დღეს კორპორატიული ბონდების ბაზარი 3 მილიარდ ლარს აღემატება - ირაკლი ნადარეიშვილი
გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით, რომელთანაც დაკავშირებულია 15 000-მდე ძალიან წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული არის 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
ერთის მხრივ, გვაქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით - მისი მხარდაჭერით განხორციელებულია დაახლოებით 15 000 წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი და შექმნილია 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი შედეგია.
ეს დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა. აღნიშნული რესურსი მიმართული იყო კონკრეტული სექტორების განვითარებისკენ, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა მათი ზრდა - მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და სამშენებლო მასალების მიმართულებები.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო 5–6 წელში, ჩამოყალიბდა მყარი ეკოსისტემა, რაც განპირობებული იყო როგორც სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობით, ისე პროგრამების მრავალფეროვნებისა და მათი დიზაინის უწყვეტი განვითარებით.
ამ გარემოში მიკრომეწარმეებს, რომლებიც ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამენ, უკვე აქვთ ხელმისაწვდომობა საწყის კაპიტალზე დაახლოებით 10–20 ათასი ლარის ფარგლებში სპეციალური პროგრამების მეშვეობით, რომლებიც მათ ხშირად ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.
დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა, რომელთა უმეტესობას დაფინანსება 0%-იანი განაკვეთით აქვს მიღებული. ეს ინიციატივა მოიცავს სრულ სპექტრს -მიკრომეწარმეობიდან დაწყებული, კორპორატიული ბონდების გამოშვებით დასრულებული, რაც დამეთანმებით, საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური გზაა.
კაპიტალის ბაზრის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას, სადაც მკვეთრად იგრძნობა მრავალუწყებრივი კოორდინაცია და აქტიური ჩართულობა. შედეგად, ბაზარი დინამიკურად ვითარდება - მათ შორის, კორპორაციული ბონდების სეგმენტი უკვე 3 მილიარდ ლარს აღემატება.
ამ პროცესში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მისი მხარდაჭერით გამოშვებულია დაახლოებით 900 მილიონი ლარის ბონდები, რაც ბაზრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას.
მთელი ეს გზა - საწყისი ეტაპიდან უკვე შემდგარ ბიზნესამდე, როდესაც კომპანია განიხილავს ბონდების ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას სწორედ ის პროცესია, სადაც სახელმწიფო ცდილობს თითოეულ ეტაპზე იყოს მხარდაჭერის წყარო იქ, სადაც ეს აუცილებელია. ეს მხარდაჭერა შეიძლება იყოს ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა ფორმის. სწორედ ამ პრინციპზე იყო და დღესაც არის დაფუძნებული „აწარმოე საქართველო“.
ამასთანავე, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური პროგნოზები, რომელთა რეალიზება და შენარჩუნება საჭიროებს თანმიმდევრულ რეფორმებს - ენერგეტიკიდან დაწყებული, კაპიტალის ბაზრის განვითარებით დასრულებული. ასეთ პროცესებში სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო მიზნობრივი ხდება, განსაკუთრებით იქ, სადაც ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ დგამს. ამ შემთხვევაში, ხშირად აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გარკვეული რისკიც აიღოს საკუთარ თავზე.
ამ ფონზე ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში წარმატებული ინსტიტუტის განვითარების შემდეგი ეტაპი - მისი ინსტიტუციური გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პროგრამები იზრდებოდა, მრავალფეროვნდებოდა და იხვეწებოდა, ახალ ეტაპზე საჭირო გახდა ორგანიზაციის განსხვავებული ფორმატით ჩამოყალიბება, უფრო გაფართოებული მანდატით.
დღეს უკვე საუბარია მოდელზე, სადაც მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებში იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული - სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ამ ინსტიტუტში ერთიანდება როგორც ფინანსური ინსტრუმენტები, ისე ცოდნა და კომპეტენცია. მისი როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, იგი მოიცავს პროექტების განვითარებას, მათში წილობრივ მონაწილეობას და სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენლობას.
ასეთი მოდელები უკვე პრაქტიკაში არსებობს, მაგალითად „იგლ ჰილსის“ პროექტში, სადაც სახელმწიფო პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი კერძო ინვესტორთან ერთად. მსგავსი მიდგომა გამოიყენება ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში, სადაც სახელმწიფოს როლი მხოლოდ მარეგულირებლით არ შემოიფარგლება და იგი პარტნიორულად ერთვება პროექტის განვითარებაში კერძო სექტორთან ერთად “, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
სხვა სიახლეები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
01.05.2026.15:54
„პორშემ“ პეკინის 2026 წლის ავტოგამოფენაზე ახალი Cayenne Coupé Electric წარმოადგინა - ავტომობილი, რომელიც მძლავრ პროპორციებს არაჩვეულებრივ ელექტროშესაძლებლობებთან აერთიანებს და რომელიც ბრენდის საკულტო მოდელის, 911-ის, დამახასიათებელი ფორმისა დამისი Flyline-სახურავის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად Cayenne Coupe თავის სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და სპორტულ SUV-ად მიიჩნევა. თავდაპირველად ახალთახალი მოდელის 3 ვერსიაა ხელმისაწვდომი.
Cayenne Coupé-ს ახალი მოდელების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი დიდი სიმძლავრის ვიზუალური დემონსტრირებისა და 911-ის საკულტო ფორმის უნიკალური შერწყმაა - იმ ფორმის, რომელიც ულამაზესი, დახრილი სახურავით გამოირჩევა და რომელსაც „პორშეში“ Flyline-ს უწოდებენ. საქარე მინაც კუპესთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.
„სახურავის დამრეცად დახრილი ხაზი ათლეტურობას შესანიშნავად გამოხატავს და Cayenne Coupé-ს განსაკუთრებულ დინამიკურობას ანიჭებს“, - აცხადებს ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი თომას შტოპკა.

