ფაქტობრივად, დღეს ფოთი მუშაობს სრულ დატვირთვაზე - რამდენიმე კვირაში ველით რომ პიკზეც ავა l მიხეილ ნამადოვი
ფაქტობრივად, დღეს ფოთი მუშაობს სრულ დატვირთვაზე - რამდენიმე კვირაში ველით რომ პიკზეც ავა - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ირან-ამერიკის ომმა ფაქტობრივად მთელი ნაკადი, რაც კი მიდიოდა შუა აზიაზე ბენდერ-აბასით, ფოთის მიმართულებით გადმოამისამართა.
ფაქტობრივად, დღეს ფოთი მუშაობს სრულ დატვირთვაზე. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე კვირაში ველით იმას, რომ პიკზეც ავა. ყველა მიმართულებით პორტის გადამამუშავებელი სისტემა, რკინიგზა და სახმელეთო გადამზიდები, რა თქმა უნდა, ჩართულნი ვართ.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, ცალსახად, რომ შუა დერეფანი არ არის რამდენიმე წლის აჟიოტაჟური მოთხოვნა - ეს არის გრძელვადიანი პროცესი.
როცა მომზადებული გაქვს ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, შენ უკვე წინ ხარ, ვიდრე პირიქით, როცა თეორიაში ყვები და რაღაც ციფრებს ხაზავ გრაფიკებზე",- აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.