ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა, რასაც წლების განმავლობაში მოსახლეობა და ბიზნესი ავლენს ჩვენი ბანკების მიმართ - ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,ძალიან კარგი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას პოლიტიკის გამტარებლები დარგში და დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ. დღეს, აღნიშნული ფორუმი ეძღვნებოდა საბანკო სექტორს. ჩვენ როგორც რეგულატორი აქტიურად ვმონაწილეობთ რასაკვირველია ამ ფორმატში. განსაკუთრებით, ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი საბანკო სექტორი მიუხედავად ყველა გამოწვევისა არის ძალიან მდგრადი, ყველა შოკის მიმართ მომზადებული და ბევრი პარამეტრით კონკურენტული. ამასთან, უსწრებს წამყვანი ევროპული ქვეყნების, უფრო დიდი ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო ინსტიტუციებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ნდობა, რასაც წლების განმავლობაში მოსახლეობა და ბიზნესი ავლენს ჩვენი ბანკების მიმართ. ჩვენი დეპოზიტების მოცულობა სწრაფად იზრდება წლიდან წლამდე. უკვე 70 მილიარდ ლარს აღწევს და რაც მნიშვნელოვანია, აქედან 25-30% ეს არის არარეზიდენტები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც თავის დანაზოგებს ასევე ჩვენს, ქართულ საბანკო სისტემას ანდობენ. განსაკუთრებით იზრდება ლარის მიმართ ნდობა, ლარის დეპოზიტების ზრდა სისტემაში არის ძალიან მაღალი და ესეც მნიშვნელოვანი გამოვლენაა, როგორც ჩვენი პოლიტიკის ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკის, ასევე ბანკების კარგი მუშაობის",- განაცხადა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის შეფასებისას ნათია თურნავამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.
სხვა სიახლეები
21.05.2026.10:40
შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმი იყო დღეს და მინდა აღვნიშნო რომ საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი განვითარებული სექტორია, ერთ-ერთი თანამედროვე და მოწინავე სექტორია. ეს ის სექტორია, რომელიც თავისუფლად კონკურენციაში შევა ევროკავშირის თითქმის ყველა საბანკო სექტორთან და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენს ეკონომიკას ძალიან ძლიერი საფუძველი და დასაყრდენი აქვს პირველ რიგში და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებაზე ამ შემთხვევაში, რომელიც არის ეკონომიკის წინა ხაზი, სწორედ ამ ეკონომიკური განვითარების საფუძველი და საყრდენი არის საქართველოს საბანკო სექტორი და უაღესად დიდი წარმატება იყო ასევე საქართველოს საბანკო სექტორისთვის, როდესაც საქართველოს ბანკი FTSE 100-ში მოხვდა და 100 საუკეთესო კომპანიას შორის ერთ-ერთი არის საქართველოს ბანკი. ზოგადად, ასეთ ფორუმებს ნამდვილად მივესალმები, რადგანაც ეს არის ჯანსაღი დისკუსია. ერთის მხრივ, იყო დისკუსია რეგულატორსა და საქართველოში ყველაზე დიდ ბანკს შორის, თუ როგორ შეიძლება საერთო ჯამში სერვისების კიდევ უფრო განვითარება, როგორ შეიძლება კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენმა მოხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი და საუკეთესო საბანკო პროცენტის განაკვეთი.