ევროპაში საბარათე გადახდების 60%-ზე მეტი საერთაშორისო საგადახდო სისტემებზე მოდის - ECB-ის პრეზიდენტი
ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ციფრული ევროს პირველად გამოშვებისთვის 2029 წელს მზადყოფნას გეგმავს, იმ პირობით, თუ შესაბამისი კანონმდებლობა 2026 წლის ბოლომდე იქნება მიღებული. ამის შესახებ ECB-ის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა ფრანკფურტის 36-ე ევროპულ საბანკო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ შესაბამისი კანონმდებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღება, ჩვენი მიზანია, 2029 წელს ციფრული ევროს პირველად გამოშვებისთვის მზად ვიყოთ“, - განაცხადა ლაგარდმა.
მისი განმარტებით, ციფრული ევროს შექმნის აუცილებლობა ევროპაში საგადახდო სისტემების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პროვაიდერებზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირდება.
ლაგარდის განცხადებით, ამჟამად საერთაშორისო საბარათე სისტემები ევროზონაში საბარათე გადახდების 60%-ზე მეტს ამუშავებენ, ხოლო ევროზონის 21 ქვეყნიდან 14-ს საკუთარი ეროვნული საბარათე სისტემა საერთოდ არ აქვს.
ECB-ის პრეზიდენტის თქმით, ნაღდი ფულის გამოყენების შემცირებისა და ონლაინგადახდების ზრდის პირობებში ევროპას სჭირდება ნაღდი ფულის ციფრული ეკვივალენტი, რომელიც ევროპულ ინფრასტრუქტურაზე იქნება დაფუძნებული.
„ციფრული ევრო ევროპელებს შესთავაზებს გადახდის საშუალებას, რომელიც ევროპულ ინფრასტრუქტურაზე იმუშავებს. როგორც კანონიერი საგადახდო საშუალება, ის სავალდებულოდ მისაღები იქნება ევროზონის მასშტაბით ყველგან, სადაც ციფრული გადახდებია შესაძლებელი“, - აღნიშნა ლაგარდმა.
მისივე განმარტებით, ციფრული ევროს ინფრასტრუქტურა კერძო საგადახდო პროვაიდერებსაც მისცემს შესაძლებლობას, ერთიან ევროპულ სისტემაში კონკურენტული მომსახურება შესთავაზონ მომხმარებლებს.
ECB-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდება, რის გამოც ცენტრალურმა ბანკმა მოსამზადებელი სამუშაოები წინასწარ დაიწყო.
ლაგარდმა აღნიშნულ საკითხებზე 2026 წლის 20 ნოემბერს, ფრანკფურტში გამართულ ევროპულ საბანკო კონგრესზე ისაუბრა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.