დეფიციტური თვეების განმავლობაში ქარის სადგურების მაჩვენებელი დაახლოებით 64-65%-ია - მარიამ ჩახვაშვილი
ზამთრის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, რეზერვუარიანი ჰესების შემდეგ ყველაზე ეფექტიანი ქარის ელექტროსადგურებია. Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ დეფიციტურ თვეებში ქარის სადგურების გენერაციის პროფილი მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰესების მაჩვენებლებს აღემატება, რაც მათ ენერგოსისტემის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან წყაროდ აქცევს.
„ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევადარეთ დეფიციტური და პროფიციტური თვეები, რათა დაგვედგინა, თუ გენერაციის რომელი ტიპის სადგურებს აქვთ უკეთესი პროფილი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ 8 დეფიციტური თვის განმავლობაში ქარის სადგურების მაჩვენებელი დაახლოებით 64-65%-ია, მაშინ როცა მზისა და მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურების (ჰესების) წილი 60%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65-66% რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს აქვთ.
შესაბამისად, საუკეთესო მოცემულობა სწორედ რეზერვუარიან ჰესებს გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი გამოწვევები აქვთ, სისტემისთვის. კერძოდ, ზამთრისა და დღე-ღამური დეფიციტის დასაბალანსებლად ისინი ყველაზე ეფექტური სადგურებია. სეზონური დეფიციტის დაძლევის კუთხით, მეორე ადგილზე ქარის სადგურები მოდის, და მხოლოდ ამის შემდგომ მოდინებაზე მომუშავე ჰესები და მზის სადგურები.
ეს რიგითობა წმინდა ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარეობს, თორემ, რა თქმა უნდა, გენერაციისთვის და სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ყველა ტიპის სადგური თანაბრად აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ ჩამოვთვალე პრიორიტეტები ზამთრის დეფიციტის აღმოფხვრისა და სისტემის მდგრადობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა.
მისივე თქმით, მზისა და რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების კომბინაცია ენერგოსისტემისთვის იდეალურ მოდელად მიიჩნევა, თუმცა საქართველოში ასეთი პროექტების განვითარებას გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები ართულებს.
„რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს როგორც ზამთრის სეზონური დეფიციტის, ისე დღე-ღამური დისბალანსის შევსება შეუძლიათ. მაგალითად, მზის სადგურები ენერგიას მხოლოდ დღის განმავლობაში გამოიმუშავებენ, ღამით კი ეს ნაკლოვანება სხვამ უნდა შეავსოს, რის გამოც რეზერვუარიანი ჰესებისა და მზის სადგურების კომბინაცია იდეალურია. როდესაც მზის აქტივობა მაღალია, რეზერვუარიანი ჰესი არ მუშაობს, აგროვებს წყალს და მას უკვე ღამის საათებში, მოთხოვნის პიკის დროს გამოიმუშავებს.
თუმცა, რეზერვუარიან ჰიდროსადგურებს საკუთარი გამოწვევები ახლავს. ეს არის გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი და ისეთი ლოკაციის მოძებნის სირთულე, სადაც მოსახლეობასთან შეხება არ ექნება. საქართველო გეოგრაფიულად ისეა დასახლებული, რომ თითქმის ყველა სოფელი თუ დასახლება მდინარეების ხეობებშია გაშენებული. სწორედ ამიტომ არის რთული ისეთი ადგილის პოვნა, სადაც დაინტერესებული მხარეების (სთეიქჰოლდერების) რაოდენობა მცირე იქნება და პროექტს ადგილობრივ მოსახლეობაზე ნაკლები სოციალური გავლენა ექნება“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა - მარიამ ჩახვაშვილი
29.06.2026.16:30
ამჟამად ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ, თურქეთი კი ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარია, თუმცა გარკვეულ წლებში ექსპორტს სომხეთის მიმართულებითაც ვეწეოდით - რაც შეეხება რუსეთსა და აზერბაიჯანს, მათ საკუთარი ენერგორესურსები იმგვარ ფასად აქვთ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროება არ გააჩნიათ, თორემ ფიზიკურად გატანის შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სამომავლოდ კი, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ამუშავდება, საშუალება მოგვეცემა, ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც განვახორციელოთ“.
„რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მთავარი მიზანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ევროკავშირში ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალი ტარიფებია; განსაკუთრებით ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასები მკვეთრად, 3-4-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რის გამოც ეს ალტერნატიული ხაზი ევროპული მხარისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა ამ ინიციატივას ურთიერთინტერესის პროექტის -Project of Mutual Interest (PMI) - სტატუსი მიანიჭა, რაც მათ ოფიციალურ დაინტერესებაზე მიუთითებს. ევროპული მხარე მზად არის, გამოყოს შეღავათიანი ფინანსური რესურსი, იქნება ეს დაბალპროცენტიანი სესხის თუ გრანტის სახით, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პროექტი სწორედ მათი ფონდებიდან დავაფინანსოთ.
ეს ორმხრივი ინტერესი აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს ენერგიის დივერსიფიკაციისა და ფასების ოპტიმიზაციის საიმედო წყაროდ. ანალოგიურად ვუყურებთ ამ პროცესს ჩვენც - ეს არის ახალი ბაზრების ათვისებისა და ბევრწილად უფრო სტაბილურ, მაღალმარჟიან პლატფორმებზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთის მხრივ ჩვენი ამოცანაა დეფიციტის შემცირება, მეორეს მხრივ ექსპორტის სწორი მართვა“, - აღნიშნა ჩახვაშვილმა.
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსის, მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია სეზონურობით ხასიათდება, ქვეყანას ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია, რაც მათი მაქსიმალური ათვისების აუცილებლობას განაპირობებს.