East Duo - მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს
ზოგჯერ ყველაფერი ერთი უბრალო, სპონტანური ნაბიჯით იწყება. თუმცა დაწყებაზე მეტად მთავარი მუდმივი განვითარება და ახალი გზების ძიებაა. ასეთია მუსიკალური ჯგუფი East Duo, რომელმაც დაამტკიცა, რომ თუ არ გაჩერდები, ქართული ფანდურის ჰანგები შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ათასობით ადამიანისთვის გასაგებ ენად იქცეს.
საქართველოს ბანკი შეუჩერებელი ადამიანების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, გიყვებით სამ მუსიკოსზე, ლევან ბანცაძეზე, მამუკა მატკავასა და გიორგი მატკავაზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქართულ მუსიკას ახალი ჟღერადობა შესძინონ და ის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი გახადონ.
სპონტანური დასაწყისი
როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, East Duo წინასწარ დაგეგმილი პროექტი არ ყოფილა. მეტიც, თავდაპირველად, სულაც არ შეხვედრიან ჯგუფის შექმნის იდეით.
მათი ისტორია 2020 წელს იწყება. გიორგი მატკავა და ლევან ბანცაძე ხშირად უკრავდნენ ერთად, თუმცა, აუდიტორიის წინაშე ჯგუფის სახელით არ გამოდიოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლისას დუეტისთვის სახელის შერჩევა გახდა საჭირო და სწორედ მაშინ, სპონტანურად გადაწყვიტეს, მსმენელისთვის საკუთარი თავი East Duo-ს სახელით გაეცნოთ. შემდეგ დუო ტრიო გახდა და მათ მამუკა მატკავაც შეუერთდა.
მოულოდნელი გლობალური წარმატება
სიმღერამ “Chubina” ქართული ჯგუფი East Duo მსოფლიოს გააცნო. როგორც თავად ამბობენ, ასეთ მასშტაბურ გამოხმაურებას ნამდვილად არ ელოდნენ. პირველად ეს სიმღერა 2021 წელს დაიწერა და ონლაინ სივრცეში სახლში ჩაწერილი ვერსიით არსებობდა.
დიდი წარმატება 2024 წელს მოვიდა, როცა სიმღერა „Chubina” ინტერნეტ სივრცეში უცებ გახდა პოპულარული და შევიდა Shazam-ის გლობალურ Top 200-სა და iTunes-ის Top 20-ში. ქართული ჟღერადობა ისმოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. მეტიც, Spotify-ზე 130 მილიონზე მეტ სტრიმსაც კი გადააჭარბა.
“Chubina”-ს ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ხელახლა ჩაიწერა სიმღერის სტუდიური ვერსია.
“2021 წელს როდესაც „Chubina“ ჩავწერეთ, საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ის ასეთ გზას გაივლიდა. მუსიკა სპონტანურად, ძალიან უბრალო, სახლის პირობებში შეიქმნა - ტელეფონზე ჩაწერილი, ყოველგვარი სტრატეგიისა და მოლოდინის გარეშე. როდესაც დავინახეთ, რომ “Chubina” სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა და შაზამის გლობალურ ჩარტებში მოხვდა, პირველ რიგში გაოცება ვიგრძენით. რთულია სიტყვებით აღწერო განცდა, როცა შენი მუსიკა ისეთ ქვეყნებში ჟღერს, სადაც ადამიანები შეიძლება არც კი იცნობდნენ საქართველოს, ქართულ ენას, მაგრამ მაინც გრძნობენ იმ ემოციას, რასაც გადასცემ,“ - აღნიშნავენ East Duo-ს წევრები.
ფესვებიდან თანამედროვე ჟღერადობამდე
ქართული ფოლკლორისა და კონკრეტულად ფანდურის სიყვარული სამივე მათგანს ბავშვობიდან მოსდევს. მუსიკა მათთვის ყოველთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, და რა გასაკვირია, რომ ხალხური სიმღერებიდან მოდის ის ემოცია, სიღრმე და მელოდიური განწყობა, რომელიც დღეს East Duo-ს შემოქმედებას ახასიათებს.
“Chubina” პოპულარობის შემდეგ გაიზარდა პასუხისმგებლობა, გაჩნდა ახალი შემოთავაზებები და პროექტები. თუმცა მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა: შექმნან მუსიკა, რომელიც მსმენელისთვის ემოციური და შთამაგონებელია.
დღეს East Duo-ს აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანია.
“მსმენელები გვყავს ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან - სხვადასხვა კულტურისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანები, რომლებიც ჩვენს მუსიკაში საერთო ან განსხვავებულ ემოციას პოულობენ. ჩვენი აუდიტორია ასაკობრივადაც ფართოა. გვწერენ როგორც ახალგაზრდები, ისე უფრო ზრდასრული მსმენელები, რომლებიც აფასებენ სიმშვიდეს, სიღრმეს და ატმოსფეროს ჩვენს მუსიკაში,“ - ამბობს East Duo.
სამომავლო გეგმები
პოპულარობის პიკში მყოფი ჯგუფისთვის 2026 წელი გამოწვევებით სავსეა, როგორც თავად აღნიშნავენ:
„სამომავლოდ ძალიან აქტიური პერიოდი გველოდება. 2026 წელს ვგეგმავთ 6 ახალ რელიზს, რომლებიც ჩვენი შემოქმედების ახალ ეტაპს წარმოაჩენენ, შესაბამისად, თითოეულ ნამუშევარზე განსაკუთრებული ყურადღებით ვმუშაობთ. ასევე გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა ცოცხალ შესრულებაშიც უფრო მასშტაბურად წარმოვადგინოთ - სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აუდიტორიასთან.“
გიორგის, მამუკასა და ლევანის მიზანი მარტივია: შექმნან მუსიკა, რომელიც ქართულ ფესვებსა და თანამედროვე ჟღერადობას ჰარმონიულად გააერთიანებს. სწორედ ეს შინაგანი იმპულსი და ახლის ძიების მუდმივი სწრაფვა აქცევთ მათ შეუჩერებლებად.
უფრო მეტის გასაგებად იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არ ჩერდებიან, ეწვიეთ ვებგვერდს: argacherde.bog.ge
East Duo-ს შესახებ კი ნახეთ ვიდეო.
სხვა სიახლეები
Gift Concept განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია City Mall-ში პირველ ფიზიკურ სივრცეს ხსნის
27.11.2026.16:00
Gift Concept, რომელიც პრემიუმ კლასის სასაჩუქრე ნაკრებებს ქმნის, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ გააფართოვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა და კორპორატიული შეკვეთების მიმართულება. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებლები, სოფიო პაპუნაშვილი და ირინა პეტრიაშვილი ესაუბრნენ.
რა სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Gift Concept-ს და როგორ განვითარდა კომპანია ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
თქვენთან ბოლო ინტერვიუს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ეს ცვლილებები ეტაპობრივად მოვიდა. დღეს უფრო მეტ ადგილობრივ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ურთიერთობას ვავითარებთ საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ ბრენდებთანაც. კორპორაციული შეკვეთების მიმართულებითაც უფრო აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩვენი გუნდიც იზრდება და ძალიან გვიხარია, რომ ახალი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა გვაქვს.

ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. საჩუქრის მომზადებისას სულ ვფიქრობთ იმ ადამიანზე, ვინც ყუთს გახსნის. გვაინტერესებს, რა დახვდება შიგნით და რამდენად მოუნდება ამ ნივთების გამოყენება შემდეგაც. ამიტომ პროდუქციის ხარისხზე კომპრომისზე არ მივდივართ. თითოეულ ნივთს იმავე ყურადღებით ვარჩევთ, როგორც საკუთარი ახლობლისთვის შევარჩევდით. შეფუთვასა და მისალოც ბარათსაც ისეთივე გულით ვამზადებთ, როგორც თავად საჩუქარს.
როგორია დღეს თქვენი სასაჩუქრე ნაკრებების ასორტიმენტი? დაემატა თუ არა ახალი კონცეფციები და პროდუქტები?
დღეს გვაქვს სასაჩუქრე ნაკრებები ქალებისთვის, მამაკაცებისთვის და პატარებისთვის. ასევე, ჩვენთან უკვე ცალკეული პროდუქტების შეძენაც შეიძლება. ზოგჯერ ადამიანს უკვე აქვს ჩაფიქრებული, რას აჩუქებს, და ერთი კონკრეტული ნივთი სჭირდება. ჩვენს ასორტიმენტში ასეთი ნივთებიც ბევრია, მაგალითად, მაგიდის პატარა სანათი ან კერამიკული ყველის დაფა, რომლებიც ცალკეც კარგი საჩუქარია.
ერთ-ერთი სიახლე ხელოვნების კოლექციაა, რომელიც ქართველ მხატვარ ელენე მელქაძესთან ერთად შევქმენით. კოლექციაში გვაქვს მისი ნახატები. ამ კუთხით ვგეგმავთ სხვა ხელოვანებთან თანამშრომლობასაც.

