ჩვენი სტუმრების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია - მათი ძირითადი ნაწილი ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ისრაელიდან ჩამოდის | Vinotel-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების და მარკეტინგის მენეჯერი
მიმდინარე ტურისტული სეზონი Vinotel-ისთვის პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს. სასტუმრო სტაბილურად მაღალ დატვირთვას ინარჩუნებს და სტუმრების გეოგრაფიაც მრავალფეროვანია.
როგორ იცვლება სტუმრების მოთხოვნები, რომელი ბაზრებიდან იზრდება ინტერესი და რა გეგმები აქვს Vinotel-ს წლის დარჩენილ პერიოდში - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობების და მარკეტინგის მენეჯერი, მარი ჭყოიძე ესაუბრა.
როგორ მიმდინარეობს Vinotel-ისთვის მიმდინარე ტურისტული სეზონი და როგორია დატვირთვა წინა წელთან შედარებით?
მიმდინარე ტურისტული სეზონი Vinotel-ისთვის პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს, რაც წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს გვაძლევს. წინა წელთან შედარებით შევინარჩუნეთ სტაბილურად მაღალი დატვირთვა, ხოლო გარკვეულ პერიოდებში ჯავშნების ზრდაც შეინიშნება. თუმცა, ვფიქრობთ, დღევანდელ რეალობაში წარმატებას მხოლოდ დატვირთვის მაჩვენებლებით აღარ უნდა ვაფასებდეთ.

ტურიზმი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი აქცენტი ვიზიტორების რაოდენობაზე კეთდებოდა, დღეს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მათი ინტერესები, მოგზაურობის მიზანი და იმ გამოცდილების ხარისხი, რომელსაც ქვეყანა და კონკრეტული სასტუმრო სთავაზობს. სწორედ ამიტომ, Vinotel-ისთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ მაღალი დატვირთვა, არამედ სტუმრისთვის ღირებული, დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა.

რომელი ქვეყნებიდან მასპინძლობთ ყველაზე მეტ სტუმარს და როგორ შეიცვალა ვიზიტორების გეოგრაფია ბოლო პერიოდში?
ჩვენი სტუმრების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია - მათი ძირითადი ნაწილი ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ისრაელიდან ჩამოდის. ამასთან, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს ვამჩნევთ მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდანაც. გასულ თვეს Vinotel-ის სტუმრებს შორის იყვნენ უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული დანიშნულების ადგილის, მიმართ მზარდ ინტერესს. ვფიქრობთ, ეს მიმართულება მომავალშიც კიდევ უფრო გაძლიერდება და სტუმრების ნაკადის ზრდას ამ რეგიონიდანაც ველოდებით.

რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ბოლო წლებში შეიცვალა თავად მოგზაურის მოტივაცია. საქართველო აღარ არის მხოლოდ ახალი და საინტერესო მიმართულება - ის უფრო და უფრო ხშირად ხდება გაცნობიერებული არჩევანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ ღვინის კულტურას, ავთენტურ გასტრონომიას, ისტორიას და ადგილობრივ ტრადიციებს. ეს ცვლილება განსაკუთრებით იგრძნობა ისეთ ბუტიკურ სასტუმროებში, როგორიც Vinotel-ია, სადაც სტუმარი იღებს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ ნამდვილ ქართულ გამოცდილებას.

დღეს სტუმრები სასტუმროს შერჩევისას რა კრიტერიუმებს ანიჭებენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას და როგორ პასუხობს Vinotel ამ მოთხოვნებს?
დღევანდელი მოგზაური ბევრად უფრო მომთხოვნია. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ავთენტურობა, ინდივიდუალური მიდგომა, ისტორია და ემოციური კავშირი იმ ადგილთან, რომელსაც სტუმრობს.
Vinotel სწორედ ამ პრინციპზეა აგებული. ჩვენ ვართ პრემიუმ სეგმენტის ბუტიკური სასტუმრო, სადაც ისტორიული გარემო, ქართული ღვინის კულტურა, გასტრონომია და პერსონალიზებული მომსახურება ერთიან გამოცდილებას ქმნის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ თითოეულმა სტუმარმა საქართველო არა მხოლოდ ნახოს, არამედ იგრძნოს და გაიცნოს.

რას გეგმავთ წლის დარჩენილ პერიოდში და რა სიახლეებს შესთავაზებთ სტუმრებს?
ახალ სეზონს განახლებული მენიუთი შევხვდით - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ. მენიუს განახლებისას შევინარჩუნეთ Vinotel-ის კულინარიული ხასიათი და ქართული ტრადიციებისადმი ერთგულება, თუმცა ამავდროულად შევიტანეთ ახალი კერძები და თანამედროვე მიდგომები, რათა ჩვენი სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი გასტრონომიული გამოცდილება შეგვეთავაზებინა.

