მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დათო გორგილაძის რჩეული მასწავლებელი - საქართველოს ბანკი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია

news image
mbc image

მასწავლებლების დაფასებისა და პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო „The Global Teacher Prize“-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. 

 

ვიცი, რომ...

 

არიან მასწავლებლები, რომლებსაც ცოდნა აქვთ, მაგრამ ვერ გიზიარებენ; 

არსებობენ ისეთები, რომლებიც შენი ყურადღების მიპყრობას ახერხებენ - თვალებში ჭინკებს გიღვიძებენ;

 

ცოტაა ისეთი, ვინ გაიძულებს, რომ იფრინო. 

 

მე გამიმართლა. მყავდა ერთი ასეთი. სახელად ნესტან, გვარად კუბლაშვილი. 

 

ის მასწავლიდა ქართულ ენას და ნელ-ნელა, წესების, კანონების, გამონაკლისებისა და ძალდატანების გარეშე მარწმუნებდა ქართული ენის ძალაში. 

 

ის მასწავლიდა ქართულ ლიტერატურას და აბზაცების დაზუთხვის, ციტატების ხაზგასმის გარეშე მაჩვენებდა, თუ რა დიდი ლიტერატურა შექმნილა ამ დიად ენაზე. 

 

გაზაფხულიდან, როცა ფანჯრებს გამოვაღებდით, ჩვენს საკლასო ოთახში მუშმულას ხეების სიმწვანე შემოიღვრებოდა ხოლმე.

მუქი, ჭაობისფერი, იმდენად ძლიერი მწვანე, რომ ჰაერსაც კი მოჰყვებოდა მისი განცდა.

 

[„ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, 

ლამის თავზე გადამისვას ხელი“]

 

საცოდაობა იყო ასეთი დღეების უინტერესო გაკვეთილებში განიავება. არადა, ხშირად ნიავდებოდა. 

 

ნესტან კუბლაშვილის გაკვეთილებზე კი საკლასო ოთახში ნამდვილი გაზაფხული დგებოდა ხოლმე. 

 

თუმცა, ნესტანი მასწავლებლის გაკვეთილმა ჩემი ყურადღება პირველად ცივ ზამთარში მიიქცია. კლასის განაყოფი სხვა, პატარა ოთახში შევიბუზებოდით ხოლმე. ერთ მხარეს ხის ჩამოფხვავებული ფანჯრები იყო, რომელთა ღრიჭოებიდანაც ქარის ზუზუნთან ერთად სუსხიც შემოდიოდა; მეორე მხარეს მინის კი გამჭვირვალე ბლოკები, რაც საბავშვო პოლიკლინიკას უფრო ამსგავსებდა იქაურობას, ვიდრე სკოლას. შუაში კი ჩვენ ვიყავით მოქცეულები - 90-იანების თაობა, რომელიც გადარჩენას ცდილობდა. მაშინ გავდიოდით რეზო ინანიშვილის მოთხრობას „მირანდუხტ“. 

 

ხომ დიდი არაფერი? ესაა ტექსტი პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერ, გონიერ გოგონასა და ტყუილებში გამოცდილ გამყიდველ კაცზე. თუმცა არც მთლად ეგრე გამოდგა საქმე. ნება-ნება, ხაზებსა და ხაზებს შორის ნესტან კუბლაშვილი გვიშლიდა ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჭკუამ, წესიერებამ, სიმამაცემ და სიმშვიდემ მის წინაშე მდგომი ბეეევრად დიდი წინაღობები არათუ დაძლიოს, არამედ მოათვინიეროს კიდეც - მის მხარეს გადმოიყვანოს. 

 

ცოტა ხანში თითქოს აღარც ზუზუნის ხმა გვესმოდა, ერთმანეთსაც უკეთ ვათბობდით და გამჭვირვალე ბლოკებიც აღარ ირეკლავდა ზამთრის გამანადგურებელ სითეთრეს.

 

ჰოდა დაიწყო და აღარც გაჩერებულა...

 

სკოლის სწორედ ამ, ნესტან კუბლაშვილის სახელობის ნაპირებზე განვიცადე ლიტერატურის კითხვისგან მიღებული სიამოვნების განუმეორებლობა: 

 

რომ ხშირად, როცა გარშემო არსებული რეალობა სასტიკია, შეგიძლია გამოგონილ, გამრუდებულ რეალობას შეაფარო თავი (მაშინაც კი, თუკი იქ მეტად სასტიკი ამბები ხდება) და გადარჩე; 

 

რომ შეიძლება შეყვარებულს შორს წასვლა მხოლოდ იმიტომ სთხოვო, რომ მამამისს წყლის პირას მჯდომი მტირალი კაცის სევდის ამბავი აინტერესებს და მიხვდე, რომ ეს თხოვნაცა და განშორებისგან გამოწვეული მწუხარებაც საოცრად ლამაზია; 

 

რომ ქართველებს გვყავს რკინის კაცზე, ჰალკსა და თორზე არანაკლები ძალის მქონე სუპერგმირები და მათ ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი ჰქვიათ; 

 

რომ ვაჟა-ფშაველა მწერალი და პოეტი კი არ არის, არამედ გალაქტიკური მასშტაბის მოაზროვნეა და თუკი მის ტექსტებს გულწრფელად მიჰყვები, ხომალდის გარეშეც გახვალ კოსმოსში; 

 

რომ ბარათაშვილის პოეზია უნდა გახდეს შენი რთული დღეეების მეგზური, რათა იქიდან გამოსაგნები გზები აღმოაჩინო; 

 

რომ არსებობს დავით კლდიაშვილი, რომლის მოთხრობებით შეგიძლია მიხვდე ტექსტში თითოეული სიტყვის გადამწყვეტ მნიშვნელობას და აღმოაჩინო, რომ სევდა იუმორის მთავარი სამკაულია; 

 

რომ „ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი და შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის...“

 

რომ, რომ, რომ... უთვალავი რომ.

 

არა, ნესტან კუბლაშვილს მხოლოდ იმის გამო კი არ ვემადლიერები, რომ ლიტერატურის საოცარი სამყაროს კარი და მისი ძალა მიჩვენა. უფრო იმიტომ, რომ ის დღემდე თავისი პრინციპების ერთგულია და ილია ჭავჭავაძის ერთი პერსონაჟი ქალის არ იყოს, მტკიცედ დგას. დღემდე ადამიანის მხარესაა და მთავარი ეგ არის. 

 

ამ წერილის წერის დროს, ალბათ, ბევრი გრამატიკული შეცდომა დავუშვი და შეიძლება საყვედურით მომწეროს, რომელიც უთუოდ ასე დაიწყება: „დათუნა...“

 

იქნებ ამიტომაც დავუშვი შეცდომები. იქნებ მასთან საუბარი მომენატრა...

 

გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენად, მასწავლებლების ჯილდოს პროექტი მეცხრე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი მასწავლებლების გამოვლენას, რომლებიც განათლების სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან. 

 

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია. ასევე, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მათთვის სასურველ მასწავლებელს გაუწიოს ნომინირება.

 

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://application.tprize.ge/

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა