ენერგეტიკული გაერთიანებების ბიზნეს მოდელები და საკუთარი მოხმარების როლი მომხმარებელთა გააქტიურების ხელშესაწყობად
რამდენიმე წელია, რაც მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში. აღნიშნული გულისხმობს მათ შორის ე.წ. მე-4 ენერგეტიკული პაკეტის გადმოტანას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საცალო ბაზრის დერეგულაციას და დეცენტრალიზაციას, ენერგიის დაზოგვისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობას, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სქემების გამოყენებით.
განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის ინდივიდუალურ სქემას წარმოადგენს ე.წ. პროსიუმერის სქემა. ამ სქემით ფიზიკური ან იურიდიული პირები ინდივიდუალურად აწარმოებენ და მოიხმარენ საკუთარ ენერგიას, თუმცა რჩებიან ქსელთან მიერთებული, რათა გასცენ ჭარბი ენერგია ქსელში და მიიღონ ქსელიდან ენერგია, როდესაც საკუთარი წარმოება საკმარისი არ არის. ისინი ასრულებენ გადამწყვეტ როლს დეცენტრალიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე.
პროსიუმერები ძირითადად ორი ბიზნეს მოდელის მიხედვით ოპერირებენ. ესენია ნეტო-აღრიცხვა და ნეტო-დარიცხვა. ნეტო-დარიცხვა უფრო საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სქემაა, რომელიც ითვალისწინებს ენერგიის გაქვითვას ფინანსურად (დროის კონკრეტულ მომენტში ელექტროენერგიის ფასის შესაბამისად, რომელიც შეესაბამება საცალო ბაზარზე ანგარიშსწორების პერიოდს), მაშინ როდესაც ნეტო-აღრიცხვა ითვალისწინებს ელექტროენერგიის გაქვითვას, როგორც ფიზიკური პროდუქტის (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭარბად მიწოდებული და მოხმარებული კილოვატსაათების ურთიერთ გაქვითვას, რომელიც ძირითადად საცალო ბაზარზე ანგარიშსწორების პერიოდის შესაბამისია).
საცალო ბაზრის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის მოხმარების წახალისების კონტექსტში ბოლო პერიოდში ინტერესი გაიზარდა და აქტუალური გახდა უფრო მომხმარებელთა ჯგუფური აქტივობები, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სქემაა ენერგეტიკული გაერთიანებები.
ენერგეტიკულ გაერთიანებებს ითვალისწინებს მე-4 ენერგეტიკული პაკეტი. ამასთან, ევროპის ქვეყნებში ენერგეტიკული გაერთიანებებისთვის პრაქტიკაში გამოყენებული სამართლებრივი ფორმებისა და ბიზნეს მოდელების გათვალისწინებით, ისინი საცალო ბაზარზე ოპერირებენ ძირითადად საცალო მომხმარებლების კოოპერატივების/ამხანაგობის ან/და ასოციაციების ფარგლებში. არსებობს რამდენიმე ბიზნეს მოდელი, რომელიც უფრო მეტად გავრცელებულია და შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოს პირობებისთვის:
საქართველოში ამჟამად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვაზე დაფუძნებული საკუთარი მოხმარების, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფურო სქემა (ე.წ. ვირტუალური ნეტო-აღრიცხვის სქემა) 500 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური ზღვით. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის ენერგეტიკლი გაერთიანების მე-3 ენერგეტიკულ პაკეტზე. აღნიშნული კი სრულად არ ითვალისწინებს ენერგეტიკული გაერთიანების ფუნქციონალს. საქართველოში ევროკავშირის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის დანერგვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ მოძველებულ (არასაბაზრო) პრინციპებზე დაფუძნებული ნეტო-აღრიცხვის სქემები შეიცვლება ერთობლივი ქმედებების შესაბამისი ადგილობრივი ენერგეტიკული გაერთიანების შესაძლებლობებით, რამაც უფრო მოქნილი და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები უნდა შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს ელექტროენერგიის ბაზარზე.
ამ ეტაპზე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. თუმცა, საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულება აქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნული კანონმდებლობის ჰარმონიზება, რაც საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში ერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა და პოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვა. ამ კუთხით, საქართველოში Horizon 2020-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიმდინარეობს პროექტი SHAREs, რომლის მიზანია, დაეხმაროს ერთობლივ ქმედებებს, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანობის გაზრდას, ენერგიის ოპტიმიზებულ მართვას და განახლებადი ენერგიის ათვისებას საქართველოში. SHAREs-ი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბებაში ან გაფართოებაში და საშუალებას აძლევს მათ, უშუალოდ დაუკავშირდნენ მომხმარებლებს, მათ შორის მათ, ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს ინტერესი ან არ იცნობს ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციას. აღსანიშნაცია, რომ SHAREs პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ - www.energy4all.ge, სადაც განთავსებულია ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო-მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევები და დამხმარე მასალები, რომელიც დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში.
პროექტ SHAREs-ის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკული მაგალითების დანერგვას და ასევე ევროპულ გამოცდილების გადმოტანას. აღნიშნული კი გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს ენერგეტიკული გაერთიანებების ფართო მასშტაბით ჩამოყალიბებას საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნებთან სრული ჰარმონიზაციის შემდეგ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.