დრესაპ ჯგუფი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
დრესაპ ჯგუფი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid's Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში კი 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi's, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Lacoste, Gant, Etam, Samsonite, Hummel, Vans, Birkenstock და სხვა.
საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.
ამასთან, კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანია მხარს უჭერს ქართული ენის გაძლიერებისკენ მიმართულ მოძრაობას, „არაბარბარიზმებს" და ფერეიდნელების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში - იქნება ეს მათი კურსების დაფინანსებით, კომპანიაში დასაქმებითა თუ სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობით.
„მივესალმებით დრესაპ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფი უკვე 30 წელია წარმოდგენილია ბაზარზე და მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის ინტერესებზე, ასევე ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. სწორედ ასეთ წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ბიზნესის სამართლიანი და არგუმენტირებული ინტერესების დაცვასა და ადვოკატირებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრი გავხდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დრესაპისა და ჩვენი კოლეგების სახელით, გავაჟღეროთ სექტორში არსებული პრობლემები და დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალებით, შევძლებთ დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მომხმარებლის ინტერესები" - განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.