ენდემური ხორბლის ახალი გემოები - „ლაგაზი ბეიქერი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
საცხობი „ლაგაზი ბეიქერი“ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაიხსნა და მომხმარებლებს ქართული ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პურს სთავაზობს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ლაგაზი ბეიქერის“ თანადამფუძნებელს, ნათია მაჭარაშვილს ესაუბრა.
„ჩვენი საქმიანობა ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მოსავლის აღებას ველოდებით. პროცესები დიდწილად ამინდებზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყება მკა. ამ დროისთვის დათესილი გვაქვს 8 სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, რომლებსაც სექტემბრიდან ჩვენს საცხობში გამოვიყენებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მათგანი მივიწყებული ქართული ხორბლის ჯიშია და მათი პური ჩვენთვისაც ახალი გამოცდილება იქნება, ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება. სავარაუდოდ, მკა ივლისის დასაწყისში დაიწყება - მოსავალს დავაბინავებთ და ამის შემდეგ, სექტემბრიდან, ჩვენს საცხობში ამ ხორბლისგან მიღებული ფქვილით პურის გამოცხობას დავიწყებთ.
ამ ეტაპზე სრულად მოსავლის მოლოდინსა და ამ პროცესისთვის მზადებაზე ვართ ორიენტირებული“, - აცხადებს ნათია მაჭარაშვილი.
„ლაგაზი ბეიქერის“ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„ჩვენი საცხობი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაიხსნა და თუ თავდაპირველად ხშირად გვხვდებოდნენ მომხმარებლები, რომლებმაც არ იცოდნენ რომელი პური ან ხორბლის ჯიში აერჩიათ, დღეს უკვე სრულიად განსხვავებული რეალობაა - ადამიანებს საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვთ, ინტერესდებიან სხვადასხვა ჯიშით და ჯანსაღი კვების მიმართ ინტერესიც დღითიდღე იზრდება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივ საფუარსაც, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ხორბალი ორგანული მეთოდებით მოგვყავს და ბუნებრივი საფუარი ამ პროცესის ერთგვარი დამაგვირგვინებელი ნაწილია, რადგან სწორედ ის ეხმარება ხორბალს სასარგებლო თვისებებისა და მინერალების შენარჩუნებაში. ამიტომ მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან არა მხოლოდ პურით, არამედ თავად ბუნებრივი საფუარითაც.
სასიამოვნოა ისიც, რომ ჩვენი მომხმარებლების ნაწილი შორეული უბნებიდანაც კი მოდის პურის საყიდლად. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენი პური თითქმის ერთი კვირა ჰყოფნით, რადგან ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარ პურს ხანგრძლივად შენახვის უნარი აქვს და დროთა განმავლობაში გემოც უფრო მეტად უმჯობესდება.
საცხობში ყოველდღიურად დაახლოებით 6-7 სახეობის პური ცხვება. სხვადასხვა პურისთვის განსხვავებულ ფერმენტაციის მეთოდებს ვიყენებთ. მათ შორის, 17 საათიან და 48 საათიან ფერმენტაციას. სწორედ ფერმენტაციის ხანგრძლივობა განსაზღვრავს როგორც პურის ხარისხს, ისე მის არომატსა და გემოვნურ მახასიათებლებს.

ჩვენმა მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან, რომელი ტიპის პური მოსწონთ ყველაზე მეტად და ხშირად კონკრეტულად იმ პურის საყიდლად მოდიან, რომელიც მათთვის გამორჩეულია გემოთი და ტექსტურით.
სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც საქმიანობა დავიწყეთ, ინტერესი ჩვენი პროდუქციისა და ზოგადად ჯანსაღი, ბუნებრივი პურის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
„მოგეხსენებათ, საქმიანობაში მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ ჩართული. შოთა უფრო სამეურნეო მიმართულებაზე მუშაობს - მიწის დამუშავებაზე, ხორბლის მოყვანასა და გამრავლებაზე, ხოლო მე ძირითადად ცხობის პროცესს ვხელმძღვანელობ. თუმცა, რეალურად, ორივე ყველა ეტაპზე ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და ერთმანეთს ვეხმარებით.
თავიდანვე ჩვენი მთავარი მიზანი მივიწყებული ქართული ხორბლის ჯიშებისა და სახეობების გამრავლება იყო. მუშაობა „მახათი“ და „ზანდურით“ დავიწყეთ და ეტაპობრივად შევძელით, რომ დღეს უკვე ხუთი ქართული ენდემური სახეობა გვქონდეს დათესილი.
დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ წელს კარგი მოსავალი იქნება და ამ უნიკალურ ხორბალს ჩვენს მომხმარებლებსა და ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანებსაც გავუზიარებთ. რეალურად, ეს ჯიშები თითქმის მივიწყებული იყო, მათ პრაქტიკულად აღარ იყენებდნენ არც პურის ცხობისთვის და არც სხვა დანიშნულებით. ჩვენ კი გვინდა, ადამიანებმა უკეთ გაიგონ ამ ხორბლების რეალური ღირებულება, მათი უნიკალური გემო და სასარგებლო თვისებები.
სამომავლოდ ახალი პურის ასორტიმენტის დამატებასაც ვგეგმავთ, თუმცა ეს პროცესი სწრაფად ვერ განვითარდება, რადგან ენდემური ჯიშების გამრავლებას წლები სჭირდება. მათი მოყვანა რთულია, რადგან მოსავლიანობა შედარებით დაბალია, თუმცა ამ ხორბლის კვებითი ღირებულება, ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა, ასევე გემოვნური თვისებები, სხვა ხორბლის ჯიშებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამასთან, თითოეულ ჯიშს ცხობის საკუთარი ხასიათი და სპეციფიკა აქვს, ამიტომ გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ ეს პურები კარგად დავამუშაოთ, შევქმნათ შესაბამისი რეცეპტები და შემდეგ უკვე როგორც ფქვილის, ისე პურის სახით შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს “, - განმარტავს ნათია მაჭარაშვილი.
ინფორმაციისთვის, მეურნეობა ახმეტის მუნუციპალიტეტში, ზემო ალვანში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
„მტევინო“ ინფრასტრუქტურას აფართოებს და სტუმრებს დასვენების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
15.10.2026.18:00
სასტუმრო „მტევინო“ სტუმრებს დასვენებისა და გართობის დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპლექსის ინფრასტრუქტურას პადელის კორტი და ველობილიკი დაემატა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერმა, ქეთი ხვედელიძემ ესაუბრა.
„პადელი ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ სპორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან. რეგიონში პადელის კორტების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენი სტუმრებისთვის დამატებითი აქტივობა შეგვეთავაზებინა და სასტუმროს სივრცისთვის პადელის კორტი დაგვემატებინა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტუმრებს მხოლოდ განთავსების სერვისი არ შევთავაზოთ და მათ დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობებიც შევუქმნათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. პადელის კორტთან ერთად, სასტუმროში უკვე გვაქვს საცურაო აუზი და ველობილიკიც, რაც სტუმრებს აქტიური დასვენების საშუალებას აძლევს“, - აცხადებს ქეთი ხვედელიძე.
„მტევინო“ სტუმრებს მრავალფეროვან მასტერკლასებს სთავაზობს.
„ოქტომბერი ჩვენთვის განსაკუთრებით დატვირთული პერიოდია და მიმდინარე თვეში სასტუმრო სრულად არის დატვირთული, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად გვსტუმრობენ სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც რთველში მონაწილეობენ.

სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას ვთავაზობთ - ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობიდან დაწყებული, სხვადასხვა კულინარიული მასტერკლასით დასრულებული. მათ შორისაა ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის ცხობა, ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადება. ეს აქტივობები სტუმრებს საშუალებას აძლევს, ქართულ ტრადიციებს უფრო ახლოს გაეცნონ და დასვენებასთან ერთად, ადგილობრივ კულტურაშიც მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერი.

კომპანია სამომავლოდ ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს.
„განვითარებას არ ვაჩერებთ და სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაფართოებას ვაგრძელებთ. წლის დარჩენილ პერიოდში კიდევ სამი კოტეჯის დამატებას ვაპირებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური დასვენების მსურველებისთვის.
ამ ეტაპზე სასტუმროს ტერიტორიაზე ოთხი კოტეჯი გვაქვს, თითოეულში კი ორი ნომერია განთავსებული. გარდა ამისა, მთავარ შენობაში ხუთი ნომერი ფუნქციონირებს. ამჟამად ძირითადად ორპირიან ნომრებს ვთავაზობთ სტუმრებს, რომლებშიც დამატებითი საწოლის განთავსებაც შესაძლებელია. ახალი კოტეჯების დამატება კი მოგვცემს შესაძლებლობას, ოჯახებს უფრო კომფორტული გარემო და განთავსების მეტი არჩევანი შევთავაზოთ.

სამი ახალი კოტეჯის დამატების შემდეგ, საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზრდება და სასტუმრო ჯამურად დაახლოებით 50 სტუმრის მიღებას შეძლებს. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად განვავითაროთ როგორც განთავსების შესაძლებლობები, ისე დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი სერვისები“, - აღნიშნავს ქეთი ხვედელიძე.

ინფორმაციისთვის, „მტევინო“ აერთიანებს ბუტიკურ სასტუმროს, ღვინის ქარხანას, რესტორანს, კულინარიულ მასტერკლასებსა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ღია სივრცეებს. კომპლექსი თბილისიდან 40 წუთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარეობს.