Fitch-მა თიბისი დაზღვევის რეიტინგი 'BB' დონეზე დაადასტურა სტაბილური პერსპექტივით
Fitch Ratings-მა თიბისი დაზღვევის სადაზღვევო ფინანსური მდგრადობის რეიტინგი და გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი 'BB' დონეზე დაადასტურა. ორივე რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურია.
თიბისი დაზღვევის რეიტინგები კვლავ ასახავს კომპანიის მაღალ საინვესტიციო რისკს, ზომიერ სარეზერვო რისკებსა და გადაზღვევის გამოყენებას, ასევე მის ლიდერ პოზიციას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, ადეკვატურ კაპიტალიზაციას და ძლიერ ფინანსურ შედეგებს.
,,კომპანიის საინვესტიციო პორტფელი კვლავაც მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული შიდა ბაზარზე, ძირითადად ადგილობრივ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებისა და ადგილობრივი კომპანიების ობლიგაციების მეშვეობით. ამასთან, პორტფელში მაღალია დაკავშირებულ მხარეებში განხორციელებული ინვესტიციების წილიც. საინვესტიციო პორტფელი ძირითადად შედგება შიდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებისგან, რომელთა საშუალო შეწონილი რეიტინგი 'BB'-ს შეადგენს. ინვესტიციების უდიდეს ნაწილს ადგილობრივ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები წარმოადგენს. 2025 წლის მდგომარეობით, ობლიგაციები საინვესტიციო პორტფელის 10%-ს შეადგენდა, ხოლო 38% აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე მოდიოდა. ამასთან, თიბისი დაზღვევას დაკავშირებულ მხარეებში ინვესტიციების მაღალი კონცენტრაციაც აქვს - 2025 წლის ბოლოს კომპანიის ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და თიბისი ბანკის ობლიგაციები საინვესტიციო პორტფელის 55%-ს შეადგენდა", - წერს Fitch Ratings-ი.
Fitch ასევე აღნიშნავს, რომ თიბისი დაზღვევა საქართველოს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. 2025 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო წილი 18.8%-ს შეადგენდა. არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით კომპანიის საქმიანობა ძირითადად ავტოდაზღვევაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ქონების დაზღვევაზე არის კონცენტრირებული, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის ბიზნესის ძირითადი ნაწილი მსესხებელთა დაზღვევას მოიცავს, რომელიც თიბისი ბანკის მომხმარებელთა ბაზას ეყრდნობა.
Fitch-ის შეფასებით, თიბისი დაზღვევის ბიზნესპროფილი ასახავს კომპანიის ძლიერ პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე, კარგ ბიზნესდივერსიფიკაციას, ზომიერ რისკის პროფილს, თუმცა ასევე ითვალისწინებს, რომ მისი ოპერაციული მასშტაბი რეგიონის ზოგიერთ კონკურენტ კომპანიასთან შედარებით უფრო მცირეა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
22.09.2026.18:56
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების, მათი საერთაშორისო გამოცდილებით გაძლიერებისა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას ემსახურება.
მე-11 ნაკადის მონაწილეები არიან:
Azta, Joberos, MediMind, moonlight, Naoma AI Inc., Pugi, Sparrow Analytics, Subsig, Synqmonkeys, TaskRoom, Yena
პროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ ზრდის სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა.
12-კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც სტარტაპების განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადს აქვს შესაძლებლობა, ინტენსიური გადამზადება გაიაროს. პროგრამის მონაწილეები მუშაობენ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, იღებენ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, ემზადებიან ინვესტიციების მოსაზიდად და ამყარებენ კავშირებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. გვიხარია, რომ ვქმნით შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის და ხელს ვუწყობთ, რათა იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
500 Global in Eurasia-ს მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად პროგრამის მასშტაბი და დაგროვილი შედეგები აჩვენებს. საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. დემო დღე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი იდეები პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს გააცნონ.