ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია - "ყვარლის სარდაფი" CIIE 2025-ზე
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5 – 10 ნოემბერს მიმდინარეობდა, 40 - მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევდა ორგანიზებას.
„გამოფენა საინტერესოდ მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ შესაძლებლობას გვაძლევენ, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოს. ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია,“ - განაცხადა ყვარლის სარდაფის წარმომადგენელმა ლიკა პარტენიშვილმა.
5-10 ნოემბერს, შანხაიმ საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას - China International Import Expo (CIIE) უმასპინძლა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. 2025 წელს CIIE-ზე წარმოდგენილი იყო 3,000-ზე მეტი ორგანიზაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 150,000-ს მიაღწია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.