლიანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.
ის გამართლება, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად, უხარისხოდ მუშაობენ, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ ჩვენი ამოცანა და მიზანი ზუსტად ის არის, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ასეთი კომპანიების ადგილი საერთოდ არ იქნება ან მათ უბრალოდ არ მიეცემათ იმის საშუალება, რომ უხარისხო სამუშაო აწარმოონ“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა - რევაზ სოხაძე
30.10.2026.10:08
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
„კორუფციაზე და კორუფციულ რისკებზე უკვე, მგონი, ზედმეტიც არის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით ყველასთვის ცხადია. გადადგმული ნაბიჯებიც ადასტურებს, მგონი, საქართველოს მთავრობის მკაფიო პოზიციას ამასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტორში მომუშავე კომპანიები თუ ნებისმიერი აქტორი ამას გრძნობს, თუ რამდენად ხისტი დამოკიდებულებაა ჩვენი მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ.
რაც შეეხება ზოგადად პროცესის გაჯანსაღებას, ეს არის დაწყებული შესყიდვების კანონმდებლობიდან, შესყიდვების ფორმიდან, სატენდერო პირობებიდან გამომდინარე. ამის ცვლილებით თუ რა ნაბიჯებიც გადავდგით ჩვენ იმისთვის, რომ ეს პროცესი გაჯანსაღებულიყო და კიდევ უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. გამჭვირვალეობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ხაზი მინდა ერთ რამეს გავუსვა, რომ ჩვენთვის, და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც. კარგი, ძალიან მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნის ხელშეწყობა. ეს იქნება საგზაო მიმართულებით თუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანას სჭირდება ასეთი კომპანიები, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ უფრო დიდი და რთული პროექტები განახორციელოს.
თქვენ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძლიერი კომპანიები არის ამის ერთ-ერთი გარანტი. პროფესიონალური კადრების გაზრდა, რის ნაკლებობასაც ჩვენ ნამდვილად განვიცდით დღეს ქვეყანაში, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება ტექნიკური პროფესიების განვითარებას.
ის განათლების რეფორმა, რომელსაც დღეს მთავრობა ახორციელებს, ამოგლეჯილი რეფორმები არ არის. ეს არის მთლიანი ხედვა ქვეყნის განვითარებისა, როდესაც, ერთი მხრივ, შენ განათლების რეფორმას ახორციელებ, რომლის მიზანიც ზუსტად ის არის, რომ დეფიციტური პროფესიები, მათ შორის, ერთ-ერთი მიზანია, რომ დეფიციტური პროფესიები გახდეს უფრო მოთხოვნადი და დააფინანსო ამ მიმართულებით ახალგაზრდები და ასეთი კადრები გაზარდო.
მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება, რომ შემდგომში ეს ახალგაზრდები უკვე თავისუფლად დასაქმდნენ ამ სექტორში და ხელი შეუწყონ უკვე ამ სექტორის ზრდას. ეს ყველაფერი არის კომპლექსური ხედვის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარდეს და ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.