დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი კომპანიები შემოვლენ საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის როგორც ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციას - ვაკო თურნავა
ICT სექტორში დასაქმების ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლებას და სწორი მიმართულების შერჩევას აქვს, - მიიჩნევს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, ტექნოლოგიურ სფეროში კადრების დეფიციტი გლობალურად მაღალია და პრაქტიკულად უმუშევარი IT სპეციალისტი არ არსებობს, რის ფონზეც ამ მიმართულებით ჩართული თითოეული ადამიანი სამუშაოს პოვნის რეალურ შესაძლებლობას ფლობს.
„იმისთვის რომ დასაქმდეს ადამიანი, რა თქმა უნდა მაღალანაზღაურებად სამსახურებს ვგულისხმობ, მას სჭირდება განათლება.ეს განათლება შეიძლება მრავალმხრივ მიიღოს. დღეს დღევანდელ დღეს 21-ე საუკუნეში უკვე ყველანაირი რომ შეხვიდეთ MIT-ის ვებსაიტზე ან ჰარვარდის და ასე შემდეგ, ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. მაგრამ იმდენად ბევრია ეს ინფორმაცია, რომ ძალიან რთულია და უჭირს სტუდენტს ან დაინტერესებულ პირს რომ აირჩიოს რამდენი რამე ისწავლოს.
შესაბამისად ეს უნივერსიტეტები გეუბნება რა გააკეთო, როგორ გააკეთო, მიგითითებს და მერე შენ თვითონ უნდა აჰყვე. ამიტომ ზუსტად სწორი მიმართულება როდესაც გაძლევს სასწავლებელი - კოლეჯი იქნება, უნივერსიტეტი თუ შენი ვიღაც მეგობარი - უკვე შენ იცი რისთვის იწყებ, სად იწყებ მუშაობას. დღეს ვიცით, რომ რა ტექნოლოგიები არის იმისთვის საჭირო, რომ თქვენ მოეწყოთ სამსახურში. შესაბამისად ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ თუ ჩვენ შევძლებთ სწორი მიმართულებით განსაზღვრას, ის სამსახურებრივი ნიშები რაც არის ძალიან ბევრი დარჩენილი, შეგახსენებთ ევროპაში დაახლოებით ერთი მილიონი პროგრამისტი აკლია ევროპელებს, ამერიკაშიც ერთი მაგდენივე“, - განმარტავს ვახტანგ თურნავა.
მისივე განცხადებით, ICT სექტორის სწრაფი ზრდა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მისი თქმით, IT ექსპორტი, რომელიც უკვე მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენს, ძირითადად ცოდნაზეა დაფუძნებული და ქვეყნის შიგნით შექმნილი შემოსავალი ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
„ამ სფეროს განვითარებაში უკვე ჩართულია მთელი ქვეყანა და სახელმწიფო - უნივერსიტეტები, კოლეჯები, პროფესიული სასწავლებლები და მერია. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დარგის ექსპორტი ჩვენი მშპ-ს 8%-ს შეადგენს. რეალურად, ქვეყნიდან მატერიალური პროდუქტი კი არ გადის, არამედ ცოდნა. დასაქმებული ადამიანი მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს, 90%-ზე მეტს, კვლავ აქ ხარჯავს, რაც პირდაპირ განაპირობებს ეკონომიკის წინსვლას.
ასევე მინდა გითხრათ, რომ არის ციფრული ტექნოლოგიების ასოციაცია, სადაც ბევრი ადამიანი არის გაწევრიანებული და უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით აქვთ ნიშა, რაც მოიცავს ზუსტად იმ სფეროებს, რა სფეროებშიც დღეს IT ექსპორტში გვაქვს. ბევრი კომპანია გაერთიანებული, სადაც ძალიან ხშირად ვემუშავებით მას, მოაქვთ კონკრეტული მაგალითები რა სჭირდებათ კონკრეტულ IT სფეროში, ICT სფეროში და ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი.
ამ სფეროში ერთიანდებიან VASP-ები (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები), PSP-ები (საგადახდო მომსახურების პროვაიდერები), ციფრული ბანკები და, ზოგადად, ყველა ის კომპანია, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებთან არის ასოცირებული.
შესაბამისად მათ ვუსმენთ და შემდგომ უკვე ჩვენ თვითონ უკვე პარლამენტიდან და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ გამოსავლებს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მაგალითად ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის დადგენილებაც გამოაქვეყნა და რაც კიდევ ერთი დიდი სენსაცია იქნება, როდესაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი კომპანიები შემოვლენ საქართველოში და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ჰაბის წერტილს რუკაზე. ამიტომ დაველოდოთ ახალ მოვლენებს და ახალ კომპანიებს, რომელიც საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.