ქინძმარაულის მიკროზონა და თანამედროვე ტექნოლოგიები - როგორ იქმნება „ეკლიპსეს“ პრემიუმ ღვინო
მეღვინეობა ეკლიპსე თანამედროვე ქართული მეღვინეობაა კახეთის რეგიონიდან, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, დავით ხმელიძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ეკლიპსე“ თანამედროვე ქართული მეღვინეობაა კახეთის რეგიონიდან, კერძოდ, ალაზნის ველიდან. ჩვენი ვენახები ქინძმარაულის მიკროზონაშია გაშენებული, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობისთვის გამორჩეული პირობებითაა ცნობილი.
ჩვენი მეღვინეობა შედარებით ახალგაზრდაა. პირველი კომერციული პროდუქტი 2020 წელს გამოვუშვით, თუმცა თავიდანვე მკაფიოდ ვიცოდით, რისი მიღწევა გვსურდა - ტექნოლოგიური სიზუსტისა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემის გაერთიანება.
ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება ვენახის მოვლის ზედმიწევნით პროცესს, ყურძნის ხელით კრეფას და უახლესი აღჭურვილობების გამოყენებას, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი მეღვინეობების ტექნოლოგიების ანალოგიურია. შედეგად, ჩვენი ღვინის სახეობები არის როგორც ავთენტური, ასევე თანამედროვეც.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? რამდენ სახეობას აერთიანებთ ამჟამად?
დღეისათვის ეკლიპსეს მეღვინეობა 35 ჰექტარამდე ვენახებს ფლობს, პარალელურად გაშენების პროცესშია დამატებით 13 ჰექტარი ვენახი.

გვაქვს, როგორც ადგილობრივი ქართული ჯიშები - როგორებიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და მწვანე - ასევე საერთაშორისო ჯიშები, მათ შორის: კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სანჯოვეზე.
ეს დიდ მოქნილობას გვანიჭებს. ჩვენი პორტფელი დაყოფილია სხვადასხვა ხაზად, რომელთაგან თითოეულს საკუთარი სტილი და იდეა აქვს. გარკვეული ღვინის სახეობები ორიენტირებულია სისუფთავეზე, ბალანსსა და ჯიშურ მახასიათებლებზე, ზოგი კი უფრო ექსპერიმენტული ხასიათისაა.
დღესდღეობით ვაწარმოებთ თეთრ და წითელ ღვინის სახეობებს, ტრადიციულ ქარვისფერ ღვინოებს ქვევრში, ასევე ფრანგულ მუხის კასრებსა და იტალიურ ამფორებში დაძველებულ ღვინოებს, რაც სასმელს მეტ სიღრმეს, ტექსტურასა და კომპლექსურობას მატებს.
„ეკლიპსეს“ ღვინის სახეობებმა უკვე მოიპოვეს აღიარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებზე, მათ შორისაა: Decanter World Wine Awards, International Wine & Spirit Competition და Asia Wine Trophy.
რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ბაზარზე?
„ეკლიპსეს“ მეღვინეობაში ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ თითოეულ პროცესს - ვენახის მოვლიდან ღვინის ჩამოსხმამდე. ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სტაბილური ხარისხი და მაქსიმალურად გამოვკვეთოთ ჩვენი ტერუარის ხასიათი.

ვიყენებთ ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე აღჭურვილობას. ეს გვაძლევს საშუალებას, წარმოების თითოეულ ეტაპს მაღალი სიზუსტითა და კონტროლით მივუდგეთ, რაც ჩვენს მეღვინეობის პროცესს ტექნიკურად დახვეწილს ხდის.
ქართულ ბაზარზე, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ასეთი დონე ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენს. ეს გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ხარისხის, სტაბილურობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.
და ბოლოს, დიდ ინვესტიციას ვდებთ ბრენდის პოზიციონირებაში. ვთანამშრომლობთ ფრანგ ხელოვანთან, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ღვინის სახეობების ეტიკეტების ავტორია. ამით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ვიზუალური იდენტობა სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო პრემიუმ სტანდარტებს.
რა არის კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტი ცალსახად ხარისხია და არა რაოდენობა. ჩვენი მიზანი არა მაქსიმალური ზრდა, არამედ სწორი მიმართულებით განვითარებაა.
„ეკლიპსეს“ მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს იმაში, თუ როგორ აღიქმება ქართული ღვინო მსოფლიოში - გვსურს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ღვინის სახეობები, რომლებიც სტილის, სტაბილურობისა და სიზუსტის თვალსაზრისით საერთაშორისო მოლოდინებს სრულყოფილად პასუხობს.
ამის ფარგლებში, ჩვენ ვავითარებთ კონცეფციას, რომელსაც Super Georgia-ს (სუპერ საქართველოს) ვუწოდებთ. ეს იდეა „სუპერ ტოსკანური“ ღვინოების მაგალითითაა შთაგონებული - ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისა და ტერუარის შერწყმა თანამედროვე, საერთაშორისო მეღვინეობის მეთოდებთან და მათ პრემიუმ სეგმენტში პოზიციონირება.

ასევე ვაგრძელებთ არეალის გაფართოებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საქართველოში ჩვენი ღვინოები უკვე წარმოდგენილია თბილისისა და ბათუმის წამყვან რესტორნებსა და სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში. პარალელურად, აქტიურად ვზრდით ექსპორტს ევროპასა და აზიაში, სადაც აქცენტს გრძელვადიან პარტნიორობასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ვაკეთებთ.
ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ღვინის ტურიზმია. ,,ეკლიპსეს" მეღვინეობაში სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, ვთავაზობთ ტურებს ვენახებსა და მარანში, ვატარებთ დეგუსტაციებს, რაც ადამიანებს ჩვენი მიდგომებისა და სხვადასხვა სტილის ღვინოების უკეთ გაცნობაში ეხმარება. გარდა ამისა, მეღვინეობის ტერიტორიაზე გვაქვს ბუტიკ-სასტუმრო, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სრულად ჩაიძირონ კახეთის საოცარ გარემოში და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.