მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

ევროპული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გარემოსდაცვითი მართვა მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულება კი არა, ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილიც უნდა იყოს - Green Steps

news image
mbc image

Green Steps გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. კომპანია საქმიანობის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილებასაც ეცნობა და თანამედროვე გარემოსდაცვით მიდგომებს ქართულ ბიზნესს უზიარებს. ბრიუსელის კლიმატის კვირეულში მონაწილეობის მიზნებზე, ღონისძიებაზე გამოკვეთილ ტენდენციებსა და საქართველოში გარემოსდაცვითი მართვის გამოწვევებზე Business Insider Georgia-ს Green Steps-ის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე ესაუბრა.

კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევაა. როგორ იცვლება მისი გავლენა ბიზნესგარემოზე და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი საქართველოსთვის?

კლიმატის ცვლილება უკვე აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა, რადგსან რეალურად ის სულ უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ბიზნესის განვითარებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების გახშირება, წყლის რესურსებზე ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფების რისკების ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები, პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის საქმიანობაზე.

ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება მოთხოვნა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, რესურსეფექტიანობისა და კლიმატური რისკების მართვის მიმართ. შესაბამისად, კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება თანდათან კონკურენტუნარიანობისა და გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად ყალიბდება.

საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და სხვა ეკონომიკური სექტორებისთვის.

Green Steps-ის გუნდი ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეობდა ბრიუსელის კლიმატის კვირეულში. რა იყო თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი და რომელი ტენდენციები გამოიკვეთა ღონისძიების ფარგლებში?

Green Steps-ისთვის ბრიუსელის კლიმატის კვირეულში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გავცნობოდით ევროპაში კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი მართვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებს.

ოთხი დღის განმავლობაში დავესწარით თემატურ სესიებს, პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს, რომლებიც აერთიანებდა ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებს.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული დისკუსიები, სადაც განიხილებოდა განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, ენერგეტიკული სისტემების მდგრადობა და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ინიციატივა და პრაქტიკული გადაწყვეტა, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბიომრავალფეროვნების დაცვა ღონისძიების მნიშვნელოვანი თემები იყო. რა პრაქტიკული გამოცდილება შეიძლება იყოს საინტერესო საქართველოსთვის?

ბრიუსელის კლიმატის კვირეულზე ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება იყო გარემოზე/ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით.

განსაკუთრებით გამოვყოფდი გერმანიის ქალაქ ბრემენის მაგალითს, განხილული იყო მწვანე დერეფნების განვითარება შუაგულ ქალაქში, ურბანული სივრცეების ეკოლოგიური ფუნქციების გაუმჯობესება და ბუნებრივი სისტემების გამოყენება ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორიცაა ქალაქებში ტემპერატურის მატება და ინტენსიური ნალექებით გამოწვეული პრობლემები.

საქართველოსთვის მსგავსი მიდგომები განსაკუთრებით აქტუალურია როგორც ურბანული განვითარების, ისე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში.

ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ბიომრავალფეროვნების საკითხები ძირითადად გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის ეტაპზე განიხილება. თუმცა საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ გაცილებით ეფექტიანია ამ საკითხების გათვალისწინება პროექტის განვითარების ადრეული ეტაპიდანვე.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გადავიდეთ მიდგომაზე, როდესაც გარემოსდაცვითი ღონისძიებები მხოლოდ უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას კი არ ემსახურება, არამედ, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს უწყობს ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

თქვენი შეფასებით, რა ძირითადი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ბიზნესი და რა შეიძლება ვისწავლოთ ევროპული გამოცდილებიდან?

ჩემი შეფასებით, ქართული ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გარემოსდაცვითი საკითხებისადმი სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაა.

საქართველოში გარემოსდაცვითი რეგულირების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, თუმცა პრაქტიკაში კვლავ გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიები გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობას მხოლოდ კონკრეტული ნებართვის მიღების ან საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულების აუცილებლობის შემთხვევაში იწყებენ.

ამ მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს პროექტის განხორციელების შეფერხება, დამატებითი ფინანსური დანახარჯები, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეუსრულებლობა და რეპუტაციული რისკები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიცირება პროექტის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე, ალტერნატიული გადაწყვეტილებების სათანადო შეფასება, გარემოსდაცვითი მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების ჩართულობა.
ევროპული გამოცდილებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია ის, რომ გარემოსდაცვითი მართვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური მოთხოვნების შესრულებით.

კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რესურსების ეფექტიანი გამოყენება, კლიმატური რისკების შეფასება, გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგი და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება ბიზნესის სტრატეგიულ დაგეგმვაში.

როგორ გეგმავს Green Steps ბრიუსელში მიღებული გამოცდილების გამოყენებას და რა მიმართულებით ხედავთ კომპანიის შემდგომ განვითარებას?

Green Steps-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ბიზნესს შევთავაზოთ გარემოსდაცვითი საკითხების მართვის პროფესიული და პრაქტიკულ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება.

ბრიუსელის კლიმატის კვირეულში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის, ახალი მიდგომების შეფასებისა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენი მიზანია, Green Steps-ის მომსახურება მუდმივად ვითარდებოდეს საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად.

ვფიქრობ, ქართული გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში აქტიური მონაწილეობა, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ისე ადგილობრივი ექსპერტიზის განვითარებას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

12.11.2026.18:02

საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.

ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.

თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.
სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.

არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა