დავით სონღულაშვილმა ბაქოში, აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 ქართული პავილიონი დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 იმყოფებოდა. მინისტრი საქართველოს ეროვნულ პავილიონში ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა და მათ მიერ წარდგენილ პროდუქციას გაეცნო.
დავით სონღულაშვილმა გამოფენის მონაწილე ქართველ მეწარმეებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართული პროდუქტის ხარისხის და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელობას.
„მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული აგრარული პროდუქციის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, შესაძლებლობას გვაძლევს, ქვეყნის პოტენციალი ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი და ისეთი მასშტაბის პლატფორმა, როგორიცაა გამოფენა CASPIAN AGRO, მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025, საქართველოს პავილიონში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრამების ბენეფიციარები არიან. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინო, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას CASPIAN AGRO, რომელშიც, საშუალოდ, 25 ქვეყანა მონაწილეობს, ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და 16 მაისს დასრულდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენა მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დარჩიამ დაათვალიერეს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.