კორპორაციულ შეკვეთებზე მუშაობისას, როგორც წესი, ჯერ ვეკითხებით კომპანიას, ვისთვის ამზადებს საჩუქარს და რისი თქმა უნდა ამ საჩუქრით. ამ საუბრის შემდეგ უფრო მარტივია ისეთი ნივთების შერჩევა, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება და ადრესატსაც გამოადგება. ჩვენ გვინდა, რომ მასიურად წარმოებული, სტანდარტული ნივთების ნაცვლად, თითოეული ასეთი საჩუქარი გამოხატავდეს დამკვეთის ბრენდის ღირებულებს და იგრძნობოდეს ემოცია, რომლითაც ის იქმნება.
როგორია მომხმარებელთა მოთხოვნა და რა შედეგებით აფასებთ კომპანიის საქმიანობას ბოლო პერიოდში?
ბოლო პერიოდში შეკვეთები ეტაპობრივად იზრდება. უკვე ბევრი ადამიანი საზღვარგარეთიდან გვიკვეთავს საჩუქარს, რომ თბილისში ახლობელი გაახაროს. როცა შორს ხარ და საჩუქარს დისტანციურად არჩევ, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ის დროულად და ლამაზად შეფუთული მივა. სისწრაფე ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. თბილისის მასშტაბით საჩუქარს შეკვეთიდან 2–3 საათში ვაწვდით. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა საჩუქარი იმავე დღეს გჭირდება.

გვინდა, ჩვენი სერვისი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და შეკვეთა ყველასთვის მარტივი იყოს. ამიტომ Gift Concept ახლა Wolt-ზეც არის და საჩუქრის შეკვეთა იქიდანაც შეიძლება.
ამ პერიოდში ონლაინ სივრცეშიც მოვიპოვეთ ნდობა და ჩვენი ვებ-გვერდის პოვნაც უფრო მარტივი გახდა. ჩვენი დაკვირვებით, როცა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თბილისში საჩუქრის შეძენის ან გაგზავნის გზებს ეძებენ, Gift Concept თითქმის ყოველთვის პირველ რეკომენდაციად ჩნდება. ჩვენი ვებ-გვერდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე გვპოულობენ ადამიანებიც, რომლებსაც ჩვენ შესახებ აქამდე არ სმენიათ.
შედეგებს შეკვეთების რაოდენობითაც ვაფასებთ და იმითაც, რასაც მომხმარებლები გვწერენ. კმაყოფილი მომხმარებლებისგან დადებით გამოხმაურებებს რეგულარულად ვიღებთ. ზოგი გვწერს, როგორ მოეწონა შეფუთვა, ზოგი კი გვიყვება, როგორ გაუხარდა საჩუქარი ადრესატს. განსაკუთრებით გვიხარია, როცა ადამიანი შემდეგი საჩუქრის შესარჩევად ისევ ჩვენთან ბრუნდება. ეს ჩვენთვის ნდობის ძალიან კონკრეტული და ძვირფასი გამოხატულებაა.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ახალი კოლაბორაციები, ასორტიმენტის გაფართოება ან ფიზიკური სივრცის გახსნა?
საახალწლოდ City Mall საბურთალოში ჩვენს პირველ სტენდს ვხსნით. აქამდე მომხმარებლებს ძირითადად ონლაინ ვხვდებოდით, ახლა კი შესაძლებლობა გვექნება, პირადად გავიცნოთ ისინი და ადგილზე ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი საჩუქრები. რამდენიმე ახალ სასაჩუქრე კონცეფციასაც წარვადგენთ. ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რა აჩუქოს, შეუძლია მოგვიყვეს, ვისთვის ეძებს საჩუქარს და ერთად შევარჩევთ.

ასორტიმენტის გაფართოებასაც ვგეგმავთ. გვინდა, უფრო მეტ ადგილობრივ მწარმოებელთან ვითანამშრომლოთ, რომლებიც პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ქმნიან. საინტერესოა, როცა მწარმოებელს თავისი ხელწერა აქვს და ერთად შეგვიძლია მოვიფიქროთ, როგორ გავაცნოთ მისი პროდუქტი ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თანამშრომლობები ახალი საჩუქრების შექმნის საშუალებასაც გვაძლევს.

გვჯერა, რომ Gift Concept-ს კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა აქვს. გვინდა, ესეც ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს და რაც უფრო მეტ შეკვეთას მივიღებთ, თითოეულ საჩუქარს ისევ ისეთივე ყურადღებით მოვეკიდოთ, როგორც მაშინ, როცა პირველი შეკვეთები გვქონდა.