დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რა არის STEM სკოლა
STEM სკოლა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების შესახებ.
ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიებისა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის საჭირო იქნება. STEM სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს ის საბაზისო ცოდნა, რომლითაც ისინი შეძლებენ დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას მომავალში.
როგორია სწავლების ფორმატი
პროექტში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ (შაბათს ან კვირა დღეს, დილის ან შუადღის ცვლაში) შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ სამსაათიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები და მოწვეული პედაგოგები ატარებენ.
როგორია სასწავლო პროგრამა
STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი. STEM სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალური ონლაინპლატფორმა Tinkercad გამოიყენება, ხოლო პროექტები მიკროკონტროლერ Arduino-სა და მისი შესაბამისი ელექტრონული კომპონენტების ნაკრების საშუალებით სრულდება.
პროექტი ორმოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვეს გრძელდება. პირველ მოდულში მოსწავლეები ძირითადად ელექტროინჟინერიისა და მიკროკონტროლერების, მათი სენსორების მართვის საწყისებს ეუფლებიან, რომლის შესასწავლადაც ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკის (ელექტრობა) და პროგრამირების მიმართულებით.
მეორე მოდულში მოსწავლეები რეალურ ამოცანებსა და პროექტებს ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ. ამ ეტაპზე ისინი აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სწავლის პროცესში, რაც ერთი მხრივ, სახალისოა, მეორე მხრივ – შემეცნების საუკეთესო და აღიარებული საშუალებაა.
ვისთვის არის განკუთვნილი STEM სკოლა
პროექტი განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას.
STEM სკოლის შექმნის ერთ-ერთი იდეა მაღალი ხარისხის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. საგაკვეთილო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანამ, ფაქტობრივად, მოხსნა გეოგრაფიული ბარიერი.
წელიწადში 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს კი სწავლის საფასურს მთლიანად უფინანსებს საქართველოს ბანკი და გადასცემს სწავლისთვის საჭირო მოწყობილობებს, 30 მოსწავლეს კი 50% უფინანსდება. როგორც თავად მოსწავლეები ამბობენ, მუშაობა ტექნოლოგიებთან უწევთ, ამიტომ ონლაინ გაკვეთილები ძალიან ხელსაყრელია.
სხვა სიახლეები
„ხემსი“ ახალი პროდუქტების დამატებას და გაყიდვების არხების გაფართოებას გეგმავს
22.09.2026.14:00
„ხემსი“ ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პროდუქტისა და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა პავლიაშვილი Business Insider Georgia-სთან ბრენდის საქმიანობის, მიმდინარე ასორტიმენტის, მომხმარებლის მოთხოვნისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ხემსი - HEMSY ქართული ჯანსაღი კვების ბრენდია, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ პერიოდში ბრენდი მომხმარებელს დღევანდელისგან განსხვავებულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარკვეული პერიოდის პაუზისა და მცირე რეორგანიზაციის შემდეგ, HEMSY-ის წარმოება 2026 წელს ახალი კონცეფციითა და პროდუქციით განახლდა.
დღეს ჩვენი მთავარი მიმართულება არის გემრიელი და უფრო გააზრებული კვების ალტერნატივების შექმნა, რომლის მთავარი პროდუქტიც ამ ეტაპზე ჰუმუსია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს კლასიკურსა და შოკოლადის ჰუმუსს, რომლებიც აერთიანებს როგორც ნოყიერ, ყოველდღიურ საკვებს, ისე ტკბილეულის უფრო განსხვავებულ, უშაქრო ალტერნატივას.

