EBS Korea საქართველოში ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკიდან შემეცნებითი სამაუწყებლო არხის, EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს თბილისის ისტორიული უბნები, ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი, ბათუმის ტურისტული ადგილები და ბოტანიკური ბაღი, გომის მთა, შეკვეთილი, კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, ასევე იმერეთისა და რაჭის ღირსშესანიშნაობები. ჯგუფის წევრები ესტუმრნენ კახეთს, სადაც ვენახები და მარნები გადაიღეს, ხოლო თუშეთში - ისტორიული სოფლები და კოშკები.
EBS Korea-ს წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული ადგილების, კულტურისა და ისტორიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ გადაცემისთვის „World Theme Travel“, რომელსაც მილიონობით კორეელი მაყურებელი იხილავს.
ტურის მიზანი საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.