დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში - EMAAR ჯგუფის დამფუძნებელი
საქართველო ფარული საგანძურია, თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ დადებითი მაქვს წაკითხული. ჩვენი რეგიონიდან საქართველოს სანახავად ჩასული ადამიანები მხოლოდ კარგს ჰყვებიან, ძალიან ლამაზი პეიზაჟები გაქვთ. დიდი ერი, გემრიელი საკვები და შთამბეჭდავი ისტორია გაქვთ. გაქვთ ასევე შესანიშნავი სანაპირო, - განაცხადა „ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინებია, ყველა მაჩვენებელიც დადებითია. დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური გარემო და მთავრობის მიერ წარმოებული ეკონომიკური აქტივობების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა - ჩვენთვის, ყველასათვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდაა“, - აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
„ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელმა მისი კომპანიის მუშაობის პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც მისი კომპანიები მსხვილი პროექტებით შედიან, მათთვის პრიორიტეტი ყველა დონეზე ადგილობრივ პროფესიონალებთან თანამშრომლობაა, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.
„როდესაც ვიწყებთ პროექტს, ეს მხოლოდ მშენებლობა არ არის. ჩვენ არა მარტო ვაშენებთ, არამედ ვავითარებთ, ვუვლით, ყურადღებას ვაქცევთ მცენარეებს, ჩიტებს, ქუჩებს, ადამიანებს. ყველაფერს ვუვლით, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზები თუ ბავშვთა გასართობი მოედნები. ყველაფერს სწორედ ამ გზით ვსწავლობთ, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ. საქართველოში 30 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გამოვიყენებთ.
თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც ვმუშაობთ, თითქმის ყველგან ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივი არიან. იქნება ეს სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, მაროკო თუ ეგვიპტე, ინდოეთი თუ საუდის არაბეთი, თუ უნგრეთი. ჩვენ უკვე ავიყვანეთ ადგილობრივი ინჟინრები, გვსურს ადგილობრივ არქიტექტორებთანაც თანამშრომლობა. ეს დიდი პროექტია, ადგილობრივებს კი ადარდებს საკუთარი ქვეყანა, ამიტომ ისინი უკეთ შეასრულებენ სამუშაოს“, - დასძინა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.