Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას ავრცელებს
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.
,,საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.
მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ 158 გვერდიან გამოცემაში, საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში, 3 გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.
easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.