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი მიმართულება სტუმრებისთვის უკვე არსებული სერვისების კიდევ უფრო განვითარება და ახალი, პერსონალიზებული გამოცდილებების შეთავაზება იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ღვინის ტურიზმს, კერძო და სადღესასწაულო ღონისძიებებს და იმ შეთავაზებებს, რომლებიც Vinotel-ის უნიკალურ გარემოსა და ქართულ სტუმარმასპინძლობას კიდევ უფრო გამოკვეთს.

სხვა სიახლეები
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
17.09.2026.16:09
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკის კამპანიას – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – შეუერთდა და პარტნიორობისთვის პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი შეარჩია. ინიციატივის მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ბრენდების ჩართულობით მათი ხილვადობის გაზრდა.
გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია. 2023 წელს პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე მან, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთ წარმატებას მიაღწია, 2026 წლის ივნისში კი მერსინში ხმლით ფარიკაობაში კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.

გვანცა ზადიშვილი, პარალიმპიელი ჩემპიონი: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, ძალიან ემოციური მომენტია, რომ „თეგეტამ“ პარტნიორობისთვის ამირჩია. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, მიღწევები და ის გზა, რომელიც ამ შედეგებამდე გავიარე, ადამიანებმა და კომპანიამ დაინახეს და დააფასეს. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იცი, რომ გვერდით გიდგას ბრენდი, რომელსაც შენი სჯერა, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს, მეტი იშრომო და ახალი მიზნები დაისახო.
განსაკუთრებით მიხარია, რომ საზოგადოება, სპორტულ შედეგებთან ერთად, ჩემს ისტორიასაც გაიცნობს – იმ გზას, რომელიც მედლებამდე გავიარე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტი, არამედ ის შრომა, სირთულეები და ბრძოლაც, რომელიც თითოეული წარმატების უკან დგას. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ამ ყველაფრის აღიარებაა და ძალიან მიხარია, რომ ამ გზაზე ახლა „თეგეტა“ ჩემ გვერდით იქნება“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საქართველოს ბანკის ინიციატივაში მონაწილეობა ინკლუზიური და თანასწორი გარემოს მხარდაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მიზანდასახული ადამიანების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას საკვანძო მიმართულებებად მიიჩნევს.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტას“ CSR კოორდინატორი: „ჩვენთვის საინტერესოა ისეთი ინიციატივები, რომლებიც ბევრ ინდივიდსა და კომპანიას ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაც, მათ შორის Tegeta Care-ის პლატფორმა, სწორედ თანამოაზრეების გაერთიანებასა და საზოგადოებისთვის ფასეული ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ბანკის კამპანიის ნაწილი გავმხდარიყავით.
ვფიქრობ, პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგებზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ – მათი გამარჯვებები შეუპოვრობისა და მიზნისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია. რაც უფრო ხილული იქნება ეს გზა და რაც უფრო მეტი კომპანია თუ ადამიანი დაუდგება მათ გვერდით, მით უფრო გაიზრდება მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები.
გვანცას ისტორია გვაჩვენებს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი მაშინ, როცა მიზნისკენ შეუჩერებლად მიდიხარ. გვჯერა, რომ ამ წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე მასთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავივლით“.

გვანცა ზადიშვილის სპორტული მიღწევებისა და ისტორიის მხარდაჭერა „თეგეტას“ მიმდინარე კამპანიის – „გაიარე მეტი“ – იდეასაც ეხმიანება. კომპანიისთვის პარტნიორობა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას არ ნიშნავს და მიზნად ისახავს იმ გზის მხარდაჭერასაც, რომელიც მომავალ მიზნებსა და გამარჯვებებამდე მიდის.
საქართველოს ბანკის კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომლის ვიზუალებიც ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკაზეა დაფუძნებული. თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია და მას მთავარი კითხვა იკავებს – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ იდეა ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევის შექმნაა – შეავსონ ეს სივრცე და პარასპორტსმენებთან პარტნიორობა დაიწყონ.

მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდმარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი, როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის, უმთავრესი მისიაა, ქართველმა პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც საკუთარი უდიდესი შრომითა და მიღწევებით იმსახურებენ. დღეს სპორტსმენების ხილვადობასა და პოპულარობას მხოლოდ მედლები აღარ განსაზღვრავს – ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას. სწორედ ამიტომ შევქმენით კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - რომელიც ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევაა – შეავსონ სარეკლამო ვიზუალებზე დატოვებული ცარიელი ადგილი და გახდნენ ჩემპიონების მხარდამჭერები.
„თეგეტას“ სახით პროექტში კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის შემოერთება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ბიზნესი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს უფრო თანასწორი, ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში. პროექტში უკვე 15-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ბევრი ბრენდი უპასუხებს მთავარ შეკითხვას – რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი უკვე „თეგეტასთან“ ერთად განაგრძობს სპორტული კარიერის გზაზე სვლას, რომელიც ახალი მიზნებისა და გამარჯვებებისკენ მიდის. კომპანიასთან ერთად კი გვანცას სპორტული გზის მხარდაჭერა tegeta.care-ის პლატფორმის დახმარებით რიგით ადამიანებსაც შეეძლებათ.
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.