ჩვენი წარმატების მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები იქნება - რევაზ სოხაძე
ჩვენი მიზანი მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის. ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი“. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის სამშენებლო სექტორი გაძლიერდეს და ქართულ კომპანიებს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.
მინისტრის განმარტებით, სატენდერო პირობების ცვლილების შედეგად, ქართულ კომპანიებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად ჩაერთონ. ამის მაგალითია თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, სადაც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონსორციუმები ჩამოყალიბდა.
სოხაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა, ასევე ამზადებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში ქართულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობებსა და შეღავათებს შესთავაზებს. პარალელურად, იგეგმება იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებს დროულად და მაღალი ხარისხით შეასრულებენ.
„სახელმწიფოს ამოცანაა, ქართულ ბიზნესს შეუქმნას პირობები ზრდისთვის, ახალი ტექნიკის შეძენისთვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა.
„საუბარია თითოეულ ლარზე, რომელიც მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან იხარჯება. ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ამ რესურსს და ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობა გავზარდოთ. არ არის ნორმალური, რომ ახლად აშენებული გზა რამდენიმე წელიწადში სარემონტო გახდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა პროექტი შესრულდეს მაღალი ხარისხით, სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს არ ჩაიბარებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო კერძო სექტორთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს და ყველა გამოწვევას ბიზნესთან ერთად განიხილავს.
„შეიცვალა მიდგომები და გაიზარდა ხარისხის სტანდარტები, რაც გარკვეულ შემთხვევებში დამატებით დროსაც მოითხოვს. თუმცა ჩვენთვის ხარისხი კომპრომისის საგანი არ არის. სახელმწიფო და ბიზნესი ამ პროცესს ერთად გადიან და საბოლოო მიზანიც საერთო გვაქვს - ქვეყნისთვის თანამედროვე, მდგრადი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნა“, - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Cinnabon-ი გაფართოებას განაგრძობს და კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს
12.06.2026.10:00
Cinnabon-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე დაახლოებით ოთხი წლის წინ გამოჩნდა. მომხმარებელთა მოთხოვნასა და განვითარების სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Cinnabon-ის პიარ-დირექტორს, ქეთი ფეიქრიშვილს ესაუბრა.
რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებლებს ბოლო პერიოდში?
2025 წლის ბოლოს East Point-ის ახალ სივრცეში მესამე ფილიალი გავხსენით. გარდა ამისა, ასორტიმენტს რამდენიმე ახალი პროდუქტი დავამატეთ, რომელთა დაგემოვნებაც მომხმარებლებს უკვე ჩვენს ყველა ფილიალში შეუძლიათ.
როგორ ვითარდება თქვენი ასორტიმენტი და რა პროდუქტები ან მომსახურებები სარგებლობს დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნით?
ასორტიმენტს პერიოდულად ემატება ახალი პროდუქტები, მოგეხსენებათ ჩვენ ფრენჩაიზი გვაქვს და დამოკიდებულები ვართ ბრენდზე და მივყვებით მსოფლიო მოთხოვნებს. ყველა პროდუქტი მოთხოვნადია, თუმცა ლიდერობს კლასიკური როლი ვინაიდან ის გახლავთ სინაბონის სავიზიტო ბარათი. ასევე პოპულარულია სინაბონის ლიმონათები „სინაფრიზები” და ასევე „ჩილატები” - ნაღების და რძის ბაზაზე დამზადებული კოქტეილები.
როგორ აფასებთ მომხმარებელთა მოთხოვნას და რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე?
მომხმარებლების უკუკავშირსა და რეკომენდაციებს მუდმივად ვითვალისწინებთ. ყოველდღიური ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელთაც განსაკუთრებულად მოსწონთ ჩვენი ყავა, რომელიც მართლაც გამორჩეულია. დიდი პოპულარობით სარგებლობს სასაჩუქრე ბოქსებიც, რომელთა მიმართ მოთხოვნა მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, სამომავლოდ ბოქსების ზომების გაფართოებას ვგეგმავთ.
როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა ისინი ახალი ფილიალების გახსნასა და საქმიანობის გაფართოებას?
კომპანია მუდმივად მუშაობს განვითარებასა და ქსელის გაფართოებაზე. ჩვენი მიზანია, ბრენდი კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მიმდინარე წელს მომხმარებლებს კიდევ ერთ ახალ ფილიალს შევთავაზებთ.