ფინანსური განათლება, მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის
ყოველი ბიზნესი იდეით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში წარმატების მთავარი განმსაზღვრელი არა მხოლოდ იდეა, არამედ მისი სწორად განვითარებისა და მართვის უნარი ხდება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ქალი, რომელიც საკუთარ ბიზნესს ავითარებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ქალები ბიზნესში - Women in Business პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და პროკრედიტ ბანკი პარტნიორობით ახორციელებენ, სწორედ ამ მიმართულებით ქმნის დამატებით შესაძლებლობებს. პროგრამა ქალ მეწარმეებს სთავაზობს, როგორც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე არაფინანსურ მხარდაჭერას: ტრენინგებს, საკონსულტაციო პროექტებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც ბიზნესის ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან ზრდას უწყობს ხელს.

„როდესაც ხედავ, რომ შენს იდეებსა და მიზნებს არა მხოლოდ ფინანსური რესურსით, არამედ ცოდნითა და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებითაც უჭერენ მხარს, ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს, უფრო თამამად დაგეგმო ბიზნესის შემდეგი ნაბიჯები.“ - ნინო დევაძე, მუსიკის სახლი.
პროგრამის ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ფინანსური მენეჯმენტის ჯგუფური საკონსულტაციო პროექტი იყო, რომელშიც ოთხი ქალი მეწარმე ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, ბიზნესის განვითარების პროცესში მსგავსი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ - როგორ დაგეგმონ ფინანსები უფრო ეფექტიანად, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შექმნან ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის მყარი საფუძველი. ექვსთვიანმა საკონსულტაციო პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცათ საკუთარი ბიზნესი ფინანსური მართვის პერსპექტივიდან შეეფასებინათ, ახალი მიდგომები გამოეცადათ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები შეესწავლათ. მიღებული ცოდნა მათ ბიზნესის ფინანსური პროცესების უფრო ეფექტიანად მართვაში დაეხმარა.

“ფინანსური მენეჯმენტის პროექტმა საშუალება მომცა, ჩემი ბიზნესის ფინანსურ პროცესებს უფრო სტრუქტურირებულად შევხედო“ - სალომე ინაძე, რე-ფრეში.

„ბევრი ბიზნეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ფინანსურ შედეგებზე აისახება. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსების სწორად მართვა, რათა ბიზნესი არა მხოლოდ დღეს, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც მდგრადად განვითარდეს.“ - თეონა ჩაჩუა, კოპტერ ტექი.
ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება - სწორედ ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას ემსახურება ქალები ბიზნესში პროგრამა. უკვე მესამე წელია, EBRD-ისა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობით, პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაში, არამედ იმ უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაშიც, რომლებიც გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

„ბიზნესის განვითარება მუდმივ ზრდასა და ახალ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. რაც უფრო ვითარდები და ახალ ცოდნას იძენ, მით უკეთ ახერხებ ცვლილებებთან ადაპტირებას და ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას.“ - ნინო მერის მაძღარაშვილი.
ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც მეწარმეს ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და სწორი მხარდაჭერის დახმარებით საკუთარი იდეის წარმატებულ ბიზნესად ქცევაში ეხმარება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალები ბიზნესში რეგიონალური პროგრამის ფარგლებში.
სხვა სიახლეები
„მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
06.10.2026.18:00
2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.
როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.
ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.
როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.