ძველი ღირებულებების ახალი სიცოცხლე - სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა, ის მრავალი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სასწავლებელი იყო და მდიდარი ისტორიით ხასიათდება. შესაბამისად, სკოლა XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა.
სულ მალე კი ამ სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება - მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისთვის, განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს.
თუმცა, სანამ სკოლის მდიდარი გამოცდილებისა და თანამედროვე სივრცის ურთიერთგადაკვეთაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ, სკოლის ისტორიას მოგიყვებით.
სამი საუკუნის ამბავი
ქუთაისის პირველი სკოლა სამ საუკუნოვან ისტორიას აერთიანებს. მისი ამბავი ჯერ კიდევ 1830 წლიდან იწყება. მაშინ, ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, სულ რაღაც 20 წელიწადში, 1850წელს კი ის ქუთაისის გუბერნიის შექმნის გამო ჯერ გიმნაზიად, შემდეგ კი 1879 წელს კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა. XX საუკუნის დასაწყისში კლასიკური გიმნაზია გაუქმდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, XXI საუკუნის დასაწყისამდე მრავალგზის იცვალა სახე. 2005 წლიდან კი ის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სახელით ფუნქციონირებს.
მრავალი გარდატეხისა და ცვლილების მიუხედავად, სკოლას საგანმანათლებლო საქმიანობა არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია.
შესაბამისად, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია მრავალი „ოქროს თაობის“ წარმომადგენლის სასწავლებლად იქცა. აქ აღიზარდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... - ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოში საუნივერსიტეტო განათლებას ჩაუყარეს საფუძველი.
ამასთან, გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ სიმბოლისტი პოეტებიც: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, რომელთა ლიტერატურული შემოქმედება ევროპეიზაციის იდეასა და ჩვენში ევროპული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
პირველი სკოლა დღეს
2014 წლიდან ქუთაისის პირველი სკოლის დირექტორი სალომე სარალიძეა. როგორც გვიყვება, სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის ისეთი ხარისხიანი განათლების მიცემაა, რომელიც მათ დასავლეთის, განსაკუთრებით კი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება. რათა შემდეგ, მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
,,უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სოციალური გამოკვლევის თანახმად, სკოლა უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკოლის სტატუსს, რასაც ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატება განაპირობებს როგორც ოლიმპიადებზე, ასევე საგრანტო კონკურსებში.
ჩვენთვის მთავარი მიზანი, დასავლური, მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტებზე სწორებაა. ამიტომ, ვცდილობ, სკოლაში მუდმივად განვახორციელოთ ახალი პროექტები და პროგრამები, დავუპარტნიორდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რაც დაგვეხმარება, ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო ბევრი შესაძლებლობა.
მაგალითად, როგორც გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორმა სკოლამ, მოვიპოვეთ DSD-ს სტატუსი, რომლის საფუძველზეც გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება გადავიდა გერმანული უწყების კომპეტენციაში. ამით წარმატებულ მოსწავლეებს გზა ეხსნებათ გერმანული უნივერსიტეტებისაკენ, რითაც გრძელდება კლასიკური გიმნაზიის საუკეთესო ტრადიცია. გენდერული კუთხით ჩართული ვართ გაეროს ქალთა ფონდისა და UNPRA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში „გენდერული თანასწორობა ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „დემოკრატია იწყება სკოლიდან“ - გვიყვება სალომე სალარიძე.
საქართველოს ბანკის იდეათეკა - სივრცე შემეცნებისთვის
მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება.
საქართველოს ბანკის იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. ის ახალგაზრდებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, როგორც ზოგადი ასევე სასკოლო განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე.
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეებისთვის ქმნის სივრცეს, ახალი აღმოჩენებისთვის.
დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები საქართველოს 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს და 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა კი 2000-ზე მეტ მოსწავლეს დაეხმარება, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, შეიმეცნონ უფრო მეტი და გადადგან პირველი ნაბიჯები მეცნიერების უსაზღვრო სამყაროში.
სხვა სიახლეები
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
06.07.2026.18:48
„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.
თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.
მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.