დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და პარტნიორობის პერსპექტივები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისრის შეხვედრის მთავარი საკითხი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისართან ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, კენან პოლეოსთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და პერსპექტივები. საუბარი, ასევე, შეეხო ბრიტანული კომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საფინანსო და სავაჭრო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე და ასევე, მოქმედ სავიზო რეჟიმზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, კერძოდ, საუბარი შეეხო, ღვინის კულტურას და მის პოპულარიზაციას, ენერგეტიკული და უძრავი ქონების თემატიკას.
„მივესალმებით დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისარს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარი იქნება, რადგან ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სახის შეხვედრები და დისკუსიები ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება სახელმწიფოების ურთიერთობებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.