ადაპტირებადი უკანა სპოილერი ამ თვალშისაცემი, დახვეწილი ფორმის ჰარმონიული გაგრძელება და დასასრულია. ეს არის თანამედროვე, ცხადი ოპტიკა, რომლითაც ახალი მოდელის მთავარი დიზაინერი ყველაზე მეტად ამაყობს: „მკაფიოდ შესრულებული ხაზები, განიერი პროპორციები და შავი ფერის ჩანართები ქმნის დიზაინს, რომელიც თითოეულ დეტალში სპორტულობას ასხივებს. ახალი Cayenne Coupé Electric ექსტროვერტია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად პოზიციონირებს, როგორც სპორტული SUV“, - ესეც თომას შტოპკას სიტყვებია.
სწორედ ამ ფორმის დამსახურებით, Cayenne Coupé Electric-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 18 კილომეტრითაა გაზრდილი - 669 კილომეტრამდე.

3 ვერსია გაყიდვების სტარტზე
Cayenne Electric-ის Coupé-ვერსიებში SUV-ს იდენტური ამძრავებია ხელმისაწვდომი. უკვე შესაძლებელია შემდეგი ვერსიების შეკვეთა:
•Cayenne Coupé Electric 300 კვ (408 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 325 კვ (442 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 4.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 230 კმ/სთ.
•Cayenne S Coupé Electric 400 კვ (544 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 490 კვ (666 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 3.8 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 250 კმ/სთ.
•Cayenne Turbo Coupé Electric 630 კვ (857 ცხენის ძალა), ოვერბუსტ-სიმძლავრე Launch Control-ით 850 კვ (1 156 ცხენის ძალა), 0-100 კმ/სთ 2.5 წამში, მაქსიმალური სისწრაფე: 260 კმ/სთ.
ავტომობილი სავალი ნაწილის მხრივაც SUV-ვერსიების შესაბამისია. Coupé-ს სერიულად მოჰყვება ადაპტირებადი პნევმატიკური დაკიდება Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერთად.

800-ვოლტიანი ტექნოლოგიის დამსახურებით Cayenne Coupé Electric შესაბამის DC სწრაფ დამტენზე 390-მდე კვ.სთ სიმძლავრით იმუხტება, სპეციფიკურ გარემოში კი 400 კვ.სთ-საც აღწევს. სერიული On-Board-დამტენით კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა და დამატებითი ოფციით 22 კილოვატამდე შეიძლება გაზრდა.
Cayenne Coupé Electric-შიც გელოდებათ Cayenne SUV-ისთვის დამახასიათებელი პორშეს უნიკალური მართვადობა, მის ინტერიერში კი ულტრათანამედროვე, ციფრული და მძღოლზე ორიენტირებული მომსახურების კონცეფცია. სალონში ყურადღების ცენტრშია სენსორული ეკრანების დიდებული ლანდშაფტი - სრულად ციფრული ინსტრუმენტების პანელითა და ცენტრალური, ე.წ. Flow-დისპლეით.

Cayenne Electric-თან შედარებით, Cayenne Coupé Electric-ის სერიული კომპლექტაცია კიდევ უფრო მრავალფეროვანია - პანორამული ჭერით (პლუს Sunshine Control-ის ფუნქცია) და Sport Chrono პაკეტი. დამატებით ხელმისაწვდომია კუპესთვის სპეციფიკური მსუბუქი სპორტული პაკეტი, რომელიც ავტომობილის წონას დაახლოებით 17,6 კილოგრამით ამცირებს.
საქართველოში მომხმარებელს ახალი Cayenne Coupé Electric-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისში“შეუძლია - „პორშეს“ საქართველოში ოფიციალურად სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია წარმოადგენს. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.