ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიები ყველაზე მეტადაა დაცული AI-ისგან - ალექსანდრე ჯეჯელავა
ხელოვნური ინტელექტისგან ყველაზე მეტად ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიებია დაცული, სადაც ადამიანებთან უშუალო კონტაქტსა და ემოციების ამოცნობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში Business Insider Georgia, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში წარმატების მთავარი ფაქტორი ხდება მიკროუნარები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი და ემოციური ინტელექტი.
„2025 წელს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, სახელწოდებით Skills for the 21st Century (უნარები 21-ე საუკუნისთვის). იქ მოყვანილი იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ თანამედროვე ადამიანი პროფესიას საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის. და როდესაც ვამბობ საშუალოდ 6-ჯერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური ადამიანები პროფესიას, ალბათ, 12-ჯერაც კი შეიცვლიან.
ამას რომ ვამბობ, აუდიტორია ხშირად აღელვდება ხოლმე და მიპროტესტებს: ნუთი შესაძლებელია ფეხბურთელი ხელოვანი გახდება და მასწავლებელი ექიმიო?
რა თქმა უნდა, ხანდახან ასეთი რადიკალური ცვლილებებიც მოხდება, თუმცა, რეალურად, ეს თითოეული ჩვენგანის ამბავია. ხშირად ჩვენ უბრალოდ სამეზობლო, მონათესავე სფეროებში გადავდივართ: ტელევიზიიდან YouTube-ზე, ერთი მიმართულებიდან მეორეზე... მაგრამ ეს ცვლილებაა, ჩვეულებრივი პროფესიული ცვლილებაა, რომელთან შეგუებაც თანამედროვე სამყაროში ყველას მოგვიწევს.
ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ პროფესია აღარ არის რაღაც ფიქსირებული მოცემულობა. ყველაფერი უფრო მიკროუნარების დონეზე დავიდა: ხარ თუ არა ცნობისმოყვარე, რამდენად ხარ ტექნოლოგიებთან გაშინაურებული, გაქვს თუ არა ემოციური გონიერება და შეგიძლია თუ არა საკუთარი სხეული და გონება ენერგიის მაღალ დონეზე შეინარჩუნო. ეს არის ზუსტად ის უნარები, რომელთა წყალობითაც ადამიანი ნებისმიერ პროფესიას მარტივად აითვისებს, ნებისმიერ სფეროში შევა და უმაღლეს პროფესიონალიზმს მიაღწევს. რა თქმა უნდა, უფროს თაობებში მაინც რჩება შეგრძნება, რომ პროფესია არმაზის კერპივითაა, რომ 16 წლისამ უნდა აირჩიო და მერე მთელი ცხოვრება მას შეეწირო მსხვერპლად. მაგრამ წავიდა ეს დრო. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს რეალობა წარსულს ჩაბარდა და დადგა ეპოქა, სადაც პროფესიულ გზაზე მოსახვევები ძალიან ხშირია.
რაც შეეხება ტრადიციულ პროფესიებს ამბობენ, რომ ემპათიაზე დაფუძნებული საქმე, სადაც ადამიანისთვის თვალებში ჩახედვაა მნიშვნელოვანი (როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი და ა.შ.), ყველაზე მეტადაა დაცული. ხელოვნური ინტელექტი კიდევ დიდხანს ვერ მიხვდება თვალებში ჩახედვით, შენ კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდზე. უფრო ანალიტიკური პროფესიები კი - ფინანსური ანალიტიკოსი, ანდერრაითერი და მსგავსი სფეროები გაცილებით მარტივად ჩანაცვლებადია.
აქვე თარჯიმნის პროფესიაზეც მინდა ვთქვა. აი, მაგალითად, მაღალი დონის ოფიციალურ ვიზიტებს რომ ვაშუქებთ, იმ შეხვედრების თარჯიმანი ხელოვნური ინტელექტი არასოდეს იქნება. რატომ? იმიტომ, რომ იქ კონტექსტს, ემპათიასა და დიდ სურათში აზრის გაგებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კარგ თარჯიმანს შეუძლია ქვეყანა ააშენოს, ცუდს კი დააქციოს, ხომ ასეა?
ამიტომაა ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიები გაცილებით დაცული. მათ შორის ჟურნალისტიკაც ცალსახად ასეთია - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გახსნი რესპონდენტს, როგორ დახვდები მას და როგორ შეძლებ, რომ ადამიანური ამბავი მაყურებლამდე თუ მკითხველამდე ზუსტად მიიტანო. და მენეჯერიც ზუსტად ასეთია - მენეჯერის საქმეც, თავისი არსით, პირველ რიგში ემპათიაზე დაფუძნებული პროფესიაა“, - მიიჩნევს ალექსანდრე ჯეჯელავა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
09.10.2026.19:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.
STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.
რატომ STEM სკოლა?
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.
პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.
ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.
STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge