დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.
„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.
ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.
„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.
სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს FantastiClean Georgia 2026 წლის პირველ კვარტალს
25.05.2026.18:00
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელმა ირაკლი ზამბახიძემ განუცხადა.
როგორ შეაფასებთ 2026 წლის პირველ კვარტალს და რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა ამ პერიოდში?
2026 წლის პირველი კვარტალი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური იყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი როგორც პროფესიონალური Car cleaning პროდუქტების, ასევე ეკომეგობრული მიკროფიბრის ხვეულების მიმართ. ბაზარზე აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მომხმარებლები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ხარისხს, მრავალჯერად გამოყენებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებს.

ასევე გაიზარდა მოთხოვნა car detailing მიმართულებით, რადგან ავტომობილის მოვლა უკვე მხოლოდ სერვისი აღარ არის, ჩვენი მომხმარებლისთვის ეს გახდა ავტომობილის მოვლის კულტურის ნაწილი.
როგორ ვითარდება car detailing & cleaning მიმართულება თქვენს საერთო სტრატეგიაში?
car detailing & cleaning დღეს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ სრულფასოვანი გამოცდილება და პროფესიონალური მოვლის კულტურა ჩვენთან ერთად.

ამ მიმართულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხიან, პრემიუმ მიკროფიბრის ტილოებს, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება როგორც ავტომობილის ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოვლის პროცესში.
ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია ხარისხზე, ინოვაციაზე და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაზე.
