Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საქართველოში ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა. ამ კატეგორიაში თიბისიმ წელს პირველად გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურებზე სალაროებით გადახდის ახალი სისტემა დაინერგა, რაც კომპანიისთვის ნაღდი ფულის მართვას ამარტივებს.
თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებლები საწვავის საფასურს სპეციალური აპარატების მეშვეობით იხდიან - როგორც ნაღდი ფულით, ისე საბანკო ბარათით. აპარატები თიბისის ერთიან საბანკო სისტემაშია ჩართული, შესაბამისად, ნაღდი ფულის მართვა სრულად თიბისის პასუხისმგებლობაა. ბანკი ასევე უზრუნველყოფს საინკასაციო მომსახურებას საჭიროების მიხედვით. შედეგად, „ვისოლს“ აღარ უწევს ნაღდი ფულის დამუშავებასა და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცესებზე ზრუნვა, რაც ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროს და ამცირებს საოპერაციო რისკებს.
თვითმომსახურების აპარატების საბანკო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა სრულად თიბისი ფეიმ უზრუნველყო. პროექტის პირველი ეტაპი 2025 წლის დეკემბერში განხორციელდა, წარმატებული პილოტის შემდეგ ახალი სისტემა უკვე 12 ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. აპარატების მეშვეობით ყოველდღიურად 6 200-მდე ტრანზაქცია სრულდება, პროექტის დანერგვიდან დღემდე კი 190 ათასზე მეტი გადახდაა განხორციელებული. მაღალი დატვირთულობის გათვალისწინებით, თანამედროვე აპარატები მნიშვნელოვნად ზოგავს „ვისოლის“ რესურსებს.
„თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს და ბიზნესპროცესებს აუმჯობესებს. ამისთვის არა მხოლოდ ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, არამედ თავადაც ვთავაზობთ ახალ გადაწყვეტილებებს. სწორედ ჩვენი ინიციატივით დაიწყო „ვისოლის“ სადგურებზე თვითმომსახურების სალაროების დანერგვა, რაც ერთობლივი მუშაობით მოკლე დროში განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ პროექტმა Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა“, – ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
„თიბისისთან „ვისოლის“ დაარსების დღიდან, უკვე 26 წელია, ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ტექნოლოგიურ განახლებას მაშინ აქვს ღირებულება, როცა ის მომხმარებლისთვის მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის და ჩვენს გუნდს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს. ამ პროექტით სწორედ ამას მივაღწიეთ. მომხმარებელს შეუძლია საწვავის საფასური მისთვის მოსახერხებელი ფორმით გადაიხადოს — ნაღდი ფულით ან საბანკო ბარათით. ნაღდი ფულის მართვის განახლებულმა სისტემამ კი საოპერაციო რისკები შეამცირა და სადგურების გუნდებს მეტი დრო დაუტოვა მომხმარებელზე ზრუნვისთვის. ინოვაციური პროდუქტების დანერგვა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის, „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. შესაბამისად, Euromoney-ის ჯილდო თიბისისთან ერთად განხორციელებული პროექტისთვის, განსაკუთრებულად გვახარებს“, - ვასილ ხორავა, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი.
„ვისოლი“ თვითმომსახურების ავტოგასამართი სადგურების ქსელს 2020 წლიდან ავითარებს, რათა ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასი და მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.