ჩვენი მთავარი იდეაა, რომ ჯანსაღი კვება არ უნდა ნიშნავდეს გემოსა და სიამოვნებაზე უარის თქმას. ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არის გემრიელი, მარტივად მოსახმარი და ადვილად ინტეგრირდება მომხმარებლის ყოველდღიურ კვებაში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა პროდუქტებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ამჟამად ბრენდის ძირითადი ასორტიმენტი ორი პროდუქტით არის წარმოდგენილი:
• Classic Hummus - კლასიკური, კრემოვანი ჰუმუსი;
• Chocolate Hummus - ჰუმუსის განსხვავებული, დესერტული ინტერპრეტაცია, რომელიც საბოლოო ფორმით ძალიან მალე ჩაეშვება და ექნება 0 შაქარი.

ორივე პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია უშაქრო ფორმულა, ხოლო ბრენდის კომუნიკაციაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცენარეულ ცილასა და ბოჭკოს.
მომხმარებლის ინტერესს განსაკუთრებით იწვევს შოკოლადის ჰუმუსი, რადგან ბაზარზე ჰუმუსის ასეთი ფორმატი შედარებით განსხვავებული და ახალი გამოცდილებაა, ხოლო კლასიკური ჰუმუსი ძირითადი და სტაბილური პროდუქტია. სულ მალე ჩვენი ძველი მომხმარებლის საყვარელი პროდუქტი, გოგრის გულის კარაქიც ჩაეშვება გაყიდვაში.
რას მიიჩნევთ „ხემსის“ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტებს ბაზარზე?
„ხემსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ჯანსაღი კვებისა და გემოვნური სიამოვნების გაერთიანება.
ჩვენ არ გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ჯანსაღია". ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს რეალურად გემრიელი, საინტერესო და მარტივად ჩასასმელი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
განსაკუთრებით გამოგვარჩევს ჰუმუსის განსხვავებული ინტერპრეტაცია - კლასიკური ჰუმუსის პარალელურად შოკოლადის ჰუმუსის შექმნა. ამასთან, HEMSY-ის პოზიციონირება ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა უშაქრო, მცენარეული ცილისა და ბოჭკოს შემცველობა და უფრო გააზრებული არჩევანის შეთავაზება მომხმარებლისთვის. შოკოლადის ჰუმუსის განახლებული ფორმულა 0 შაქარით, განსაკუთრებით საინტერესოა ინსულინრეზისტენტული, დიაბეტის მქონე მომხმარებლისთვის, ასევე 2 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან მას აქვს 0 გლიკემიური ინდექსი და სისხლში შაქრის დონეს საერთოდ არ ცვლის. შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ალულოზა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული და ჯანსაღი შაქრის ალტერნატივაა ბაზარზე.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი გეგმები და რა ახალი პროდუქტების ან მიმართულებების დამატებას განიხილავთ მომავალში?
„ხემსის“ მთავარი მიზანია ბრენდის უფრო ფართო დისტრიბუცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა პროდუქტი მომხმარებელმა სხვადასხვა რეალიზაციის წერტილში მარტივად იპოვოს.
ამასთან, გვსურს ეტაპობრივად გავზარდოთ ჯანსაღი სნექებისა და ყოველდღიური კვების პროდუქტების ბრენდად და არა მხოლოდ ჰუმუსის მწარმოებლად. შესაბამისად, სამომავლოდ განვიხილავთ ასორტიმენტის გაფართოებას ჰუმუსის გარდა სხვა პროდუქტების მიმართულებითაც, რომლებიც შეინარჩუნებს ბრენდის ძირითად პრინციპებს - გემრიელი, საინტერესო და უფრო გააზრებული კვების არჩევანი.
ასევე გვაინტერესებს ახალი ფორმატები და პარტნიორული მიმართულებები, მათ შორის სხვადასხვა კონცეპტუალურ სივრცეში ჩვენი პროდუქტის ინტეგრირება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს პროდუქტი არა მხოლოდ მაღაზიის თაროდან, არამედ უკვე მზა კვების გამოცდილების ნაწილადაც გაიცნოს. ამჟამად ჰუმუსის შეძენა შესაძლებელია ფრესკოს, ევროპროდუქტის და ვოლტმარკეტის საშუალებით.