Craft Food-მა ამერიკის ბაზარზე პირველი ფილიალი გახსნა
Craft Food-მა საერთაშორისო განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო – ქართულმა სწრაფი კვების ქსელმა ამერიკის ბაზარზე, ნიუ-იორკში, პირველი ფილიალი გახსნა. რატომ შეირჩა აშშ-ის ბაზარი, რა კონცეფციით წარდგება ბრენდი საერთაშორისო მომხმარებლის წინაშე და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Craft Food Holding-ის ბრენდის სტრატეგი და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეა ცომაია ესაუბრა.
Craft Food-მა ამერიკის ბაზარზე ნიუ-იორკში პირველი ფილიალი გახსნა. როგორ გაჩნდა ეს იდეა და რას ნიშნავს თქვენთვის საერთაშორისო ბაზარზე
გასვლა?
Craft Food-ის საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენა ჩვენთვის, როგორც ქართული ბრნდისთვის, განვითარების სრულიად ახალი და განსხვავებული ეტაპია. საქართველოში უკვე 4 წელია, რაც ვაშენებთ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მრავალფეროვან და ჯანსაღი სწრაფი კვების გამოცდილებას ერთ სივრცეში. ამ პერიოდში შევძელით შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც ბევრი ადამიანი ირჩევს და ენდობა, გაგვეფართოებინა ქსელი, დაგვენერგა არაერთი ახალი კონცეფცია და დაგვემტკიცებინა, რომ ქართული კომპანია წარმატებით შეიძლება ოპერირებდეს მაღალი სტანდარტებით. სწორედ ამ გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ბაზრისკენ გადაგვედგა.

ნიუ-იორკში პირველი ფილიალის გახსნა ჩვენთვის მხოლოდ ახალი ფილიალის დამატება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართული ბრენდი გავიტანოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე, გავაცნოთ საერთაშორისო მომხმარებელს ჩვენი ხედვა თანამედროვე Craft fast Food კვებაზე და ამავდროულად ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ქართული ბრენდი შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ბაზარზეც.

რატომ შეარჩიეთ პირველი საერთაშორისო ფილიალისთვის სწორედ ნიუ-იორკი და კონკრეტულად ბრაიტონ ბიჩი?
ნიუ-იორკი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და დინამიკური კულინარიული ქალაქია მსოფლიოში. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მუდმივად ეძებენ ახალ გემოებს, განსხვავებულ კონცეფციებსა და ავთენტურ გამოცდილებას, ამიტომ სწორედ აქ გვინდოდა პირველი საერთაშორისო ნაბიჯის გადადგმა.

რაც შეეხება ბრაიტონ ბიჩს, ამ ლოკაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. აქ ცხოვრობს ძლიერი ქართული დიასპორა, რაც საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში სწორედ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი, ვინც უკვე იცნობს ქართულ გემოს და ენდობა მას. ამასთანავე, ბრაიტონ ბიჩი მრავალეროვნული უბანია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს. ამიტომ ჩვენთვის ეს საუკეთესო ადგილია, სადაც ერთდროულად შეგვიძლია მივმართოთ როგორც ქართველ მომხმარებლებს, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად ეცნობიან ქართული ბრენდის იდეას.

იქნება თუ არა ნიუ-იორკის ფილიალში წარმოდგენილი იგივე კონცეფცია და
მენიუ, რაც საქართველოში, თუ ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალურად მორგებულ პროდუქტებსაც შესთავაზებთ მომხმარებლებს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიუ-იორკში გახსნილ პირველ ფილიალს შეენარჩუნებინა Craft fast Food-ის იდენტობა. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს ადგილზე დახვდებათ ის კონცეფცია, რომელმაც ბრენდი საქართველოში პოპულარული გახადა - ჩვენი საფირმო შაურმა, ბურგერი, პიცა, ლობიანი და იმერული ხაჭაპური, რომელიც ქართული ტრადიციული რეცეპტით მზადდება კრაფტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წარმოებისას კეტჩუპისა და მაიონეზის ნაცვლად გამოიყენება ჩვენ მიერ დამზადებული სოუსები, ასევე ხორცი მუშავდება გაუყინავ ნედლ მდგომარეობაში. გარდა ამისა, ბურგერის ფუნთუშები ადგილზე ცხვება ნახშირის ბაზაზე, რის გამოც პროდუქტი გაცილებით მსუბუქი და ჯანსაღია.

ჩვენი სურვილია, ამერიკის მომხმარებელს სწორედ ამ პროდუქტების საშუალებით გავაცნოთ ჯანსაღად წარმოებული სწრაფი კვების ქართული კულტურა და გამოცდილება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საერთაშორისო ბრენდის მსგავსად, ყურადღებით მოვისმენთ მომხმარებლების უკუკავშირს და შევისწავლით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. საჭიროების შემთხვევაში მენიუ ეტაპობრივად განვითარდება, თუმცა ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩება - შევინარჩუნოთ Craft fast Food-ის ის ხარისხი, ავთენტურობა და გამოცდილება, რომელიც მომხმარებლებს საქართველოში შეუყვარდათ.

გაქვთ თუ არა უკვე სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების გეგმებიც, თუ
ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი ამერიკის ბაზარზე წარმატებული ოპერირების
დაწყებაა?
საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება ჩვენი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ნაწილია ნამდვილად. თუმცა ჩვენი სტრატეგია ყოველთვის ეფუძნებოდა არა სწრაფ, არამედ გააზრებულ და მდგრად ზრდას. სწორედ ასე ვითარდებოდა Craft fast Food საქართველოშიც - თითოეული ახალი პროექტი ემყარებოდა დაგროვილ გამოცდილებას, ხარისხის შენარჩუნებასა და მომხმარებლის ნდობის გაღრმავებას.

დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ნიუ-იორკის ფილიალის წარმატებული ოპერირება და ამერიკის ბაზარზე ძლიერი პოზიციის დამკვიდრება. გვინდა, ეს პროექტი გახდეს მაგალითი იმისა, რომ ქართული ბრენდი წარმატებით შეიძლება განვითარდეს საერთაშორისო ბაზარზეც. რა თქმა უნდა, ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ, მომავალში სხვა საერთაშორისო ბაზრების მიმართაც გვექნება ინტერესი, თუმცა დღეს ჩვენი სრული ყურადღება მიმართულია იმაზე, რომ ნიუ-იორკში მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება და ამერიკაში Craft fast Food-ის წარმატებული ისტორიის პირველი თავი დავწეროთ.

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
27.10.2026.18:33
საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში გამარჯვებული გახდა გლობალურ კატეგორიაში Best AI Application for Financial Inclusion and Underserved Communities.
ჯილდო უკავშირდება საქართველოს ბანკის პროექტს, რომლის მიზანიც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საქართველოში 800 000-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მათ შორის არიან მასწავლებლები, დიასახლისები, ფერმერები და სხვა პირები, რომლებიც მანამდე საფინანსო სერვისებით სარგებლობისას სხვადასხვა ბარიერს ხვდებოდნენ.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკოსისტემა შექმნა, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიკაციას, შემოსავლის შეფასებას, საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრასა და რისკების მართვას ერთიან პროცესში აერთიანებს. პროექტმა ფინანსური ინკლუზიის გაფართოებას სამი მიმართულებით შეუწყო ხელი:
• ფინანსურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდა ქალებს, რომლებიც მანამდე ფორმალური საფინანსო სისტემის მიღმა რჩებოდნენ;
• სერვისი ყველა არხსა და ფილიალში გავრცელდა. ამასთან, 787 ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით მომსახურება 2 900 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი;
• ამასთანავე, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და თვითდასაქმება შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბებით.