ჩვენი მთავარი ნიშა მაღალი ხარისხია - „შინარი“
„შინარი“ ქართული, ნატურალური პროდუქტების კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებლებს მარიამ გურგულიანსა და ნიკოლოზ ჯაჭვაძეს ესაუბრა.
- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მოგეხსენებათ, ბაზარზე ნატურალური პროდუქტების დეფიციტია. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს ორი უკიდურესი რეგიონიდან — სვანეთიდან და კახეთიდან მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქტები შეგვეთავაზებინა.
ამჟამად ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს: თაფლი, ჩურჩხელა, სვანური მარილი, სვანური სუნელები და კახური ზეთი.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ოპერირება ნოემბრიდან დავიწყეთ, ამ მოკლე დროში შევიძინეთ ბევრი ლოიალური მომხმარებელი. განსაკუთრებით დიდი დატვირთვა დეკემბერში, საახალწლო პერიოდში გვქონდა, რაც, ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხით არის განპირობებული.
- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და ნიშა მაღალი ხარისხია. არ ვცვლით ინგრედიენტების დოზებს და არ ვიყენებთ დამატებით შენარევებს ყველაფერი სუფთა და ნატურალურია.
კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას, ხარისხთან ერთად, წარმოადგენს უნიკალური პროდუქტი - კუბდარის საკმაზი, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ და ბაზარზე მისი ანალოგი არ არსებობს.

გვაქვს სახლური გემოები და მომხმარებელს ვთავაზობთ ზუსტად ისეთ პროდუქტს, როგორსაც თავად მივირთმევდით და მივირთმევთ.
- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
პირველივე დღიდან ჩვენი მიზანია მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მივიღეთ საშობაო ბაზრობაზე, სადაც მომხმარებლებს შევხვდით. მათ საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ და შეეფასებინათ ჩვენი პროდუქცია.
მომხმარებლების ინტერესის, მოთხოვნის და ასევე ჩვენი სურვილის გათვალისწინებით, სამომავლოდ ფიზიკური მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოსვლა და პროდუქციის ადგილზე დათვალიერება. გვინდა, ეს პროცესი იყოს უფრო კომფორტული როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა ამჟამად მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.

სხვა სიახლეები
„შინარი“ ზრდას განაგრძობს - ახალი პროდუქტები, მიტანის სერვისის გაუმჯობესება და ფიზიკური მაღაზიის გეგმები
15.07.2026.18:00
„შინარი“ პროდუქციის ასორტიმენტის განვითარებას განაგრძობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „შინარის“ დამფუძნებლებს, მარიამ გურგულიანსა და ნიკოლოზ ჯაჭვაძეს, ესაუბრა.
როგორია „შინარის“ მიმდინარე სიახლეები და რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
ასორტიმენტში მცირე ცვლილებები გვაქვს - პერიოდულად ახალ სანელებლებს ვამატებთ.
რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კახური ზეთი გახდა. ფაქტობრივად, მისი მომხმარებლების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რათა მარაგები მუდმივად გვქონდეს.
როგორია დღეს თქვენი პროდუქციის ასორტიმენტი და რა მიმართულებებს მოიცავს?
ძირითადი ასორტიმენტი უცვლელია: თაფლი, ჩურჩხელა, სვანური მარილი, სვანური სუნელები და კახური ზეთი.
რომელ პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოთხოვნა და როგორია მომხმარებლის ინტერესის დინამიკა?
ვფიქრობდით, რომ ზაფხულის პერიოდში მოთხოვნა შემცირდებოდა, თუმცა, პირიქით, კახურ ზეთზე მოთხოვნა თითქმის ორჯერ გაიზარდა. სტაბილურად მაღალია ინტერესი სანელებლების მიმართაც.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა რითეილ სექტორის დაინტერესებაც. სულ უფრო მეტი სავაჭრო ობიექტი ამატებს ჩვენს პროდუქციას საკუთარ ასორტიმენტში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ძირითადი მიმართულებები?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიტანის სერვისის განვითარებაა. ამჟამად მომხმარებელი შეკვეთას მომდევნო დღეს იღებს, თუმცა ჩვენი სურვილია, რამდენიმე თვის განმავლობაში სერვისი ისე განვავითაროთ, რომ შეკვეთიდან მაქსიმუმ ერთ საათში მივაწოდოთ მომხმარებელს პროდუქცია, როგორც ეს სწრაფი დელივერის პლატფორმების შემთხვევაში ხდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ფიზიკური მაღაზიის გახსნაა. მომხმარებლებისგან ამის შესახებ მუდმივად ვიღებთ მოთხოვნას - მათ სურთ, პროდუქცია ადგილზე ნახონ და შეიძინონ. სწორედ ამიტომ, მიტანის სერვისის გაუმჯობესების შემდეგ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ფიზიკური სივრცის გახსნა იქნება.
რაც შეეხება ასორტიმენტს, საშემოდგომო სეზონისთვის რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებას ვგეგმავთ. სეზონურად კვლავ დავამატებთ ჩირსა და ჩურჩხელას. ასევე აქტიურად ვეძებთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებიც ჩვენი ხარისხის სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე ვმუშაობთ მთის ჩაის ნატურალური მიქსების დამატებაზეც, რომელიც სხვადასხვა მცენარისა და ხილისგან იქნება დამზადებული.
გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებასაც განვიხილავთ. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ პროდუქცია უშუალოდ მისი წარმოების ადგილიდან ჩამოვიტანოთ, რისთვისაც ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებაა საჭირო, რათა პროდუქტმა გზაში ხარისხი და ბუნებრივი თვისებები სრულად შეინარჩუნოს. როგორც კი ეს საკითხები მოგვარდება, მომხმარებელს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.