დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, 12 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას Fulbright-ის პროგრამის შესახებ, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ხორციელდება და ქართველ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
• როგორ მოიპოვონ სრული დაფინანსება აშშ-ში სასწავლებლად;
• რა მიმართულებებზე არის შესაძლებელი სწავლის გაგრძელება, პროგრამის ფარგლებში;
• რას მოიცავს Fulbright-ის სტიპენდია;
• როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსებისა და შერჩევის პროცესი;
• რა გამოცდილებასა და შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა ქართველ სტუდენტებს.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან ნინა გაბადაძე, პროგრამის კოორდინატორი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე სალომე ცეცხლაძე, Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატი.
ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ დაუსვან კითხვები პროგრამის კოორდინატორსა და Fulbright-ის კურსდამთავრებულს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც განაცხადის პროცესზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გამოცდილებაზე.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ ხარისხიანი განათლება და განავითარონ პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში.
ვებინარი 12 ივნისს, 17:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება. რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები შეხვედრის ბმულს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვებინარზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
რიცხვებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება არის ის, რაც უნდა გამოარჩევდეს მენეჯერს - დავით ბირმანი
10.06.2026.13:30
მენეჯერისთვის მთავარია მოახდინოს ორკესტრაცია რამდენიმე ქვედანაყოფის ისე, რომ არც მარკეტინგი არ დაიჩაგროს და არც ძალან ზევიდან არ აღმოჩნდეს, - აცხადებს მარკეტერი დავით ბირმანი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
მისივე თქმით, მენეჯერის მთავარი ამოცანა პროცესების საკუთარ თავზე აღება კი არა, გუნდისადმი ნდობა, სხვადასხვა მიმართულების კოორდინაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაა,
„ჩემი ღრმა რწმენით, მენეჯერი არის ის ადამიანი, რომელმაც პირველ რიგში უნდა იცოდეს საკუთარი თავი როგორ გასწიოს ამ პროცესიდან. ანუ ყველაფერი მის თავზე არ აიღოს. მეორე, რომ ენდოს იმ ხალხს ვისაც ხელფასს უხდის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, რომ თან ხელფასს უხდის და თან თვითონ აკეთებს საქმეს. და კონკრეტულად მარკეტინგთან ურთიერთობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ მენეჯერისთვის მთავარი არის, რომ გარდა იმისა, რომ გაიწევა, არის ის რომ მოახდინოს ორკესტრაცია რამდენიმე ქვედანაყოფის ისე, რომ არც მარკეტინგი არ დაიჩაგროს და არც ძალიან ზევიდან არ აღმოჩნდეს. ამ მექანიზმში ყველა ჭანჭიკს ჰქონდეს მისი ადგილი და ეს არის მე მგონი საბაზისო მენეჯმენტის განმარტება. რიცხვებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება არის ის, რაც უნდა გამოარჩევდეს მენეჯერს“, - მიიჩნევს დავით ბირმანი.