Coca-Cola-მ წლიური ფინანსური პროგნოზი გაზარდა
Coca-Cola-მ მეორე კვარტლის ისეთი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც უოლ სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. ამასთან, კომპანიამ წლიური ფინანსური პროგნოზი გაზარდა. შედეგების გაუმჯობესებას ხელი შეუწყო კომპანიის სასმელებზე გაზრდილმა მოთხოვნამ, რასაც ნაწილობრივ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიც განაპირობებდა.
Coca-Cola ახლა ერთ აქციაზე მოგების 9%-10%-იან ზრდას ელოდება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 8%-9% იყო. ამასთან, კომპანია შემოსავლების დაახლოებით 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
სიახლის გამოქვეყნების შემდეგ Coca-Cola-ს აქციები 7%-ზე მეტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
მეორე კვარტალში Coca-Cola-ს წმინდა მოგებამ 4.43 მილიარდი დოლარი, ანუ 1.03 დოლარი ერთ აქციაზე შეადგინა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3.81 მილიარდი დოლარი, ანუ 0.89 დოლარი ერთ აქციაზე იყო.
აქტივების გაუფასურების, რესტრუქტურიზაციისა და სხვა ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ 0.97 დოლარი ერთ აქციაზე შეადგინა.
წმინდა გაყიდვები 7%-ით გაიზარდა და 13.38 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, შემოსავალი, რომელიც არ ითვალისწინებს შესყიდვების, აქტივების გაყიდვისა და სავალუტო კურსების ცვლილების გავლენას, კვარტალში 6%-ით გაიზარდა.
კომპანიის გლობალური გაყიდვების მოცულობა 5%-ით გაიზარდა, ხოლო ზრდა ყველა საოპერაციო სეგმენტში დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი ფასების ეფექტს გამორიცხავს და მომხმარებელთა რეალურ მოთხოვნას უფრო ზუსტად ასახავს.
სხვა სიახლეები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
05.08.2026.12:27
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კატეგორიაში.
Euromoney Awards for Excellence ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიღწეული შედეგებისა და განხორციელებული ინიციატივების საფუძველზე აფასებს.
საერთაშორისო დონეზე, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით წლების განმავლობაში ჯილდოებს იღებდნენ ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Morgan Stanley, HSBC, BCI. 2025 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საუკეთესო ბანკად კი Erste Bank დასახელდა.
წელს, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კატეგორიაში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დასახელდა. ფინანსური ინსტიტუტი Euromoney-ს ჟიურის მიერ რეგიონის წამყვან ბანკებთან ერთად შეფასდა.
გამოცემა ჯილდოს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს ანიჭებს, რომლებიც საზოგადოებისთვის გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის შექმნასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ.
საქართველოს ბანკისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის რეალიზებისთვის შესაძლებლობების შექმნა ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიზნით ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო, სოციალურ, გარემოსდაცვით და მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 500 000-ს აჭარბებს.
ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისა და მეწარმეების გაძლიერებას, გარემოსა და კულტურის მხარდაჭერას. ამ ინიციატივების მიზანია, შექმნას გრძელვადიანი შესაძლებლობები, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ადამიანების, ისე ქვეყნის მდგრად განვითარებას.
„Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ინიციატივები და მათი გავლენა საზოგადოებაზე, საერთაშორისო დონეზეც გამორჩეულად ფასდება.
საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება - ის იმ შესაძლებლობებითაც განისაზღვრება, რომელსაც ადამიანებისთვის ვქმნით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კორპორატიული პასუხისმგებლობის სტრატეგია ორიენტირებულია ისეთი ინიციატივების განხორციელებაზე, რომლებიც ადამიანებს განათლების, პროფესიული განვითარების, მეწარმეობისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.
დღეს 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორისაა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, თანამედროვე ბიბლიოთეკები - იდეათეკები, STEM განათლების მხარდამჭერი პროექტები, ფინანსური განათლების ინიციატივები, გარემოს დაცვის პროგრამები და არაერთი სხვა ინიციატივა, რომლებიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით - მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოდ მიიჩნევა და უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავლენს.