ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებული შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება. ის მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.
ლაშა გზირიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოდელი შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის" კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის" კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა", - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
მისივე თქმით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ", - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.
მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მონაწილემ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე უერთდება მას, ხოლო დაშლის კონკრეტული მომენტის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, დიდია მომხმარებლების მიერ თანხის დაკარგვის რისკი.
სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.
„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არამხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ", - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეწს და ავითარებს საკანონმდებლო ჩარჩოს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საინვესტიციო შემოთავაზებების განხილვისას მოიძიონ დეტალური ინფორმაცია, კარგად აწონ-დაწონონ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina