დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
„ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა.
დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი. საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: - არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); - არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3); საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი; საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა; ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე. - თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა. თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.