დავით ნარმანიამ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის საფუძვლები გააცნო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია ქ. თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ.
დავით ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის.
„ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ უმნიშვნელოვანეს დარგს, აქედან გამომდინარე, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სკოლის მოსწავლეები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ეკონომიკის საფუძვლების, ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომ ეტაპზე პროფესიის არჩევისას. დღემდე, სემეკის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის და ინფორმაციის დროულმა მიწოდებამ განაპირობა ის, რომ პროექტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მომავლის პროფესიად ენერგეტიკა აირჩია, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ეკონომიკის საფუძვლებს, ენერგეტიკული ბიზნესის მათვისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
20.05.2026.15:13
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი „სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (ISO 22000)" ჩატარდა.
სასწავლო კურსის მთავარ მიზანს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნების, მისი პრინციპებისა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა წარმოადგენდა. ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა რისკზე დაფუძნებული აზროვნება, HACCP პრინციპები, საფრთხეების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) განსაზღვრა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურსათის ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის.
ტრენინგს გაუძღვა ინტეგრირებული მართვის სისტემების (IMS) სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გიორგი დონდუა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მართვის, დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
პროგრამა სპეციალურად იყო სტრუქტურირებული მაღალი დონის სტრუქტურის (High Level Structure - HLS) და PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლის გარშემო. ამ მიდგომამ მონაწილეებს მკაფიოდ დაანახა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ISO 22000-ის ეფექტური ინტეგრაცია სხვა წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ხარისხის (ISO 9001), გარემოსდაცვით (ISO 14001) და შრომის უსაფრთხოების (ISO 45001) მენეჯმენტის სისტემებთან.
ინტენსიური კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე აქტიურ პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა შეასრულეს დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ჩამოაყალიბეს სურსათის უვნებლობის მიზნები SMART ფორმატში და იმუშავეს შიდა აუდიტის კითხვარებსა თუ HACCP-ის ცხრილების შევსებაზე.
„თანამედროვე ბაზარზე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აღარ არის მხოლოდ რეგულაციების შესრულება, ეს არის ბიზნესის მდგრადობის, მომხმარებლის ნდობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ინტენსიური კურსით კომპანიებისთვის მიგვეწოდებინა არა უბრალოდ მშრალი თეორია, არამედ რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტები, დაწყებული რისკების მართვითა და HACCP-ის პრინციპებით, დასრულებული ISO 22000-ის სხვა წამყვან მენეჯმენტის სისტემებთან ინტეგრაციით. ხარისხიანი და უსაფრთხო მართვის სისტემები არის ის, რაც ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების მხარდაჭერასა და მათთვის აქტუალურ თემებზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.